The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე თეიმურაზის ძე ნანეიშვილი

ალექსანდრე თეიმურაზის ძე ნანეიშვილი
Date of birth:1857
Date of death:25 August, 1904  (at 47 years)
Category:Educator

Biography

     ალექსანდრე ნანეიშვილი დაიბადა 1857 წელს სოფელ ორპირში. საშუალო განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში, საიდანაც იძულებული გახდა კურსის დაუმთავრებლად სამშობლოში დაბრუნებულიყო. იგი აქტიურად ჩაება პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მუშაობაში და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი.

    1878 წელს მოწინავე ქართველმა ინტელიგენციამ მწვავედ დააყენა საკითხი თურქეთის ბატონობისაგან გამოხსნილ აჭარაში ქართული სიტყვისა და ქართული კულტურის აღდგენის შესახებ. პირველ რიგში, საჭირო იყო სკოლების გახსნა, ამიტომაც გასაგებია ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც ახლად დაარსებულმა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გამოიჩინა აჭარაში ქართული სკოლის გახსნისადმი. აჭარელი ახალგაზრდობისათვის სკოლის საკითხის გადაწყვეტას საზოგადოების გამგეობა პრაქტიკულად 1880 წლიდან შეუდგა. ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ცხვედაძისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა დაუღალავი შრომის შედეგად ბათუმში ქართული სკოლის გახსნა გადაწყდა და ამ სკოლის მასწავლებლად სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის ყოფილი სტუდენტი ალექსანდრე ნანეიშვილი მიიწვიეს. ბიუროკრატიული საკითხების გაჭიანურების გამო სკოლის გახსნა გვიანდებოდა. როგორც „ივერია“ იტყობინებოდა „ბათუმის სკოლა გამართა საზოგადოების მმართველობამ 23 მარტს 1881 წლისა“.

    24 წლის ალექსანდრე ნანეიშვილს ბათუმის სკოლაში ყველა საგნის სწავლება უხდებოდა, კერძოდ, იგი ასწავლიდა ქართულ ენას, არითმეტიკას, საღვთო სჯულს და სუფთა წერას. ამ თანამდებობაზე მან წელიწადნახევარი იმუშავა და 1882 წლიდან ბათუმის ქართული სკოლიდან განთავისუფლდა.

    ალექსანდრე ნანეიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ ხალხოსანთა ჟურნალ „იმედში“, აგრეთვე „ივერიაში“, „დროებაში“, „მოამბეში“, „ნოვოე ობოზრენიაში“ და სხვ. იგი აქტიურად ეხმაურებოდა მრავალ საჭირბოროტო პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიურ საკითხს. 1884 წელს სხვა ქართველ ხალხოსნებთან ერთად ალექსანდრე ნანეიშვილი ციმბირში, სემიპალატინსკში გადაასახლეს, საიდანაც 1887 წელს სამშობლოში დაბრუნდა და პუბლიცისტურ-ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო. მის კალამს  პოლიტიკურ და ეკონომიურ საჭირბოროტო საკითხზე დაწერილი მრავალი წერილი ეკუთვნის. მათ შორის მნიშვნელოვანია წერილები ქართული ენისა და სწავლა-განათლების შესახებ, რომლებშიც იგი ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის შეხედულებებს ავითარებდა. ალექსანდრე ნანეიშვილი რეალური განათლების მომხრე იყო და სკოლებში მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის საჭიროებას, ქალთა სწავლა-განათლების აუცილებლობას, საბუნებისმეტყველო დისციპლინების შემოღებას და სამრევლო სკოლებშიც საერო განათლების გაძლიერებას მოითხოვდა. იგი წინააღმდეგი იყო, რომ გიმნაზიებში ახალგაზრდა ყმაწვილებს ლათინურისა და ბერძნული ენის სწავლებით თავს უბრუებენ და „საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება რომ ლათინურსა და ბერძნულ ენებზე უფრო გამოსადეგია ადამიანის გრძნობა-გონების სავარჯიშოდ, საწვრთნელად, ამაში ეჭვი არ არის.“ („ივერია“, 1889 წ., N 158).

     თავის წერილებში მან მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო მასწავლებელთა, კერძოდ სოფლის მასწავლებელთა მძიმე მატერიალურ მდგომარეობას და მისი სავსებით რეალური სურათი დაგვიხატა. მასწავლებელთა აუტანელი უფლებრივ-მატერიალური მდგომარეობა ყოველთვის იყო ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ზრუნვის საგანი და არც ალექსანდრე იყო გამონაკლისი.

   მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ალექსანდრე ნანეიშვილი გარდაიცვალა 1904 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

Bibliography


Share: