შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ლეო იასონის ძე ნათაძე![]()
ბიოგრაფიალევან (ლეო) ნათაძე დაიბადა 1880 წლის 16 ივნისს (ძვ. სტ.) გორის მაზრის სოფელ კასპში (სხვა ვერსიით - დუშეთის მაზრის სოფელ ალევში), ტფილისის მოქალაქის - „ხალხოსანი“ იასონ ივანეს ძე ნათაძის ოჯახში. მე-4 კლასამდე თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლობდა, ხოლო შემდეგ მე-8 კლასამდე თბილისის მესამე გიმნაზიაში. ლევან ნათაძემ სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში გააგრძელა. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და ამავე მიზეზის გამო უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს. მოგვიანებით პეტროგრადის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. 1902 წლიდან ლევან ნათაძე პარტიულ მუშაობაში ჩაერთო და გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. ავრცელებდა პროკლამაციებს, ორგანიზებას უწევდა გაფიცვებსა და მანიფესტაციებს, სხვადასხვა ფსევდონიმებით მარქსისტული პრესისათვის (თავდაპირველად ჟურნალ „კვალში“) პუბლიცისტურ, კრიტიკულ და სამეცნიერო-პოპულარულ წერილებს წერდა. 1902 წლის შემდეგ კიდევ სამჯერ იყო პოლიტიკური საბაბით დაპატიმრებული და ორჯერ - თბილისიდან გასახლებული. პარალელურად მუშაობდა მასწავლებლად. 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში. ლევან ნათაძე 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის დროებითმა მთავრობამ სამოსწავლო ოლქის კომისრად დანიშნა. ამავე პერიოდიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური ბეჭდვითი ორგანოების - გაზეთ „Борьба“-ს და „ერთობის“ რედაქტორი იყო. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ხოლო 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. ლევან ნათაძე გახლდათ განათლების კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო, სარეგლამენტო და ხელოვნების კომისიების წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ ლეო ანთაძე საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაერთო. 1922 წლის 3 თებერვალს, ლეო ნათაძე თბილისში ტიფით გარდაიცვალა და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი დასაფლავება დიდ ანტისაბჭოთა დემონსტრაციად იქცა. 1930-იან წლებში ქალაქის ხელისუფლებამ მის ოჯახს ნეშტის პანთეონიდან გადასვენება მოსთხოვა . ოჯახმა საფლავის კვალი მოშალა და ხელისუფლება დაარწმუნა, რომ მოთხოვნა შეასრულა. ლეო ნათაძის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყდა, შთამომავლებმა მამის საფლავიც ხელახლა აღადგინეს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |