The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე დავითის ძე თორაძე

ალექსანდრე დავითის ძე თორაძე
Other name:"ის"  (Pseudonym)
Date of birth:15 August, 1885
Date of death:1935  (at 49 years)
Burial location:თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
Category:Critic, Educator, Publicist, Public Figure

Biography

   ალექსანდრე თორაძე დაიბადა 1885 წლის 15 აგვისტოს ლეჩხუმის მაზრის სოფელ ჭვიშში. პირველდაწყებითი განათლება სოფლის პირველდაწყებით სკოლაში მიიღო, სწავლა განაგრძო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში და უმაღლესი განათლების მისაღებად ჟენევაში გაემგზავრა.

   1910 წელს ჟენევის უნივერსიტეტში ჩააბარა და 1914 წელს ამ უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტი დაამთავრა - ფილოსოფიურ-სოციოლოგიური და ლიტერატურული. ჟენევაში დაუახლოვდა სინდიკალურ მოძრაობას და სტუდენტობის პერიოდშივე საზოგადოებრივ მუშაობაში ჩაება. მონაწილეობდა პრაქტიკულ-პოლიტიკურ საქმიანობაში, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის თავმჯდომარე.

     1912 წელს ალექსანდრე თორაძე ჟენევის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს თავმჯდომარე გახლდათ და როცა ჟენევის ქართულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოში ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილე აღნიშნეს, ღონისძიება მისი სიტყვით გამოსვლით დაიწყო.

     სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თორაძე ქუთაისის ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, ხოლო ვაჟთა მეორე გიმნაზიაში ფრანგულ ენას. ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში იგი  ლიტერატურის თემაზე ლექციებს კითხულობდა. მისი სამოღვაწეო თემა გახლდათ: ბელინსკი, ბესიკი, ილია ჭავჭავაძე, მარქსისტული სოციალიზმი და სხვა.

    1915 წლიდან თორაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების წევრი და ჩართული იყო საზოგადოების მუშაობაში.

     თბილისში გადმოსვლის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, განათლების მუშაკთა სახლს ხელმძღვანელობდა, ამიერკავკასიის უნივერსიტეტში მასწავლებლობდა, ხოლო 1930 წლიდან თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დოცენტად მუშაობდა.

   სამწერლო ასპარეზზე ალექსანდრე თორაძე 1906 წლიდან გამოვიდა. მისი პირველი წერილი - „რევოლუციური სინდიკალიზმი საფრანგეთში“ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა. ამის შემდეგ დაწერა: „სოციალ-დემოკრატია, სინდიკალიზმი და მარქსიზმი“ და „სოციალური მოტივი ილია ჭავჭავაძის პოეზიაში“.

   1912 წლიდან მუდმივად თანამშრომლობდა ქუთაისის გაზეთ „კოლხიდაში“, სადაც გამოქვეყნებული ჰქონდა: „რა არის კრიტიკა?“, „ეროვნება“, „ილიას და აკაკის შემოქმედება“, „აკაკის „გამზრდელი“ და „აკაკის „ნათელა“.

   1914 წლიდან ქუთაისის გაზეთ „სამშობლოში“  დაბეჭდა: „ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნების ევოლუცია“, „ჩვენი ქვეყანა“ და სხვა.

   1918 წელს ქუთაისში, ქუთაისის გუბერნიის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მეორე კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ალექსანდრე თორაძე თავმჯდომარეობდა.

   ალექსანდრე თორაძე  ცნობილი იყო, როგორც დინჯი, აუჩქარებელი, წმინდა ლიტერატურული ენით მოსაუბრე ენაწყლიანი ორატორი, გონებამახვილი და სიტყვამოსწრებული, საუკეთესო მეგობარი, გულწრფელი და ახალი თაობის დიდად მოყვარული... იგი ხშირად ამბობდა: „ჩვენ ქვეყანას სულ სხვა მომზადებისა და ენთუზიაზმის ადამიანი ესაჭიროება, რომელიც ფოლადივით უნდა გამოიჭედოსო“.

    თორაძის წერილების უმეტესობა პოლიტიკური და ეკონომიურ-სოციოლოგიური ხასიათის იყო. პუბლიკაციებს ხშირად ხელმოუწერავად აქვეყნება, ზოგჯერ ფსევდონიმით.

   ალექსანდრე თორაძე გარდაიცვალა 1935 წელს.

   ალექსანდრე თორაძე გახლდათ კომპოზიტორ დავით (გუგული) თორაძის მამა და ქართველი მუსიკოსისა და პიანისტის ლექსო თორაძის ბაბუა.

Member of Organizations

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)

Share: