The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი

კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი
Date of birth:27 November, 1867
Date of death:20 May, 1923  (at 55 years)
Burial location:უცნობია
Category:Founding member, Political Leader, Military Person

Biography

    კოტე აფხაზი დაიბადა 1867 წელს წელს სოფელ კარდენახში თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზისა და ნინო ჭავჭავაძის (ილია ჭავჭავაძის და) ოჯახში. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების, შერვაშიძეთა კახეთში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. მე–17 საუკუნის დამდეგს ოსმალეთის მიერ აფხაზეთის აკლებისა და სამეგრელოში დადიანების გაბატონების შემდეგ შერვაშიძეთა ამ შტოს იქ აღარ დაედგომებოდა. მეფე თეიმურაზ II უბოძა ვაჩნაძეთა ერთ-ერთი ამოწყვეტილი ოჯახის მამული კარდენახში. ადგილობრივი მოსახლეობა მათ აფხაზებად იხსენიებდნენ, საიდანაც შემდეგ წამოვიდა მათი გვარი.

     კოტე აფხაზმა 1885 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის სამხედრო აკადემიაში, რომელიც 1890 დაასრულა და ამავე წლიდან რუსეთის არმიაში მსახურობდა. მან გაიარა გზა არტილერიის გენერალ-მაიორობამდე, I მსოფლიო ომის წლებში საარტილერიო ბრიგადას სარდლობდა.

    1906-1913 წლებში კოტე აფხაზი არჩეული იყო თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად, იმავე ხანებში მისი უშუალო ხელმძღვანელობით კახეთში გაყვანილ იქნა რკინიგზა. 1913-1917 წლებში აფხაზი ასრულებდა ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლის (მარშლის) მოვალეობას.

      1911 წლიდან კოტე აფხაზი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.  იგი იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე და ივანე ჯავახიშვილთან და სხვა სახელოვან მოღვაწეებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში.

   1916 წლის იანვარში, სამხედრო მინისტრის განკარგულებით, კონსტანტინე აფხაზი სახელმწიფო თავდაცვის განსაკუთრებული კრების უფლებამოსილ თავმჯდომარედ და ამიერკავკასიის სათათბიროს კავკასიის რაიონის თავმჯდომარედ დაინიშნა (уполномоченный председатель особого собрания по обороне Государства и председателем Закавказского совещания Кавказского района).

   1916 წელს კონსტანტინე აფხაზი ხელმეორედ აირჩიეს ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლად, იმავე წლის ოქტომბერში კი – რუსეთის თავად-აზნაურთა კრებულიდან სახელმწიფო საბჭოს წევრად.

    1917 წლის ივნისში კოტე აფხაზი გახლდათ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და 1921-1923 წლებში ამ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.  იგი აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის სექტემბერში.

     1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ, რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს, კოტე აფხაზი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩია.

    1918 წლის 26 მაისამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის ფუნქციებს ასრულებდა ეროვნული საბჭო, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო კონსტანტინე აფხაზი. სწორედ ეროვნულმა საბჭომ, აღნიშნული წლის 26 მაისის ისტორიულ სხდომაზე, მიიღო სამართლებრივი ხასიათის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სხვა ცნობილ მოღვაწეთა ხელმოწერებთან ერთად ამ აქტს კოტე აფხაზის ხელმოწერაც ამშვენებს.

    1919-1921 წლებში კოტე აფხაზი იყო დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებული იქნა დამფუძნებელი კრების მიერ აღნიშნული წლის ივლისში. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან გიორგი კვინიტაძესთან, გიორგი მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ზემოხსენებული კანონის მიღების დროს საქართველოს რეგულარულ არმიაში უკვე ირიცხებოდა 50 ათასამდე მებრძოლი.

     საქართველოსთვის ავბედითი გამოდგა 1921 წლის 25 თებერვალი, როდესაც ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი აიღო, რასაც მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა აფხაზი იყო ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობისა. 1921 წლის დამდეგს იგი არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი, რომელიც საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის მზადებას. სამწუხაროდ, ღალატის შედეგად, საგანგებო კომისიამ შესძლო სამხედრო ცენტრის მიგნება.

    1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა წევრები. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

    სიკვდილის წინ მან ასე მიმართა ჯალათებს: "მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს".

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ვასილ ბებუთოვის ქუჩის N 46

Share: