The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი

მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი
Date of birth:14 October, 1889
Date of death:2 April, 1968  (at 78 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Scientist, Educator, Public Figure, Philologist

Biography

   მიხეილ ზანდუკელი დაიბადა 1889 წელს დუშეთის მაზრის სოფელ არანისში. 1909 წელს დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია, სადაც 1904-1905 წლებში გიორგი ავალიანთან და პავლე დადვაძესთან ერთად კრებული „ღელვა“ გამოსცა.

   1909-1913 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა და აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს საქმიანობაში.

   1913 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას, რომელსაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მოახმარა და მუშაობა დაიწყო ყარსის რეალურ სასწავლებელში, ხოლო 1914 წლიდან  მოღვაწეობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში. სხვადასხვა დროს მასწავლებლობდა ვაჟთა პირველ გიმნაზიაში, პირველ საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლაში და გახლდათ პირველი სკოლის დირექტორი.

   1921-1922 წლებში მიხეილ ზანდუკელი საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის საშუალო და უმაღლესი სკოლების მთავარი სამმართველოს გამგე იყო, ხოლო 1921–1925 წლებში - განათლების კომისარიატთან არსებული სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს მდივანი. 1923–1928 წლებში კითხულობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს თბილისის პედაგოგიკურ ინსტიტუტში.

   მიხეილ ზანდუკელი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ყარსისა და თბილისის განყოფილებები წევრი და ჩაბმული იყო საზოგადოების მუშაობაში.

   1923 წელს მიხეილი, ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვიეს, რათა საპროფესოროდ მოემზადებინათ ქართული ლიტერატურის ისტორიაში. 1929 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება, ხოლო 1933 წლიდან, რამდენიმე წელი, უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებულ  ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის სექციას ხელმძღვანელობდა. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის პედაგოგიკურ ინსტიტუტში, ქუთაისისა და თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. იგი გახლდათ უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის პროფესორი.

   1941–1947 წლებში ზანდუკელი ორგანიზაცია „სამანის“ საქმიანობასთან დაკავშირებით იყო რეპრესირებული.

   მიხეილ ზანდუკელს დიდი დამსახურება მიუძღვის მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლისა და სისტემატიზაციის საქმეში. რამდენჯერმე გამოიცა მისი სამტომიანი ნაშრომი „ახალი ქართული ლიტერატურა“. მისი სხვა შრომებიდან აღსანიშნავია „რომანტიზმი ქართულ ლიტერატურაში“ და „თერგდალეულები და ხალხოსნები ქართულ ლიტერატურაში“.  მიხეილ ზანდუკელის  რედაქტორობით გამოიცა დანიელ ჭონქაძისა და გრიგოლ ორბელიანის თხზულებები. ფუნდამენტალური შრომები აქვს მიძღვნილი ვაჟა-ფშაველას, ილიასა და შიო არაგვისპირელის შემოქმედებას. იგი დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის მედლით და მინიჭებული აქვს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

   მიხეილ ზანდუკელი გარდაიცვალა 1968 წლის 2 აპრილს თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

   მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისში, ვერის უბანში. ერთ-ერთ ქუჩას.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყარსის განყოფილების გამგეობის წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1922)

Awards and Honors

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი

Bibliography

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოების გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 155

Share: