The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იაკობ სვიმონის ძე ზედგინიძე

იაკობ სვიმონის ძე ზედგინიძე
Legal name:იაკობ სვიმონის ძე ზედგენიძე
Date of birth:1859
Date of death:1943  (at 84 years)
Category:Educator

Biography

     იაკობ ზედგინიძე დაიბადა 1859 წელს ახალციხის მაზრის სოფელ ვალეში მღვდლის ოჯახში. მამა იმ დროისთვის საკმაოდ განათლებული კაცი ყოფილა და ყველანაირად ცდილობდა შვილებისთვისაც სათანადო განათლება მიეცა. იაკობმა 1874 წელს ახალციხის სამაზრო სასწავლებელი, ხოლო 1879 წელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი დაამთავრა და ახალგახსნილ სათავადაზნაურო სასწავლებელში დაიწყო მუშაობა, რომელიც მალევე გიმნაზიად გადაკეთდა. ამ სასწავლებელში ახალგაზრდა პედაგოგი 1880 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც კავკასიის სასწავლო ოლქის ხელმძღვანელობამ გადაიყვანა ქალაქ შუშაში სამოქალაქო სკოლის მასწავლებლად, სადაც იაკობმა 20 წელი იმოღვაწევა. 1899 წელს იგი გადაიყვანეს განჯაში ჯერ სამოქალაქო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ სახელოსნო სკოლაში. 1905 წლიდან იაკობ ზედგინიძე პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის მე–5 გიმნაზიაში, 1917 წელს კი დანიშნული იქნა თბილისი ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად.

    იაკობ ზედგინიძე დახელოვნებული პედაგოგი იყო. გარდა პრაქტიკული პედაგოგიური მუშაობისა, იაკობი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. აარსებდა ბიბლიოთეკა–სამკითხველოებს, დიდ დახმარებას უწევდა საზოგადოება "განათლებას", რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენში ქართული სკოლების გახსნას და დედაენაზე სწავლების შემოღებით ქართველი ბავშვებისათვის დახმარების გაწევას.

   1916 წელს იაკობ ზედგინიძის ინიციატივით დაარსდა პირველი ქართული საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარია, რომელიც თავის დროზე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დაწესებულება იყო და და ჰქმნიდა ახლაგაზრდა ქალების აღზრდის გარკვეული ეროვნული მიმართულებით წარმართვის შესაძლებლობას. სემინარიაში ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა და მისი მიზანი იყო ქართველი ქალების მასწავლებლებად მომზადება. ყველა საგანს ცნობილი პედაგოგები და საზოგადო მოღვაწეები ასწავლიდნენ: ქრისტინე შარაშიძე, ფატი ხუნდაძე, იპოლიტე ვართაგავა, სიმონ ყაუხჩიშვილი, ვლადიმერ ფუთურიძე, ილია ბაკურაძე და სხვები... 1918 წელს, როდესაც სემინარიამ გამოუშვა 25 ახალგაზრდა კურსდამთავრებული მასწავლებელი ქალი, საზეიმო აქტზე იაკობ ზედგინიძემ მათ ასეთი სიტყვებით მიმართა: "ძვირფასი კოლეგებო! დღევანდელ თქვენთვის ბედნიერ დღეს გილოცავთ სწავლის დამთავრებას. სემინარიამ მოგცათ თქვენ საშუალება მომზადებულიყავით მშობლიურ ნიადაგზე საზოგადო ასპარეზზე სამოღვაწეოდ. ახლა თქვენზეა დამოკიდებული რამდენად გაამართლებთ თქვენზე დამყარებულ იმედებს. თქვენ ხართ პირველი მერცხლები, რომლებიც სამშობლოს სხვადასხვა კუთხეს მოემსახურებით ახალი ოჯახის, ახალი სკოლის ასაშენებლად. ნუ შედრკებით და ნუ შეუშინდებით ნურაფერს. ხომ იცით, ქართველი ქალისთვის არ არის უცხო საზოგადო ასპარეზზე მოღვაწეობა."

     იაკობ ზედგინიძე გარდა პრაქტიკული სამასწავლებლო მოღვაწეობისა მეცნიერულ მუშაობასაც ეწეოდა. იგი ავტორია რამდენიმე სასკოლო და მეთოდური სახელმძღვანელოსი: "მეთოდური ქრესტომათია", "სასაუბრო სურათების ალბომით", "ახალი ქართული ანბანი", "ანბანის სწავლება "ახალი ანბანით" და სხვა.

    ყოველი ერის ცხოვრებაში კარგად შედგენილ ანბანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე–19 საუკუნესა და მე–20 საუკუნის პირველ მეოთხედში ბევრმა ავტორმა შეადგინა ქართული ანბანის სახელმძღვანელო. საკმარისია დავასახელოთ: პლატონ იოსელიანი, პეტრე უმიკაშვილი, რ. ისარლიშვილი, ვახტანგ თულაშვილი, ივანე კერესელიძე, ალექსანდრე ანთაძე, არისტო ქუთათელაძე, იაკობ ზედგინიძე და სხვ., რომ ნათელი წარმოდგენა მივიღოთ, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას აძლევდნენ ქართველი საზოგადოების მოწინავე ადამიანები კარგად შედგენილ ანბანს... მაგრამ იაკობ გოგებაშვილის გარდა ვერავინ შესძლო ყოველმხრივ გამართული ქართული ანბანის სახელმძღვანელოს შექმნა. დიდი ქართველი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის "დედა–ენა" იყო ის შესანიშნავი წიგნი, რომელზეც ათეული წლების მანძილზე ქართველი ბავშვების მთელი თაობები აღიზარდა!

    გარდა ქართული ანბანისა იაკობ ზედგინიძემ ვ. ჯაფარიძესთან ერთად შეადგინა "Методическая хрестоматия", რომელიც სკოლებში საკმაოდ კარგად იხმარებოდა, მაგრამ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს წიგნი იაკობ გოგებაშვილის "რუსკოე სლოვოს" წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნია.

    იაკობ ზედგინიძეს დიდი სამუშაო აქვს ჩატარებული ქართული წერის დედანის შემუშავების საქმეში. ამ საკითხს მან ბევრი წერილი მიუძღვნა და ბოლოს წიგნიც კი გამოაქვეყნა: "ქართული წერის მეთოდიკა". 1934 წელს გამოცემული ამ წიგნის მნიშვნელობა ავტორმა შემდეგნაირად განსაზღვრა: "რა გზით შეგვიძლია უზრუნველვყოთ ბავშვი შეითვისოს ლამაზი და უნაკლო ფორმის ასოები, თუ არა დედნის საშუალებით, რომელსაც ასრულებს ხელოვანი და კალიგრაფი".

     იაკობ ზედგინიძე იყო განათლების თავდაუზოგავი მუშაკი, რომელიც ყველა ღონეს ხმარობდა მომავალი თაობის აღზრდა სწორი მიმართულებით მიემართა.

    მხცოვანი და ღვაწლმოსილი პედაგოგი გარდაიცვალა 1943 წელს 84 წლის ასაკში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1895-1916)

Bibliography


Share: