The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნინო იოსების ასული ნაკაშიძე

ნინო იოსების ასული ნაკაშიძე
Legal name:ნინო ანთაძე
Date of birth:13 January, 1872
Date of death:2 July, 1963  (at 91 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Publicist

Biography

     ნინო იოსების ასული ანთაძე დაიბადა სოფელ ბახვში (ოზურგეთის რაიონი). პირველდაწყებითი განათლება ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, ხოლო 1892 წელს სწავლა გააგრძელა  თბილისის საბებიო ინსტიტუტში.

    1894 წელს ნინო ცოლად გაჰყვა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესა და პუბლიცისტს ილია ნაკაშიძეს, გადავიდა მეუღლის გვარზე და გარკვეული პერიოდის მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა. 

    1902 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა, მისი დებიუტი შედგა ჟურნალ „კვალში“, სადაც დაიბეჭდა ლექსი – „იმედი“.

    1904 წელს მარიამ დემურიამ და ნინო ნაკაშიძემ სავშვო ჟურნალის "ნაკადულის" გამოცემა ითავეს. ჟურნალმა გაამართლა მოწინავე ქართველი საზოგადოების მოლოდინი და იქცა ქართველი ბავშვების ცოდნისა და განათლების წყაროდ. სწორედ აქ მუშაობისას დაინტერესდა ნინო ნაკაშიძე საყმაწვილო ლიტერატურით და პირველი ნაბიჯებიც აქვე გადადგა.

     ნინო ნაკაშიძე აქტიურად იღწვოდა საზოგადოებრივ სარბიელზე. იგი მონაწილეობდა 1905–1907 წლების რევოლუციაში. 1906 წელს ნინო ზედმეტი აქტიურობისთვის რამდენიმე თვით დააპატიმრეს, ხოლო 1908 წელს ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს.

   1909 წლიდან ნინო ნაკაშიძე იყო „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი. იგი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. სწორედ ქშწკგ საზოგადოებამ  1914 წელს საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბაში დაბეჭდა მისი „ზარაბიბილის ხელმწიფის ქალი“. მან დიდი ამაგი დასდო ქართული საბავშვო მწერლობისა და ჟურნალისტიკის განვითარებას, დააარსა საბავშვო ჟურნალი „ნაკადული“ და 18 წლის განმავლობაში, 1910–1928 წლებში რედაქტორობდა ამ ჟურნალს.

    ნინო ნაკაშიძე პირადად იცნობდა ლევ ტოლსტოის და იზიარებდა მის პედაგოგიურ შეხედულებებს. ახალგაზრდა თაობის აღზრდის მახინჯ სისტემას თავის შემოქმედებაში ის წინ აღუდგა მოთხრობით „საწყალი ლევანი“.

    ღვაწლმოსილი ქალბატონი  ქართული საბავშვო თეატრის ერთ–ერთი დამაარსებელიცაა, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას და დიდხანს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექციას.

    1946 წელს დაიბეჭდა ნინო ნაკაშიძის მოგონებები: „ლევ ტოლსტოის ახლოს“, „ილია ჭავჭავაძის გარშემო“ და „ჟურნალ ნაკადულის ირგვლივ“. იგი იყო მრავალი პიესის ავტორი.

    იგი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და სხვადასხა მედლებით.

    ნინო ნაკაშიძე გარდაიცვალა 1963 წელს თბილისში და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Member of Organizations

  • საქართველოს სოციალისტ–ფედერალისტთა პარტია, წევრი (1919-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Awards and Honors

  • "საპატიო ნიშნის" ორდენი

Share: