The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი (მუხრანბატონი)

ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი
Legal name:ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი
Date of birth:7 December, 1812
Date of death:11 March, 1895  (at 82 years)
Burial location:მცხეთა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
Category:Public official, Royalty, Military Person

Biography

    ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი დაიბადა 1812 წლის 7 თებერვალს სოფელ მუხრანში. იგი გახლდათ ერეკლე II შვილთაშვილი, ყველაზე მსხვილი მემამულე თბილისის გუბერნიაში.

    სწავლა-განათლება მიიღო პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში შამილის წინააღმდეგ. ამ დროს იგი ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში ირიცხებოდა.

     1848 წელს დაინიშნა ერევნის პოლკის მეთაურად და 1851 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1853 წლიდან იყო კავკასიის გრენადერთა სარეზერვო დივიზიის მეთაური, გურიის რაზმის მეთაური 1854 წლიდან, ყირიმის 1853–1856 წლების ომის დროს სარდლობდა ე.წ. რიონის რაზმს, 1856 წლიდან დაინიშნა მე-18 ქვეითი რაზმის უფროსად, რუსეთ-თურქეთის ომების მონაწილე 1877-1878 წლებში. ებრძოდა სამეგრელოში შემოჭრილ ომერ-ფაშას ლაშქარს. 1858 წელს მიენიჭა გენერალ–ლეიტენანტის ჩინი. თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისათვის მუხრანბატონი დაჯილდოვდა წმ. გიორგის მესამე ხარისხის ორდენით.

    ივანე მუხრანბატონი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ–ერთი დამფუძნებელი, 1882–1885 წლებში საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, პირველი ქართული საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" წევრი.

    1881 წლიდან სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ არჩეული იქნა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა მეცხრე წინამძღოლად (მარშლად).

  ცნობილია მისი კონფლიქტი ილია ჭავჭავაძესთან, რომელიც ბატონყმობის გადავარდნის დროს ერთ–ერთ კრებაზე მოხდა: ილია გლეხთა მიწით განთავისუფლების მომხრე იყო, ივანე მუხრანბატონი კი უმიწოდ განთავისუფლებას უჭერდა მხარს. მისი სიტყვები "გლეხთათვის მამულის მიცემაზედ არავინ თანხმდება, გარდა ზოგიერთი კაცუნისაო", ილიამ პირად შეურაცხყოფად მიიღო და შეუტია – "დაასახელეთ ეს კაცუნებიო", რის შემდეგ მუხრანბატონმა ილიას ბოდიში მოუხადა.

    1876 წელს მუხრანბატონმა საფრანგეთიდან მოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები. დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო დაახლოებით 1 მლნ. 200 ათასი ლიტრი ტევადობის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპული წესით აყენებდა. 1882 წელს მუხრანბატონის ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო - სახელმწიფო გერბი, ხოლო 1889 წელს პარიზში გამართულ Exposition Universelle Internationale ოქროს მედალი დაიმსახურა. თავად მუხრანბატონს კი საფრანგეთის მმართველობამ უმაღლესი ჯილდო “Officier du mérite agricole” უბოძა. დღეს ივანე მუხრანბატონის კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის აღდენის ფართო პროექტს ახორციელებს სამეღვინეო კომპანია "შატო მუხრანი".

   ივანე მუხრანბატონი 1895 წლის 11 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა საკუთარ მამულში და დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ბაგრატიონთა სამეფოს სახლის საგვარეულო განსასვენებელში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარე (1882-1885)

Awards and Honors

  • წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენი

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ატამანის ქუჩა

Share: