The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1826
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 1890  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    დიმიტრი ბაქრაძე დაიბადა 1827 წლის 26 ოქტომბერს (ძვ.სტ.) სოფელ ხაშმში სასულიერო პირის ოჯახში. წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა. 1836 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში განაგრძო, რომელიც 1850 წელს წარმატებით დაამთავრა. მიუხედავად მშობლების დიდი სურვილისა სასულიერო სამსახური გაეგრძელებინა, დიმიტრიმ კატეგორიული უარი განაცხადა.

    1851 წელს სასწავლო ოლქის მზრუნველმა სემიონოვმა დიმიტრი გორის სამაზრო სასწავლებლის მასწავლებლად დანიშნა. იგი დიდი პასუხისმგებლობით შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას და მალე გორის ქართველი საზოგადოების განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურა. რამდენიმე წლის პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ იგი ტოვებს გორის სამაზრო სასწავლებელს და საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის შესწავლას ჰკიდებს ხელს.

   1858 წელს დიმიტრი ბაქრაძე გადავიდა ქუთაისში და გენერალ-გუბერნატორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში იმოგზაურა სვანეთში და ამ კუთხის ისტორიულ-არქეოლოგიური და სტატისტიკური აღწერილობა შეადგინა.

   1864 წელს დიმიტრი „ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების“ სკოლების ინსპექტორად მიიწვიეს.

   1873 წელს დიმიტრი ბაქრაძემ მოხსენებით მიმართა რუსეთის სამეცნიერო აკადემიას და მოითხოვა მეტი მზრუნველობით მოპყრობოდნენ საქართველოს ისტორიულ ძეგლებს, ხელნაწერებსა და სიგელ-გურჯებს, რომელთაც უყურადღებობისა და შემთხვევითი პირების მეოხებით განადგურება მოელოდა.

   1888 წელს იმოგზაურა კონსტანტინეპოლში და იქაურ არქივებში მუშაობდა იმ საბუთების შესასწავლად, რომლებიც სამხრეთ საქართველოს შეეხებოდა. მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს საეკლესიო მუზეუმი, რომელმაც მდიდარ მასალებს მოუყარა თავი და ამით ჩვენს მწერლობას უდიდესი სამსახური გაუწია.

   დიმიტრი ბაქრაძის კალამს ეკუთვნის ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი მეცნიერული შრომები, რომლებშიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული და სათანადოდ გადაჭრილი.

   თანამედროვენი დიმიტრი ბაქრაძეში ხედავდნენ გულწრფელ მამულიშვილსა და საქართველოს წარსულის კეთილსინდისიერ მკვლევარს. მოსე ჯანაშვილი წერდა: „ყველგან, სადაც კი მოღვაწეობდა დიმიტრი ბაქრაძე, საქმეს სიცოცხლის ელფერი ედებოდა, რა დაწესებულებაშიც უნდა შესულიყო, ყველგან შეჰქონდა სიცოცხლე, საქმიანობა, საეკლესიო მუზეუმის არსებობა ხომ მთლად მისი უნარია“.

   დიმიტრი ბაქრაძე ჩვენი კულტურის დაუღალავი მოამაგე იყო. მე-19 საუკუნის პროგრესულად მოაზროვნე ქართველ მოღვაწეებთან ერთად იგი სიკვდილამდე დაუღალავად ემსახურებოდა ჩვენს საზოგადოებას და საქართველოს ისტორიის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

   დიმიტრი ბაქრაძე გარდაიცვალა 1890 წლის 10 თებერვალს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

    ილია ჭავჭავაძე მის გარდაცვალებას გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე გამოეხმაურა: „მარტო იყო, უამხანაგო, უმწეო, მარტომ გადასწმინდა გამოცდილის ხელით მტვერი ძველ ხელთ-ნაწერებს, ეტრატებს, ძველის-ძველ გურჯებსა და სიგელებს და მკვდართა ამა მოწამეთა ხმა ამოაღებინა, აალაპარაკა მოსათხრობელი ძველისა...“

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: