The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე

ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე
Legal name:ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე
Date of birth:9 October, 1843
Date of death:5 April, 1928  (at 84 years)
Burial location:მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Critic, Politician, Publicist

Biography

     ნიკო ნიკოლაძე დაიბადა 1843 წლის 9 ოქტომბერს (ძვ. სტ. 27 სექტემბერი)  ქუთაისში. მამა, იაკობ ნიკოლაძე, იმ დროს ცნობილი მეწარმე და ვაჭარი იყო. იაკობს ქუთაისში არაერთი წარმოება ჰქონდა და ფოთის პორტით ხშირად შემოჰქონდა სხვადასხვა დანადგარები უცხოეთიდან.
      მე-19 საუკუნემდე საქართველოში ვაჭრობა ფრიად სათაკილო საქმედ ითვლებოდა. ქართველები თაკილობდნენ და ამ საქმით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული. ნიკო ნიკოლაძე იგონებდა: “ბაბუაჩემი პირველი ქართველი ყოფილა, რომლსაც ეს საქმიანობა დაუწყია იმერეთში, იქნება საქართველოშიაც. მანამდე ქართველები ამას თაკილობდნენ და ამით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული… ".
    ნიკო ნიკოლაძემ 1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და იმავე წელს, 16 წლის ჭაბუკმა  "ქუთაისელი მეჭორის" ფსევდონიმით თავისი პირველი წერილი გამოაქვეყნა ჟურნალ "ცისკარში". 1861 წელს პეტერბურგში გაემგზავრა და უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლა ხანმოკლე გამოდგა. სტუდენტთა დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ნიკო ნიკოლაძე დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს, ხოლო ციხიდან განთავისუფლების შემდეგ პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს, მაგრამ მეამბოხე სულის ადამიანს ვერაფერი აშინებდა. 1862 წელს ჟურნალ "ისკრაში"  გამოაქვეყნა მხატვრული ნარკვევი "პეტერბურგის მხარეზე", რომელშიც აღწერილია იმდროინდელ სტუდენტთა ცხოვრება.
     1862 წელს ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა ჟურნალ "ცისკრის" ფურცლებზე ძველ და ახალ თაობას შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლისთანავე ნიკომ მიზნად დაისახა არსებული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლა და მშრომელთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ბრძოლა.

     ნიკო ნიკოლაძე მალე კვლავ პეტერბურგში ბრუნდება და გაზეთ "ნაროდნოე ბოგატსტვოს" რედაქტორად იწყებს მუშაობას. 1864 წელს ჟურნალ "სოვრემენიკში" გამოქვეყნდა მისი ნარკვევი "პროვინციული სურათები". ამავე წელს იგი  სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ მიემართება და სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. ნიკო ნიკოლაძე პარიზიდან თანამშრომლობდა გაზეთ "სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში",  გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა "კოლოკოლში", რომელშიც დაბეჭდა სტატიები: "გლეხთა განთავისუფლება საქართველოში", "ჩვენი მომავალი ვექილები", "თბილისიდან", "ივლისის დღეები თბილისში", "საქართველოდან"...

     ნიკო ნიკოლაძემ ლონდონში პ. ლაფარგის მეშვეობით გაიცნო კარლ მარქსი, რომელსაც მისთვის კავკასიაში  I ინტერნაციონალის წარმომადგენლობა შეუთავაზებია, მაგრამ ევროპაში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდას სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიუჩნევია.

     1866 წელს ნიკოლაძემ ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნი "მთავრობა და ახალი თაობა". 1868 წელს  ჟენევაში ლ. მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალ "სოვრემენნოსტი", რომელშიც დაიბეჭდა ნიკოლაძის ცნობილი სტატიები: "რუსული ემიგრაცია", "ორი თაობა", "ევროპის ცხოვრება", "ნაროდნოე დელო", "რევოლუციონერის როლი".  ამავე წელს მ. ელპიდინთან ერთად გამოსცა ნ. ჩერნიშევსკის თხზულების პირველი ტომი და რომანი "რა ვაკეთოთ?!", რომელთა შესავალი წერილები თავად ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის.

    1868 წელს ნიკო ნიკოლაძემ დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე "განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები", რომელიც ჟენევაში ფრანგულ ენაზე ცალკე წიგნად გამოვიდა და რისთვისაც მას ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იგი იყო პირველი ქართველი, რომელმაც დისერტაცია უცხო ენაზე დაიცვა.
     1870 წლის იანვარში ნიკო ნიკოლაძე ქუთაისში დაბრუნდა, ხოლო მარტში უკვე თბილისში გადმოვიდა გაზეთ "დროების" თანამშრომლად.

    1871 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ "კრებულს", რომელშიც გამოაქვეყნა ბევრი საპროგრამო ხასიათის სტატია პოლიტიკურ და ლიტერატურის საკითხებზე. 1872 წელს პარიზში იმოგზაურა და თავისი შთაბეჭდილებები სათაურით – "სხვათა შორის" ჟურნალ "კრებულში" გამოაქვეყნა. 1873 წელს იგი კვლავ პარიზშია, ამჯერად ტყიბულის ქვანახშირის საქმეების მოსაგვარებლად.

    1873 წლის 1 აპრილიდან პარიზში დაიწყო ჰექტოგრაფიულად ნაბეჭდი გაზეთ "დროშის" გამოცემა და დაისტამბა 10 ნომერი. მაისში ნიკოლაძე უკვე სამშობლოში დაბრუნდა და დაიწყო დიდი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასა" და ჟურნალ "კრებულში", 1878 წლიდან გამოსცემდა გაზეთ "ობზორს", რომელიც 1880 წელს მთავრობამ დახურა და მისი რედაქტორი სტავროპოლში გადაასახლა.
    1881 წლის თებერვალში ნიკო ნიკოლაძე, მრავალგზის თხოვნის შემდეგ, გადასახლებიდან გაათავისუფლეს და ნება დართეს ეცხოვრა მხოლოდ პეტერბურგში. 1881 წელს იგი სტავროპოლიდან პეტერბურგში გადავიდა, სადაც თანამშრომლობდა ჟურნალ "ოტეჩესტვენნიე ზაპისკი"–ში და ფართო ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. პეტერბურგში ყოფნის დროს აქტიური მონაწილეობა მიიღო ნ. ჩერნიშევსკის განთავისუფლებაში. 1886 წლიდან მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1887-1891 წლებში თბილისში რედაქტორობდა გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეს" და ამავე დროს თანამშრომლობდა ჟურნალ "მოამბეში".

    ინდუსტრიული რევოლუცია, მარგანეცი, ქვანახშირი, ხე-ტყე, რკინიგზა, ექსპორტ-იმპორტი, საბანკო საქმე – ეს იყო ის თემები, რომელზეც წერდა და რომლისთვისაც იბრძოდა ნიკო ნიკოლაძე. პარიზში ყოფნისას როტშილდებს დაუახლოვდა. სათანადო ინსტანციებს დაუმტკიცა, რომ ბაქოს ნავთობის ექსპორტისათვის საუკეთესო იყო ბაქო-თბილისი-ბათუმის სარკინიგზო გზის გაყვანა. ელექტროფიკაციისათვის გამოიკვლია ენგურის ხეობა, უცხოელებიც ჩამოიყვანა, მაგრამ მათ ფულის ჩადება ვერ გარისკეს. სამხრეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ყველა დიდი პორტი მოიარა და მიზნად დაისახა, ჭაობიანი ფოთი ევროპულ ქალაქად ექცია. ელექტროფიკაციის იდეით შეპყრობილ ნიკოლაძეს მეგობრებმა ბაყაყის ფორმის ღამის ნათურა აჩუქეს.

    ნიკო ნიკოლაძე 1894-1912 წლებში არჩეული იყო ფოთის ქალაქის თავად და მთელი ოცი წლის განმავლობაში სათავეში ედგა ამ ქალაქს. უმოკლეს დროში მისი ხელმძღვანელობით ჭაობიანი პატარა ფოთი დიდი პერსპექტივების მქონე საპორტო ქალაქად გადაიქცა. წყალდიდობით შეწუხებულ ქალაქს ირგვლივ ჯებირი შემოავლო, სამი ხიდი ააშენა და მდინარე მალთაყვაზე სანაოსნო ბაჟი გააუქმა. ააგო ელექტროსადგური, გააბა სატელეფონო ქსელი, გახსნა სავაჭრო მოედანი, ააგო ბიზანტიური სტილის ტაძარი, დაამონტაჟა წყლის ამოსატუმბი მანქანები, მოკირწყლა ქუჩები და მოაწყო ცხენის რკინიგზა. ქალაქში ელექტრონით განათებული 12 ქუჩა გადიოდა, 18 წელიწადში ფოთი ევროპის ”საზღვაო ჭიშკრად” იქცა. თუმცა ფოთის მშენებლობას კინაღამ გადააყოლეს. დაადანაშაულეს, რომ პორტის სამშენებლო კომპანიისგან 350 ათასი ქრთამი აიღო და მერობიდანაც გადააყენეს. ნიკოლაძეს სასამართლო გაუმართეს და ჯარიმად 8 ათასი მანეთი დააკისრეს. ფოთელები დაეხმარნენ, ფულიც მოუგროვეს და მერის ხელფასიც შეუნარჩუნეს.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციას პეტერბურგში შეხვდა. 1917–1918 წლებში ნიკო ნიკოლაძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო 1919–1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

    1918 წლის 26 მაისს ნიკო ნიკოლაძემ ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1917 წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე.

    1918 წელს, როცა ბათუმი ჯერ ისევ ოსმალთა ხელში იყო, მოლაპარაკებაში ნიკო ნიკოლაძეც იღებდა მონაწილეობას.
1920 წლამდე იცხოვრა ნიკოლაძემ დემოკრატიულ საქართველოში. იცნობდა იმ დროის გამოჩენილ ქართველ, რუს და ევროპელ მოღვაწეებს. წერდა ქართულად, რუსულად, ფრანგულად და თანამშრომლობდა ქართულ, რუსულ და ევროპულ პრესასთან. ”იყო ყველაზე დიდი ქართველი და ამავე დროს ყველაზე დიდი ევროპელი”. იგი არა მხოლოდ მეურნისა და მრეწველის ნიჭით, სახელმწოფებრივი აზროვნებითაც გამოირჩეოდა.  

    1920 წელს ნიკოლაძე ლონდონში გაემგზავრა. მენშევიკებმა, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელაგაციის მეთაური, ახალი კონტაქტების დასამყარებლად გააგზავნეს. ლონდონში შეიტყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ამბავი და მაშინვე სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. 1924 წელს დაბრუნდა საქართველოში.

    ნიკო ნიკოლაძემ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. მანვე მოგვცა ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის მხატვრული შემოქმედების ღრმა ანალიზი.

     ნიკო ნიკოლაძე ყველას ანცვიფრებდა გაბედული გეგმებითა და პროექტებით, საინჟინრო-ეკონომიკური აზროვნების სიღრმითა და ორიგინალურობით. იგი არ ჩამოუვარდებოდა თავისი დროის დიდ მეცნიერებს და იყო ტექნიკური პროგრესის მამამთავარი საქართველოში. დედულეთში, დიდ ჯიხაიშში მოაწყო მეურნეობა, ეზო ბოტანიკურ ბაღად აქცია, გაახარა ულამაზესი და იშვიათი ჯიშის მცენარეები. მისმა ოჯახმა შეიძინა პირველი მაცივარი, სარეცხი მანქანა, კოდაკის ფოტოაპარატი...

    ნიკო ნიკოლაძემ დიდი ღვაწლი დასდო შავი ქვის და მადნების მოძიება-დამუშავებას, ფოთის ნავსადგურის აშენებას. მან მილიონერ ინჟინერ პალაშკოვთან ერთად 1867-1874 წლებში ააგო თბილისი-ფოთის რკინიგზა, რომელიც პირველი აღმოჩნდა ამიერკავკასიაში. ნიკო ნიკოლაძე ამისთვის დაჯილდოვდა ოქროს ჟეტონით, რომელიც უფლებას აძლევდა, უფასოდ ემოგზაურა რუსეთის ნებისმიერი რკინიგზით.

    1884-1886 წლებში ნიკო ნიკოლაძე აქტიურად მონაწილეობდა სურამის გვირაბის პროექტის დამუშავებასა და განხორციელებაში, რომლის დროსაც რკინაბეტონის დიდი სამუშაოები შესრულდა. მან მთავარი როლი შეასრულა თბილისის მუნიციპალურ მშენებლობაშიც. 1885-1893 წლებში ნიკო ნიკოლაძემ ააგო ავჭალის წყალსადენი, ხელი შეუწყო ცხენიანი ტრამვაის ("კონკის") ორგანიზაციას, აბანოების რეკონსტრუქციასა და სხვა უამრავ მამულიშვილურ საქმეს.

    "ორი საუკუნის ადამიანი" ნიკო ნიკოლაძე 1928 წლის 1 აპრილს 85 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა და დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. დაკრძალვისას თბილისის ყველა ეკლესიაში სამგლოვიარო ზარი რეკავდა.

    1948 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშში დაარსდა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარე (1915-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების მუდმივი წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-)

Bibliography


Share: