The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი (თავადი)

მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი
Date of birth:10 February, 1872
Date of death:28 September, 1954  (at 82 years)
Category:Mathematician, Educator, Physicist

Biography

    მიხეილ თაქთაქიშვილი დაიბადა 1872 წელს სოფელ ქვემო ხვითში (გორის რაიონი). მან საკმაოდ კარგი განათლება მიიღო ჯერ ოჯახში, შემდეგ კი 1883 წელს თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ჩაირიცხა, რომელიც წარმატებით დაამთავრა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიხეილმა სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1895 წელს ასევე წარმატებით დაამთავრა და იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა.

    საქართველოში დაბრუნებულმა მიხეილ თაქთაქიშვილმა პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო მოზრდილთა საკვირაო სკოლაში, სადაც ძირითადად მუშები და ხელოსნები სწავლობდნენ.

   1896 წლიდან მიხეილი ელიზავეტაპოლის (კიროვაბადი) ვაჟთა და ქალთა გიმნაზიაში მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც შვიდი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა თავის საქმეს. ამავე დროს იგი იყო განჯის მეტეოროლოგიური სადგურის გამგე და თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის კორესპონდენტი.

   1903 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი თბილისის კომერციულ სასწავლებელში მათემატიკის პედაგოგად მიიწვიეს. 1905 წელს ბაქოს კომერციული სასწავლებლის სამზრუნველო საბჭომ იგი სასწავლებლის ინსპექტორად აირჩია, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამ სასწავლებლის დირექტორად. იგი 11 წელი მოღვაწეობდა ბაქოში და მის სახელთანაა დაკავშირებული კომერციული სასწავლებლისთვის სპეციალური შენობის აშენება (დღევანდელი ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტი).

    ქართველთა რიცხვი ბაქოში დღითი–დღე იზრდებოდა, მაგრამ არ არსებობდა კულტურულ–საგანმანათლებლო მუშაობისთვის სათანადო კერა, რომელიც მათ გააერთიანებდა. ამისათვის ბაქოში დაარსდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფილიალი, რომლის გაძღოლას მხოლოდ სათანადო ავტორიტეტის მქონე პიროვნება თუ მოახერხებდა, ასეთი გახლდათ მიხეილ თაქთაქიშვილი. იგი აგრეთვე სათავეში ჩაუდგა და თავმჯდომარეობდა ბაქოს დრამატული წრის გამგეობასაც. ეს წრე "სომეხ–კაცთმოყვარე საზოგადოების სათეატრო შენობაში" ხშირად მართავდა ქართულ წარმოდგენებს, რაშიც უდიდესი შრომა მიუძღვის მიხეილ თაქთაქიშვილს. დიდია მისი ღვაწლი ბაქოს ქართული თეატრის განვითარების საქმეშიც, მან აყვავების გზაზე დააყენა ქართული თეატრი.

   მიხეილი "წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბაქოს გამგეობამ საპატიო წევრად აირჩია.

   ბაქოს საზოგადოებამ ღირსეულად დააფასა მისი, როგორც პედაგოგის, სასწავლებლის დირექტორისა და კულტურის მოღვაწის ღვაწლი და სკოლაში მისი სახელობის სტიპენდია დააარსეს.

   1916 წლიდან მიხეილ თქთაქიშვილი ქუთაისის კომერციული სასწავლებლის დირექტორად მიიწვიეს.

   1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი დაინიშნა განათლების სახალხო კომისარიატის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარ მმართველად და განაგებდა პროფესიული განათლების საქმეს. მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა სასოფლო–სამეურნეო და ინდუსტრიული ტექნიკუმები, სატყეო ტექნიკუმები ბორჯომსა და ყვარელში. მიხეილი მუშაობდა მთელ რიგ უმაღლეს სასწავლებლებში და დოცენტის ხარისხით კითხულობდა ლექციებს მათემატიკაში. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ლიტერატურაშიც, წერდა და თარგმნიდა მოთხრობებს, თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთებთან. მის კალამს ეკუთვნის ორი სახელმძღვანელო: "უმაღლესი მატემატიკის შესავალი" და " უმაღლესი მათემატიკის საფუძვლების დანაწილება და მეთოდური მითითებანი".

   1944 წელს მიხეილ თაქთაქიშვილს საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა და დაენიშნა პერსონალური პენსია.

    მიხეილ თაქთაქიშვილი გარდაიცვალა 1954 წლის 28 სექტემბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1909-1911)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების საპატიო წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების დამხმარე წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

Bibliography


Share: