Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ივანე ედიშერის ძე თიკანაძე![]()
Biographyივანე თიკანაძე დაიბადა 1867 წელს, ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში, ღარიბი აზნაურის ედიშერ თიკანაძისა და მარინე ქარციბაძის ოჯახში. მამა თავისი დროის კვალობაზე განათლებული და მჭერმეტყველი ადამიანი ყოფილა. ივანემ პირველდაწყებითი განათლება ოზურგეთის სამოქალაქო სკოლაში მიიღო და სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც 1888 წელს დაამთავრა. მწერლობა სტუდენტობის პერიოდიდან, 1891 წლიდან დაიწყო. ქართულად თარგმნა პროფესორ ბრანტის წიგნაკი „ლენტის მსგავსი ჭიები“, რომელიც 1891 წელსვე გამოსცა პეტროგრადის კავკასიელი სტუდენტების წრის საფასით. ამავე დროიდან, სამეცნიერო-სამკურნალო და სახალხო წერილებს ათავსებდა ქართულ, რუსულ და უცხოურ გამოცემებში. ივანე თიკანაძე უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა. სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ პეტროგრადის სამხედრო-სამკურნალო აკადემიაში, რომელიც 1894 წელს დაამთავრა. აკადემიის უკანასკნელ კურსზე მუშაობდა პროფესორ შიდლოვსკის საჰიგიენო ლაბორატორიაში, სადაც იკვლევდა ღომის ქიმიურ შემადგენლობასა და მის სასაზრდოო მნიშვნელობას. პეტროგრადში მოხსენებაც წაიკითხა „ჯანმრთელობის დამცველი საზოგადოების“ სხდომაზე. 1895 წლის პირველ ნახევარში მუშაობდა „გავანის“ სამშობიარო თავშესაფარში მასენის ხელმძღვანელობით. 1897 წელს დაიცვა დისერტაცია: “К вопросу о влиянии тиреодина на усвоении жиров пищи”, რომელიც 1899 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოიცა და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1907-1909 წლებში ივანე სამეცნიერო მიზნით გაგზავნილი იქნა პეტროგრადის სამხედრო-სამკურნალო აკადემიაში. 1911 წლიდან თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროს ორდინატორად მუშაობდა, შემდეგ კონსულტანტად და ბოლოს მთავარ ექიმად. იგი გახლდათ ქართული სამედიცინო ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი. ივანე საქართველოში მეანო-გინეკოლოგიის ფუძემდებელია და 1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სამეანო კათედრის პროფესორად და ამავე საგნის კლინიკის დირექტორად. ივანე თიკანაძე, როგორც საზოგადო მოღვაწე, 1916 წელს მონაწილეობას იღებდა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების დაარსებაში. მან დიდი ამაგი დასდო საქართველოში უმაღლესი სამეცნიერო სკოლის შექმნა-განმტკიცებას, ქართული სამეცნიერო-სამკურნალო ტერმინოლოგიის დამუშავებას, სპეციალისტ მეან-გინეკოლოგთა კადრების მომზადებას, სამედიცინო სამეცნიერო მუშაობის გაძლიერებას. თავის მოწაფეებს ასზე მეტი მეცნიერული შრომა შეასრულებინა და თავად, 70-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორია. პირველმა მოაწყო სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა და მას სიკვდილამდე განაგებდა, ათასობით ექიმს შეასწავლა მეანო-გინეკოლოგიის საფუძვლები, აღზარდა მრავალი მეან-გინეკოლოგი, პირველმა დააყენა მკვიდრ საფუძველზე დედათა და ბავშვთა დაცვის განყოფილება და სხვ. ივანე თიკანაძე გარდაიცვალა 1943 წლის 23 დეკემბერს. Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |