The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე

ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე
Date of birth:1866
Date of death:27 May, 1923  (at 57 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Critic, Writer, Publicist, Public Figure

Biography

   ილია ნაკაშიძე დაიბადა 1866 წელს თბილისში პუბლიცისტ პეტრე ნაკაშიძისა და ბარბარე ონიკაშვილის ოჯახში, რომელიც 60-იანი წლების მოწინავე ქართველ საზოგადოებასთან იყო დაკავშირებული.

    ილია ნაკაშიძე სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც თანაკლასელ ნიკო მართან ერთად მოწაფეთა საგანგებო წრე ჩამოაყალიბა და დამოუკიდებლად სწავლობდა ქართულ ლიტერატურასა და ისტორიას.

   1886 წელს გიმნაზია დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად ოდესაში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ პოლიტიკურ შეხედულებათა გამო, მალე გარიცხეს და იძულებული გახდა პეტერბურგში გამგზავრებულიყო, სადაც უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტობის დროს გაიცნო და ცოლად შეირთო ნინო ანთაძე (ცნობილი საბავშვო მწერალი და ჟურნალ "ნაკადულის" დამაარსებელი და რედაქტორი ნინო ნაკაშიძე).

   1895 წელს ილიამ უნივერისტეტის კურსი დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და ინტენსიური თანამშრომლობა დაიწყო ქართულ და რუსულ პერიოდიკაში. თავისი აქტიური საზოგადოებრივი პოზიციის გამო იგი ახლო ურთიერთობაში იყო ლევ ტოლსტოისთან, კერძოდ რუსი დუხობორების უფლებათა დაცვის საკითხში.

    1897 წელს, პოლიტიკური შეხედულებების გამო, კავკასიიდან გადაასახლეს და ტოლსტოის დახმარებით მოსკოვში დასახლდა და რომელიც ყველანაირად ხელს უმართავდა მის ოჯახს. თავის მხრივ ნაკაშიძეც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა დიდ მწერალს. მაგალითად, იგი ყურადღებით მოეკიდა ლევ ტოლსტოის თხოვნას, დახმარება გაეწია „ჰაჯი-მურატისათვის“ მასალების მოძიებაში.

    1903 წელს ილია ნაკაშიძე მეუღლესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა და დიდი იმედით შეხვდა 1905 წლის რევოლუციას. იგი აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა მოძრაობაში, მაგრამ რევოლუციის დამარცხებამ და ქვეყანაში დაწყებულმა რეპრესიებმა სახელოვანი მამულიშვილი აიძულეს მიეტოვებინა მშობლიური კუთხე გურია და დაბრუნებულიყო თბილისში, სადაც პუბლიცისტური საქმიანობა გააჩაღა.

    ილია ნაკაშიძის წერილების თემატიკა მრავალფეროვანია, მაგრამ იგი უფრო ხშირად პედაგოგიკის, ბავშვთა-აღზრდის საკითხებს ეხებოდა. მისი კონცეფცია ემყარებოდა თავისუფალი აღზრდის თეორიას და ეწეოდა მის პროპაგანდას როგორც ქართულ, ისე რუსულ ჟურნალ-გაზეთებში.

    ილია ნაკაშიძე წლების მანძილზე თანამშრომლობდა ახლად გახსნილ ქართულ უნივერსიტეტში.

    1913 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი, ხოლო 1916 წლიდან კი ამ საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი.

   ილია ნაკაშიძეს ეკუთვნის არაერთი საინტერესო წერილი ქართველ, რუს და უცხოელ მწერალთა შემოქმედებაზე. განსაკუთრებით საგულისხმოა კრიტიკული წერილები ისეთ მოღვაწეებზე როგორებიც არიან ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, გრიგოლ აბაშიძე, ლევ ტოლსტოი, გი-დე მოპასანი და სხვები.

   ილია ნაკაშიძე გარდაიცვალა 1923 წლის 27 მაისს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობის წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1913-)

Share: