The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მათე ვასილის ძე ბახტაძე

მათე ვასილის ძე ბახტაძე
Legal name:მათე ვასილის ძე ბახთაძე
Date of birth:1864
Date of death:1934  (at 70 years)
Burial location:ხონი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზო
Category:Medical Doctor, Public Figure

Biography

    მათე ბახტაძე დაიბადა 1864 წელს დაბა ხონში, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მამამ ჯერ ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ საშუალება მისცა სწავლა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე გაეგრძელებინა, რომელიც 1889 წელს დაამთავრა და მშობლიურ ხონში დაბრუნდა.

    ამ პერიოდში ხონში სამედიცინო პრაქტიკას პოლიკარპე ჩხიკვიშვილი და კარლო თეოფანეს ძე ბერნო ეწეოდნენ. ისინი შესანიშნავი მკურნალები იყვნენ. მათე ბახტაძემ კოლეგებს შორის თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა და დიდი მონდომებით შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. მან ადვილად შეამჩნია, რომ დაბასა და სოფლებში უნუგეშო მდგომარეობა სუფევდა ბავშვთა მშობიარობაში. ეს დარგი ხელთ ეპყრათ ექიმბაშ ბებიაქალებს და მათი მკურნალობის შედეგად მსხვერპლიც განუზომელი იყო.

   1896 წელს მათე ბახტაძე პეტერბურგში გაემგზავრა და კვალიფიკაციის მისაღებად ჩააბარა "Императорский клинический повивательный институт ведомства учреждений Императрицы Марии", რომლის დირექტორი გახლდათ დიმიტრი ოსკარის ძე ოტტი.  მან გადაწყვიტა გინეკოლოგიაში დახელოვნებულიყო და ამ მიმართულებით საპატიო მისიას შედგომოდა.  იგი ბრწყინვალედ დაეუფლა გინეკოლოგიას და ერთი წლის შემდეგ ისევ ხონში დაბრუნდა მოვალეობის აღსასრულებლად. ექიმის სამოღვაწეო ასპარეზი მეტად ფართო იყო. მას სამსახური უნდა გაეწია არა მარტო ხონის, არამედ მახლობელი რაიონების სოფლებისთვისაც. ახალგაზრდა მკურნალს შეუპოვარი ბრძოლა დასჭირდა სიბნელისა და ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ და გზა გაუკაფა მეცნიერულ მკურნალობას. არაერთი მშობიარე გამოსტაცა სიკვდილს და ამით მოსახლეობაში ნდობა, რწმენა და ავტორიტეტი მოუპოვა მედიცინას.

   მათე ბახტაძე იყო მოწოდებით ექიმი, რომელიც არ უფრთხილდებოდა საკუთარ თავს და მუდამ მზად იყო ავადმყოფების დასახმარებლად. იგი მუდმივად ეცნობოდა ახალ სამედიცინო ლიტერატურას, პრესას, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებასა და ტექნიკურ განვითარებას. უფასოდ მკურნალობდა ღარიბსა და ხელმოკლე ადამიანებს. პროვიზორი დათიკო გლუშკოვი, მათე ექიმის ბარათით წამლებს უფასოდ აძლევდა უღარიბეს გლეხებსა და ქვრივ-ობლებს.

   მათე ბახტაძე არამარტო თავისი პროფესიით ემსახურებოდა ხალხს, არამედ მოწოდებული იყო საზოგადოებრივი ღვაწლისთვისაც. იგი დაუღალავად იბრძოდა თავისი რაიონის ეკონომიური და კულტურული დაწინაურებისთვის. იგი ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ ხონის ყველა საზოგადოებრივ და სასარგებლო თაოსნობისა.

   მათე ბახტაძე იყო  დაბა ხონის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრი, ურთიერთდამხმარე საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე. იმდენად დიდი იყო მოსახლეობაში ექიმის ავტორიტეტი, ზნეობრივი ღირსება და პატიოსნება, რომ ამ თანამდებობაზე იგი ერთხმად აირჩიეს. მათე ბახტაძე ჭარბ თანხებს უნაწილებდა ისეთ საქვეყნო წამოწყებებს, როგორიც იყო სახალხო თეატრი, ერთკლასიანი უფასო სასწავლებელი, საჯარო ბიბლიოთეკა, „წერა-კითხვის გამარვრცელებელი  საზოგადოება“, ღარიბ სტუდენტებზე და მოსწავლეებზე სტიპენდიების გაცემა. 1914 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით დასრულდა ბანკის შენობის მშენებლობა.

   მათე ბახტაძე ხალისით ატარებდა უფასო ლექციებს საკვირაო სკოლაში სამედიცინო თემებზე და ხელს უწყობდა სამედიცინო განათლების მოსახლეობაში გავრცელებას. როგორც დრამატული საზოგადოების წევრი, იგი ხელს უწყობდა საზაფხულო თეატრალური სეზონის წარმატებას და ეხმარებოდა საკრედიტო საზოგადოებიდან სუბსიდიებით. ქალაქის ბაღში ზაფხულობით ხშირად იმართებოდა საქველმოქმედო ღონისძიებები. აქაც მისი ავტორიტეტი ახალგაზრდობაში დიდ როლს თამაშობდა.

   მათე ბახტაძეს, ყველა ამ წამოწყებაში, მხარში ედგა და ამხნევებდა მისი ცხოვრების თანამგზავრი, ხონის ქალთა მესვეური და განმანათლებელი ეკატერინე ვარჟოვა-ბახტაძისა. მათი ოჯახი ხონის ინტელიგენციის შეკრებისა და გართობის სასიამოვნო კერა იყო. ცოლ-ქმარს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მწერლებთან, მსახიობებთან და განსაკუთრებით დიდ მგოსან აკაკისთან.

   1915 წელს მათე ბახტაძე ხონის კოოპერატიული სავაჭრო საზოგადოების - „იმედის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი იყო.

   1922 წელს მათე ბახტაძე ხონის მშრომელთა აღმასრულებელმა კომიტეტმა, რაიონის საავადმყოფოს გამგედ დანიშნა. ამ საპატიო საქმეს მან დიდი ენთუზიაზმით მოკიდა ხელი. საავადმყოფოს მიუშენა ოთახები, შეიძინა ინვენტარი და მოაწესრიგა მეურნეობა. 1930 წელს საავადმყოფოში ჩამოაყალიბა განყოფილებები, რომელთა ხელმძღვანელად კვალიფიციური სპეციალისტები მიიწვია.

   მათე ბახტაძე ბოლო ხანებში დედათა და ბავშვთა საკონსულტაციო კაბინეტს განაგებდა და ამავე დროს აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი ჰიგიენას ასწავლიდა ხონის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიაში და სამოქალაქო სასწავლებელში.

   მათე ბახტაძე გახლდათ დახვეწილი და გამორჩეული ინტელიგენტი. მან თავისი 45 წლის საოფლად საექიმო მოღვაწეობის განმავლობაში დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა თავის კოლეგებსა და რაც მთავარია რაიონის მოსახლეობაში და დამსახურებულად დაიმკვიდრა დიდებული მკურნალისა და ღირსეული მოქალაქის სახელი.

   მათე ბახტაძე გარდაიცვალა 1934 წელს და დაკრძალულია ხონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მეუღლესთან ერთად.

Member of Organizations

  • კოოპერატიული სავაჭრო საზოგადოება „იმედი“, ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი (1915-)
  • ურთიერთდამხმარე საკრედიტო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ხაზინადარი (1911-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

Share: