The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი სარდიონის ძე ახვლედიანი

გიორგი სარდიონის ძე ახვლედიანი
Legal name:გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი
Date of birth:13 April, 1887
Date of death:7 June, 1973  (at 86 years)
Burial location:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი
Category:Linguist, Educator, Public Figure

Biography

    გიორგი ახვლედიანი დაიბადა 1887 წლის 13 აპრილს (ძვ.სტ.) ქუთაისის გუბერნიის სოფელ დერჩში.

    1908 წელს დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და 1910 წელს ხარკოვის უნივერსიტეტში  ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც საფუძვლიანი განათლება მიიღო, როგორც ინდოევროპულ ენათმეცნიერებაში, ისე კლასიკურ ფილოლოგიაში. შეისწავლა ძველი ინდური, ძველი სპარსული, ძველი გერმანული და სლავური ენები.

    1915 წელს მან ხარკოვის უნივერსიტეტის შდარებითი ინდოევროპული ენათმეცნიერების კათედრაზე ასპირანტურაში ჩააბარა და მალევე პეტროგრადის უნივერსიტეტში გააგზავნეს.

    დიდი ღვაწლი მიუძღვის გიორგი ახვლედიანს თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებამ“ მუშაობის გასააქტიურებლად შექმნა აკადემიური კომისია, რომელშიც შდიოდა პეტრე მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე და სხვა ღვაწლმოსილი მეცნიერები. სწორედ მათ შრუერთდა ხარკოვიდან ახლად დაბრუნებული გიორგი ახვლედიანი.

    1918 წლის 5 თებერვალს გიორგი ახვლედიანი თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წევრი გახდა და ამავე დროს სათავეში ჩაუდგა უნივერსიტეტის წიგნსაცავს . იგი უნივერსიტეტის პირველი პროფესორთაგანია, რომელიც მტკიცე საფუძველს უყრიდა მის მომავალს.

   1923 წლის 18 თებერვალს გიორგი ახვლედიანის ინიციატივით მოწვეულ იქნა ქართველ ენათმეცნიერთა და ფილოლოგთა დამფუძნებელი კრება, რომელმაც დაადგინა ,,ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების’’ დაარსება, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო. 1924-1933 წლებში ხელმძღვანელობდა პროფკავშირული ხაზით საქართველოს მეცნიერ-მუშაკთა სექციას.

    გიორგი ახვლედიანმა უნივერსიტეტში დაარსა და სათავეში ჩაუდგა ზოგადი ენათმეცნიერების კათედრას და  პირველი საუნივერსიტეტო კურსიც ამ დარგში მან წაიკითხა. მანვე შექმნა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო. 1918-1919 წლებში დაიბეჭდა ახალგაზრდა პროფესორის წიგნი ,,ენათმეცნიერების შესავალი’’.  ეს არის უნივერსიტეტის მიერ ქართულ ენაზე გამოცემული პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო.

     გიორგი ახვლედიანი უპირველესად ფონეტიკოსი გახლდათ. მან პირველმა წაიკითხა ფონეტიკის საუნივერსიტეტო კურსი , დააარსა ფონეტიკის ლაბორატორიები , შექმნა შრომები და სახელმძღვანელო ფონეტიკაში. მის სახელთან არის დაკავშირებული რთული ფონეტიკური სისტემის მქონე აფხაზური ენის ბგერათა კვლევა და კლასიფიკაცია , აგრეთვე ოსური ენის ფონეტიკის , დიალექტოლოგიისა და ტექსტოლოგიის შესწავლა . მისი რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის გრამატიკის ორტომეული .

    1932 წლიდან გიორგი ახვლედიანი  ექსპერიმენტული ფონეტიკის  საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახლდათ,  ხოლო 1940 წლიდან - ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების წევრი.

    1933 წელს გამოქვეყნდა გიორგი ახვლედიანის ,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი’’, რომელიც წარმოადგენს მისივე გამოუქვეყნებელი ვრცელი ლექსიკონის შემოკლებულ ვარიანტს. მან ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული მეცნიერული ტერმინოლოგიის დამუშავებას . მისი რედაქტორობით თუ მონაწილეობით გამოცემულია ბევრი სპეციალური დარგის: ლიტერატურის , ენათმეცნიერების , ფიზიკა-მათემატიკისა და სხვა ტერმინოლოგია.

    გიორგი ახვლედიანი, სხვა მოწინავე ქართველ მეცნიერებთან ერთად, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 1941 წელს შევიდა აკადემიის წევრთა პირველ შემადგენლობაში და სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები: აკადემიკოს-მდივნის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარის, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირეტორის და სხვა.  ივანე ჯავახიშვილის სიტყვით, ,,ტფილისის უნივერსიტეტში ენათმეცნიერების დარგის შექმნა სამი პირის: პროფესორ იოსებ ყიფშიძისა, პროფესორ აკაკი შანიძისა და პროფესორ გიორგი ახვლედიანის ღვაწლს შეადგენს. პირველი მათგანის, სამწუხაროდ, უდროო გარდაცვალების გამო უდიდესი ტვირთი ორს უკანასკნელს დააწვა.’’

    გიორგი ახვლედიანი გარდაიცვალა 1973 წლის 7 ივნისს და დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში.

Member of Organizations

  • ამერიკის ლინგვისტური საზოგადოება, საპატიო წევრი (1940-)
  • ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოება, საპატიო წევრი (1932-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1939-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)

Awards and Honors

  • 1967 - ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

Share: