The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სიმონ (სიკო) გიორგის ძე ახმეტელაშვილი

სიმონ (სიკო) გიორგის ძე ახმეტელაშვილი
Legal name:სვიმონ გიორგის ძე ახმეტელაშვილი
Date of birth:1879
Date of death:28 December, 1937  (at 58 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Politician, Repressed

Biography

    სვიმონ ახმეტელაშვილი დაიბადა 1879 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში, სამხედრო დეკანოზის ოჯახში. უმაღლესი განათლება დორპატის (ტარტუს) ვეტერინარიულ ინსტიტუტში მიიღო.

    1900 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო, ხოლო 1905 წლიდან მუშაობდა „მენშევიკურ“ ფრაქციაში.  შემდგომ წლებში მუშაობდა სიღნაღის მაზრაში ექიმ-ვეტერინარად და „კოლეჟსკი ასესორად“. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში და 1904 წელს ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მობილიზებული იყო არმიის ვეტერინარიულ ნაწილში.

   1917 წლიდან სვიმონ ახმეტელაშვილი ამიერკავკასიის ვეტერინარ ექიმთა საბჭოს წევრი იყო და 1919 წლამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერინარიულ-სანიტარიული განყოფილების გამგის თანაშემწედ მუშაობდა.

    1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და იყო აგრარული კომისიის წევრი, სახალხო ჯანმრთელობის კომისიის მდივანი.

    1921 წელს საქართველოს სამხედრო სამინისტროს ვეტერინარიული ნაწილის საგანგებო რწმუნებათა ჩინოვნიკად მუშაობდა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში.

    სიმონ ახმეტელაშვილი ოკუპაციის პირველივე დღეებში დააპატიმრეს და ძმასთან - გენერალ სტეფანე ახმეტელაშვილთან ერთად 6 თვით რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს. სტეფანე ახმეტელაშვილი ეტაპირებისას ტიფით გარდაიცვალა. სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ სიმონ ახმეტელაშვილი საქართველოში დაბრუნდა, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელ ანაგაში და ჩართული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

     1922 წლის 18 აგვისტოს სიმონ ახმეტელაშვილი მეორედ საკუთარ სახლში (ანაგაში) ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისა და ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით დააპატიმრეს. იგი მოათავსეს სიღნაღის ციხეში. ახმეტელაშვილს დაკითხვებზე თავი გამომწვევად ეჭირა და სოციალ-დემოკრატიულ შეხედულებებს არ უარყოფდა. მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, სიღნაღის მაზრის პოლიტბიურომ (საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის - ჩეკას რაიონული განყოფილება) 30 სექტემბერს თბილისში, საქართველოს ჩეკას განკარგულებაში გადაგზავნა, სადაც საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის პრეზიდიუმმა 1 ნოემბერს 6 თვით იზოლაციის წესით პატიმრობა მიუსაჯა და  მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“ მოათავსა.

    1922 წლის 16 დეკემბერს სიმონ ახმეტელაშვილი სხვა 52 პოლიტპატიმართან ერთად რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად ეტაპით მოსკოვში გადაგზავნეს. სსრკ შინსახკომის კომისიის 1923 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით კი 3 წლით არხანგელსკის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს.

    1926 წლის 15 იანვარს სსრკ გაერთიანებულ სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოსთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით 3 წლით აუკრძალეს სსრკ-ს შვიდ ოლქში ცხოვრება. 1928 წლის ბოლოს, სასჯელის ვადის ამოწურვისას, ითხოვა თბილისში დაბრუნების ნებართვა, თუმცა საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ უარყოფითად შეაფასა მისი საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა და 1929 წლის 6 თებერვალს ვადა კვლავ სამი წლით გაუხანგრძლივაცხოვრობდა ქალაქ ასტრახანში.

    1930 წლის 23 თებერვალს განსაკუთრებულმა სათათბირომ გადასახლებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლადაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში და ამიერკავკასიის რკინიგზის ვეტერინარიულ-სანიტარიული ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

    1937-38 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს სიმონ ახმეტელაშვილი ვეტერინარიულ სფეროში მოქმედი „კონტრრევოლუციური დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) 1937 წლის 28 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი იმავე ღამეს სისრულეში იქნა მოყვანილი.


Member of Organizations

  • ამიერკავკასიის ვეტერინარ ექიმთა საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1909-)

Share: