The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კოწია ჩითანის ძე თავართქილაძე

კოწია ჩითანის ძე თავართქილაძე
Legal name:კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძე
Date of birth:December, 1861  (162 years)
Date of death:193?
Category:Publisher, Printer, Interpreter, Public Figure

Biography

   კონსტანტინე თავართქილაძე დაიბადა 1851 წელს გურიაში, სოფელ ბასილეთში გლეხის ოჯახში. წერა-კითხვა შინ დედამ დააწყებინა. ექვსი თვე სოფლის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი მეფე ალექსანდერე II მოკვლით (1881) გამოწვეული ამბების გამო და სარევოლუციო მოღვაწეთა გავლენით სწავლა ვეღარ გააგრძელა და თვითგანვითარებას მიჰყო ხელი, ხალხოსანთა პროგრამას გაეცნო, ხალხში აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა და პარალელურად საფართლო სავაჭროში მუშაობდა.

    1885 წელს კონსტანტინემ წიგნებით ვაჭრობა დაიწყო. 1886 წლიდან ხალხს საჯაროდ ებაასებოდა ხალხოსნური (ნაროდნიკულ) მოძრაობის შესახებ, რის გამოც, ქუთაისის გუბერნატორის განკარგულებით, სავაჭრო გაუჩხრიკეს, წიგნები წაართვეს, გაასამართლეს და 1887 წელს წიგნებით ვაჭრობა აუკრძალეს.

    1888 წელს გამოსცა თ. კიკვაძის „პატარა მოთხრობა“ და ვ. ჰიუგოს „ძმა - ძმის მტერი“. ამავე წელს სტამბისა და წიგნის მაღაზიის გაღება განიზრახა და როგორც მმართველობისთვის არაკეთილსაიმედოს, ნება არ მისცეს და ამიტომ ოზურგეთის დეპუტატ ალ. მიქელაიშვილთან შეამხანაგებით, მის სახელზე 1889 წელს ოზურგეთში წიგნის სავაჭრო, სტამბა და უფასო სამკითხველო გახსნა. ამავე წელს არჩეულ იქნა ოზურგეთის ქალთა სკოლის მზრუნველად. ამ პერიოდში თანამოაზრეებთან ერთად ოზურგეთში ქალთა სასკოლო შენობა ააშენა და იქვე სცენაც მოაწყო. შემდეგ დაიწყო ქართული წიგნების გამოცემა, დაბეჭდა "ჩანგი", "ვეფხისტყაოსანი", "თამარიანი" და ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები. 1891 წლიდან უკვე დამოუკიდებლად მუშაობდა. ამავე პერიოდში კოწია თავართქილაძემ თავის ძმასთან ერთად დაარსა „ძმები თავართქილაძეების გამომცემლობა“. 

    1892 წელს, სამეგრელოში, ვინმე აშორდიამ, მთავრობის შთაგონებით, მეგრული ანბანი შექმნა, რათა მეგრელები ქართველებისაგან გაეთიშა. თავართქილაძემ მის საწინააღმდეგოდ სენაკში პირველი ქართული სტამბა, წიგნთსაცავ-სამკითხველო და წიგნთსავაჭრო გახსნა. დაიწყო ქართულ წიგნების გამოცემა და საგანგებოდ დაქირავებული ცხენოსანი კაცით მთელი სამეგრელოს დაბა-სოფლებში ამრავლებდა, რამაც დიდი სამსახური გაუწია სამეგრელოში ქართული ენის აღორძინებასა და აშორდიას დამარცხებას.

    1895 წელს სტამბა და წიგნთსავაჭრო განყოფილება გახსნა ბათუმში, რომელიც 1902 წელს მთავრობის მითითებით მიატოვა, რადგან შემჩნეული იყო არალეგალური ლიტერატურის გავრცელებაში. მთავრობისგან დევნილმა, ბათუმის სტამბა თბილისში გადმოიტანა და საგამომცემლო მუშაობა უფრო გააძლიერა. დაბეჭდა მრავალი პოლიტიკური, სამეცნიერო, სიტყვა-კაზმული, დრამატული და სხვა დარგის წიგნები ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად. მათ შორის დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“, „თამარიანი“, „არსენას ლექსი, შეადგინა და გამოსცა დიდი სახალხო და კედლის კალენდრები. თავის გამოცემებთან ერთად, სხვათა გამოცემებსაც მრავლად ავრცელებდა ხალხში და გამომცემლებსაც ეხმარებოდა. პოლიტიკური შინაარსის ლიტერატურის ბეჭდვის გამო, მმართველობამ რამდენჯერმე წაართვა საბეჭდი ასოები, ბეჭდვის საქმის გამო გაასამართლეს კიდეც და ნახევარი წლით ციხეში ჩასვეს. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, მაგრამ თავის საქმეს მაინც არ ღალატობდა. მეტეხის ციხეში პატიმრებისა და მისი დაჟინებული მოთხოვნით გაიხსნა  მეტეხის ციხის სტამბა-წიგნთსაკაზმავი, ამასვე მოყვა სადურგლო, საზეინკლო, სამკერვალო და სხვადასხვა სახელოსნოების, სადაც 600-ზე მეტი ტუსაღი მუშაობდა, თავსაც ინახავდა და გარეთ ობლად დარჩენილ ოჯახსაც ეხმარებოდა.

    კოწია თავართქილაძე ციხიდან გამოსვლისთანავე გაათკეცებული ძალ-ღონით შეუდგა პოლიტიკური წიგნების გამოცემას. დაბეჭდა ეგნატე ნინოშვილის სრული თხზულებანი, ნოე ჟორდანიას რჩეული ნაწერები, კაუტსკის „ანტიური ქვეყანა იუდეველთა და ქრისტიანეთა“, ერკმანისა და შატრიანის „გლეხი კაცის ისტორია“. 1902 წლიდან წიგნების ბეჭდვა ბათუმშიც დაიწყო.

   1891 წელს ოზურგეთში მეეტლეთა ამხანაგობა დაარსა, რომელმაც მიმოსვლა გააადვილა და რომელიც 20 წელი ფუნქციონირებდა. 1895 წელს შექმნა  გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალი“ და ამ ამხანაგობას უკავშირდება გურიაში მეაბრეშუმეობის, მეფუტკრეობისა და ხილის წარმოების განვითარება.

   1896 წელს, თავართქილაძის თანამშრომლობით და უხვი შეწირულობით, გურიის სოფელ აკეთში დაარსდა უფასო წიგნსაცავ-სამკითხველო, რომელიც თბილისში გადმოსახლების შემდეგ თავისი მდიდარი წიგნთსაცავით ოზურგეთს შესწირა. კონსტანტინე თავართქილაძე, საქართველოში დაარსებულ თითქმის ყველა სამკითხველოს წიგნებით ეხმარებოდა.

    1906 წლიდან, თბილისში, მისი პასუხისმგებლობითა და რედაქტორობით გამოდიოდა სოციალ-დემოკრატიული გაზეთი „ლამპარი“. ბეჭდვითი საქმის გამო, თავართქილაძეს დიდი ბრძოლა მოუხდა რუსეთის მთავრობასთან და ცენზურასთან. საგამომცემლო საქმისთვის მანქანა-დანადგარები აუგსბურგიდან, პეტროგრადიდან, კიევიდან, მოსკოვიდან და პარიზიდან ჩამოჰქონდა.

   1900 წელს, პირველმა მოიწადინა საქართველოში ქაღალდის ქარხნის დაარსება, რაც მისგან დამოუკიდებლად ვერ განხორციელდა, თუმცა 1910 წელს კვლავ დაიწყო მოლაპარაკება, მაგრამ მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი, ხოლო 1925 წელს თავიდან გაახმოვანა და მოითხოვა: „გავმართოთ ბეჭდვითი საქმის პირველი გამოფენა, დავაარსოთ ამ დღესასწაულის საზეიმოთ ქაღალდის ქარხანა და ამითი დავაგვირგვინოთ ის დიდი საქმე – გონების ლამპარის წყარო – რომელსაც მწიგნობრობა ეწოდება.“

Member of Organizations

  • გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალი“, თავმჯდომარე (-1895)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1894-1911)

Bibliography


Share: