The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე

ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე
Legal name:ალექსანდრე ივანეს ძე ნათიძე
Date of birth:1864
Date of death:1916  (at 52 years)
Category:Educator, Publicist

Biography

    ალექსანდრე ნათაძე დაიბადა 1864 წელს დუშეთის მაზრის სოფელ ალევში. 1879–1882 წლებში სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში, სადაც მასზე დიდი გავლენა იქონია ცნობილმა მასწავლებელმა არისტო ქუთათელაძემ. სემინარიის დამთავრების შემდეგ რამდენიმე ხანს სოფლად მასწავლებლობდა, ხოლო 1884 წლიდან 1904 წლამდე თბილისის ქართულ გიმნაზიაში მოღვაწეობდა. 1905 წლიდან ბათუმის გიმნაზიაში გადავიდა ქართული ენის მასწავლებლად, საიდანაც 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობისათვის მალევე დაითხოვეს. ალექსანდრე გარკვეული პერიოდის განმავლობაში უმუშევარი იყო და ბოლოს მასწავლებლობა დაიწყო ნუხის სამოქალაქო სასწავლებელში, სადაც თითქმის გარდაცვალებამდე მუშაობდა.

    ალექსანდრე ნათაზე პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებთან და აქვეყნებდა პედაგოგიური ხასიათის წერილებს. 1897 წელს მისი ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო "ბავშვის მოკეთე, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სკოლებში სახმარებლად". ამ წიგნის გამოსვლას მაშინდელი ქართული საზოგადოება უარყოფითად შეხვდა და მას დიდი გამოყენება არც ჰქონია. საქმე იმაშია, რომ ქართული წერა–კითხვის შესასწავლად ნორჩ თაობას უკვე დიდი ხანია ჰქონდა მეთოდურად და პედაგოგიურად ყოველმხრივ გამართული ისეთი სახელმძღვანელო, როგორიც გოგებაშვილის "დედა ენა" იყო. ავტორს გულწრფელად სურდა შეექმნა "დედა ენაზე" უკეთესი წიგნი, მაგრამ ეს მიზანი მიუწვდომელ ოცნებად დარჩა და ამის გამო ავტორს საკმაო საყვედურებიც შეხვდა. მეტი სამსახური გაუწია ალექსანდრე ნათაძემ ქართველ საზოგადოებას ორიგინალური და გადმოკეთებული პედაგოგიური წერილების გამოქვეყნებით. აღსანიშნავია ერნსტ ბემის "აღზრდა შვილისა", რომელიც საუცხოოდ იყო გადათარგმნილი და რომლის შესახებ ცნობილი პედაგოგი ივანე როსტომაშვილი წიგნის წინასიტყვაობაში წერდა: "ბემის შესანიშნავი წერილების ჩვენს ენაზე ასე მარტივად გადმოღებით ნათაძემ ძვირფასი განძი შესძინა საზოგადოდ ჩვენს მწერლობას და კერძოდ ჩვენს დედებს." ასევე აღსანიშნავია ალექსანდრე ნატაძის ორიგინალური წერილები ბავშვის მოვლის თაობაზე, რომლებიც გაზეთ "ცნობის ფურცელში" იბეჭდებოდა და შემდეგ ცალკე წიგნადაც გამოვიდა.

    ალექსანდრე ნათაძეს გულწრფელად უყვარდა თავისი საქმე, კარგად ჰქონდა შეგნებული საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობა მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში და თვითონაც მონაწილეობას ღებულობდა საყმაწვილო ჟურნალებში.

    ალექსანდრე ნათაძე გარდაიცვალა 1916 წლის სექტემბრის თვეში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1899-)

Bibliography


Share: