The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძე

იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძე
ოფიციალური სახელი:იოსებ ზაალის ძე ბაქრაძე
სხვა სახელი:გ. თენაძე  (ფსევდონიმი)
გ. ციმაკურიძე  (ფსევდონიმი)
ი. ელაქიძე  (ფსევდონიმი)
ი. ოქრიაშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1850
გარდაცვ. თარიღი:14 მაისი, 1904  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, პეტრე-პავლეს სასაფლაო
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    იოსებ (სოსიკო) ბაქრაძე დაიბადა 1850 წლის 1 თებერვალს (ძვ. სტ.) სოფელ არბოში, მღვდლის ოჯახში. იგი მამით ადრე დაობლდა. დედას, მარიამ გვიმრაძეს, განათლებულსა და მწიგნობარ ქალს, რომელიც ცნობილი იყო, როგორც არაჩვეულებრივი მთხრობელი და მცოდნე ქართული ლიტერატურისა, მხარში ამოუდგა თავისი და, მწერალ ნიკო ლომოურის დედა. იოსები და ნიკო ერთად იზრდებოდნენ. იოსებმა პირველდაწყებითი განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში სწავლის პერიოდში იოსებ ბაქრაძე დაუახლოვდა თავის პედაგოგს, იაკობ გოგებაშვილს, რომელსაც შემოკრებილი ჰყავდა სემინარიის მოწინავე ახალგაზრდობა და გამოსცემდნენ ხელნაწერ ჟურნალს - "შრომა".

    1870 წლებიდან იოსებ ბაქრაძე სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა. პატრიოტული სულისკვეთების გამო, მეფის ცენზურა ხშირად კრძალავდა მის ლექსებს. იგი სისტემატურად აქვეყნებდა ლექსებს, თარგმანებსა და წერილებს ქართულ პრესაში - "დროებაში", "ივერიაში", "მოამბეში", "მნათობსა" და "კვალში".

    იოსებ ბაქრაძე იყო "ივერიის" უახლოესი თანამშრომელი და მონაწილე შეკრებებისა, სადაც ილია ჭავჭავაძე სარეცენზიოდ თავის ახალ თხზულებებს უკითხავდა მეგობრებს. იოსებ ბაქრაძე ქართველ ხალხოსნებთან ერთად იღწვოდა ქართული თეატრის რეპერტუარის გამდიდრებისათვის. მისი თარგმნილია ჯ. ბაირონის "ჩაილდ-ჰაროლდი"("ივერია" 1879 წ.), ვალტერ სკოტის "აივენგო", ვ. ალფიერის "ვირგინია", კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", ფ.შილერის "მარიამ სტიუარტი", "პაცის ჯალაბობა" და სხვა.  იოსებ ბაქრაძის მიერ ნათარგმნი პიესები, წლების მანძილზე ამშვენებდნენ ქართულ სცენას, ზოგი მათგანი კი დღესაც წარმატებით იდგმება. როდესაც " ქართველთა ამხანაგობამ" გადაწყვიტა ვ. პოტოს "საქართველო და მისი ისტორიული წარსული დრო"–ს ქართულ ენაზე გამოცემა, იაკობ გოგებაშვილმა სწორედ იოსებ ბაქრაძეს გაუწია რეკომენდაცია, როგორც ნიჭიერ ავტორს, ქართული და უცხო ენების ჩინებულ მცოდნეს. თარგმანი 1894 წელს ცალკე წიგნად დაიბეჭდა. მის კალამს ეკუთვნის ჰაინეს ლექსების თარგმანები.  სწორედ მისი თარგმნილია ჰაინეს ლექსი  „ტურფავ-ტურფავ“, რომელიც 1892 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა, მოგვიანებით კი სიმღერად იქცა და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. მრავალი რუსული თარგმანიდან იოსებს საუკეთესოდ მიხაილოვის მიუჩნევია და უთარგმნია კიდეც.  

     იოსებ ბაქრაძემ გ. სუნდუკიანთან ერთად თარგმნა მისი პიესები "პეპო" , "ხათაბალა", "კიდევ ერთი მსხვერპლი". იგი არის პირველი მთარგმნელი ოვანეს თუმანიანის თხზულებებისა. ბაქრაძის არა ერთი ორიგინალური თუ თარგმნილი ლექსი სიმღერებად იქცა. 

    იოსებ ბაქრაძის ქალიშვილის, ნინო ბაქრაძე-ბოცვაძის მოგონება: ''სულ პატარა ვიყავი, როცა ბარათაშვილის ნეშტი განჯიდან თბილისში გადმოასვენეს. ზღვა ხალხი აცილებდა კუბოს. მამამ მხრებზე შემისვა, რადგან ისე ვერაფერს ვხედავდი. ეკლესიის ეზოში ილია ჭავჭავაძე დავინახე, რომელსაც სახეზე ვცნობდი და ერთი ვიღაც მაღალი კაცი. როდესაც მივუახლოვდით და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მაღალი კაცი მომეფერა და  მამას ჩემზე ჰკითხა, ეს გოგონა ვინ არისო. -ჩემი შვილია, მიუგო მამამ... -მადლობა ღმერთს,სოსიკო,ძლივს დავინახე შენი ორიგინალი, რაღაც აღარ გვანებივრებ ბოლო ხანსო -ღიმილით თქვა მაღალმა კაცმა. მამასაც სიცილი აუტყდა. მე, რასაკვირველია, ვერ გავიგე ამ სიტყვების მნიშვნელობა. შინისკენ რომ მოვდიოდით, მამას შევეკითხე, ვინ იყო ის მაღალი კაცი ილიასთან ერთად-მეთქი. მამამ მითხრა, რომ ის აკაკი წერეთელი იყო. გვინ მივხვდი აკაკის სიტყვების აზრს. მამაჩემი პოეზიაში მეტწილად მთარგმნელობით მუშაობას ეწეოდა.''

        იოსებ ბაქრაძე ნაყოფიერად იღწვოდა საზოგადოებრივ ასპარეზზეც. 1879 წლიდან იგი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ჩართული იყო საგანმანათლებლო საქმიანობაში. მხატვრული ნაწარმოებების გარდა, აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებსა და ესეებს, რითაც ხელს უწყობდა თანამედროვე სალიტერატურო კრიტიკის განვითარებას. იგი ბევრს წერდა დრამატურგიაზე, არჩევდა თეატრის რეპერტუარს, მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. იოსებ  ბაქრაძე საქართველოს საუკეთესო შვილებთან ერთად, ზრუნავდა ქვეყანაში განათლებისა და კულტურის დონის ამაღლებისთვის. ცენზურის გამო იგი ხშირად ბეჭდავდა ფსევდონიმებით: "ი.ელაქიძე", "ი. ოქრიაშვილი", "გ.თენაძე", "გ.ციმაკურიძე".

     იოსებ ბაქრაძე გარდაიცვალა 1904 წლის 14 მაისს, თბილისში, 54 წლის ასაკში. დაკრძალულია პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: