The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი

ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი
Date of birth:December, 1852
Date of death:18 June, 1930  (at 77 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Scientist, Writer, Educator

Biography

    ანტონ ნატროშვილი დაიბადა 1852 წელს სოფელ მაჩხაანში (ქიზიყი) მღვდლის ოჯახში. ანტონის მამა სწავლა–განათლების დიდი პატივისმცემელი ყოფილა და თავის ყველა შვილს განათლება მიაღებია. რვა წლის ანტონი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც წარმატებით დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ცხვედაძე.

    თბილისის სასულიერო სემინარია ანტონ ნატროშვილმა პირველი მოსწავლე სტუდენტის ხარისხით დაასრულა და სემინარიის მასწავლებელთა კორპორაციისაგან არჩეული იქნა ყაზანის სასულიერო აკადემიაში სახელმწიფო ხარჯით გასაგზავნად. 1877 წელს, 23 წლის ანტონმა სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით დაამთავრა და ითხოვა პედაგოგობა თბილისის სემინარიაში, მაგრამ, როგორც „ბუნტში“ შემჩნეულს, უარი უთხრეს და გაამწესეს სამარის სასულიერო სემინარიაში ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად. პარალელურად პედაგოგიკასვე ასწავლიდა ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში.

    1884 წელს ანტონ ნატროშვილი გადმოიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში არითმეტიკისა და გეოგრაფიის პედაგოგად, ხოლო ერთი წლის შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში ინიშნება იმავე საგნების მასწავლებლად. თბილისის სასულიერო სასწავლებელში მან 34 წელი იღვაწა. პარალელურად სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ გიმნაზიაში, მე-2 კომერციულ სასწავლებელში, ხელმძღვანელობდა საეკლესიო–სამრევლო სკოლების მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებს.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სასულიერო სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ ანტონ ნატროშვილი სასწავლებლის ზედამხედველად აირჩია. ანტონისათვის ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რომ სასულიერო სასწავლებელი თანამედროვეებისათვის დიდ საჭიროებას აღარ წარმოადგენდა და ამიტომ მან შუამდგომლობა აღძრა სასწავლებლის გიმნაზიად გადაკეთების შესახებ. 1918 წელს სასულიერო სასწავლებელი სასულიერო სემინარიას შეუერთდა და მე–8 სასულიერო გიმნაზიად გადაკეთდა. ახლად დაარსებული გიმნაზიის მოსწავლე ახალგაზრდობამ "პატრონად" ანტონ ნატროშვილი მოინდომა და შემდეგი თხოვნით მიმართა საკათალიკოსო საბჭოს: "ჩვენ გვინდა გამოცდილი, დამსახურებული და ყველგან პატივისცემით მიღებული, ჩვენზედ დაუღალავად მზრუნველი, რომლის კალთის ქვეშ აღვიზარდენით და გონებით განვითარდით... ეს კეთილი და ბრწყინვალე ჭაღარით მოსილი ადამიანი არის ბ–ნი ნატროშვილი, იგი უნდა იყოს ჩვენ პატრონად, დირექტორად". ახალგაზრდა თაობის ეს გულწრფელი განცხადება დაკმაყოფილებული იქნა და ანტონ ნატროშვილისთვის, როგორც აღმზრდელისა და პედაგოგის შესანიშნავი დახასიათებაა.

    1919 წლიდან ანტონი თავის მშობლიურ ქიზიყში დაბრუნდა. თანასოფლელებმა დიდი ნდობა გამოუცხადეს და მოსამართლედ აირჩიეს.

    1923 წლიდან ანტონ ნატროშვილს შესაძლებლობა მიეცა კვლავ თავის საყვარელ საქმიანობას დაბრუნებოდა და ჯერ ქვემო მაჩხაანის შვიდწლედში მასწავლებლობდა, შემდეგ სოფელ ყანდაურის შრომის სკოლის გამგედ დაინიშნა, სადაც დაჰყო 1927 წლამდე, ვიდრე ჯანმრთელობა არ შეერყა.

    ანტონ ნატროშვილი პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად საზოგადოებრივ ასპარეზზეც ნაყოფიერად მოღვაწეობდა. იგი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების", ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების,  სვეტიცხოვლის სარესტავრაციო კომიტეტისა და ბევრი სხვა საზოგადოების წევრი. თანამშრომლობდა გაზეთებში "Кавказ" და "Кавказское обозрение".

    ანტონ ნატროშვილისა და დიმიტრი მაჩხანელის თაოსნობით ქიზიყში დაარსდა მატყლის საწყობი, ქვემო მაჩხაანში გაიმართა "დეპო" და სავაჭრო შემნახველ–გამსაღებელი "კასსა". მრავალი საჭირბოროტი საკითხა წამოჭრა და განახორციელა ანტონმა მშობლიური კუთხის საკეთილდღეოდ.

    ანტონ ნატროშვილი დიდად დაინტერესებული იყო საქართველოს წარსულით და მისი მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლით. მან საფუძვლიანად შეისწავლა მცხეთისა და სვეტიცხოვლის ტაძრის ისტორია და 1901 წელს ისტორიულ–არქეოლოგიური ხასიათის მონოგრაფია "მცხეთა და მისი ტაძარი სვეტი–ცხოველი" გამოაქვეყნა, რომელიც პირველი სერიოზული კვლევაა ამ საკითხში. ნაშრომს დღესაც არ დაუკარგავს თავისი სამეცნიერო მნიშვნელობა. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის რეალიზაციით შეგროვილი თანხა მცხეთის ტაძრის რესტავრაციისთვის იყო განკუთვნილი.

    ანტონ ნატროშვილის კალამს ეკუთვნის "კრებული არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედების წარმოების მასალა", რომელიც 1893 წელს დაიბეჭდა და სახელმძღვანელოდ იყო მიღებული სასულიერო სკოლებისა და სამოქალაქო პირველდაწყებითი სასწავლებლებისათვის. ავტორის მიზანი იყო დახმარებოდა აღნიშნულ სასწავლებლებს მშობლიურ ენაზე მიეღოთ შესაბამისი განათლება. ანტონის მთავარ საზრუნავ საგანს სახალხო განათლების საქმე წარმოადგენდა და ამ დიდ საქმეს ის პრაქტიკული და ლიტერატურული მოღვაწეობით ემსახურებოდა. სახალხო სკოლების გაჯანსაღების საქმეს მიუძღვნა მან თავისი ბროშურა: "Обучение на родном языке и его культурное народное значение". იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქალთა განათლებას და თვლიდა, რომ სახალხო სკოლებში დედაენაზე სწავლებასთან ერთად აუცილებელი იყო რუსული ენის შესწავლა.

     განახლებულმა ცხოვრებამ შრომის სკოლებს ახალი მოთხოვნილებები წამოუყენა და სკოლებს დაევალა შესწავლა და გაცნობა იმ მხარისა, სადაც მათ უხდებოდათ მუშაობა. სკოლის ამ ახალ მოთხოვნებს გამოეხმაურა ანტონ ნატროშვილი და შეადგინა "მხარეთმცოდნეობა, კახეთის ოლქი, ძირითადი ფიზიკო–გეოგრაფიული ცნობარი და დედა–მიწის ზოგადი მიმოხილვა", რომელიც მე–2 და მე–3 საფეხურის შრომის სკოლების სახელმძღვანელოდ იყო განკუთვნილი.

    ანტომ ნატროშვილის ნამოწაფართა შორის მრავალი სახელოვანი ადამიანი იყო: პოეტი გიორგი ლეონიძე, ინჟინერი გრიგოლ ქურდიანი, პროფესორი გრიგოლ მუხაძე და სხვები.

     ღვაწლმოსილი პედაგოგი გარდაიცვალა 1930 წლის 18 აპრილს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: