The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კირილე იესეს (ევსევის) ძე ნინიძე

კირილე იესეს (ევსევის) ძე ნინიძე
Date of birth:30 January, 1878
Date of death:14 September, 1937  (at 59 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Lawyer, Founding member, Lawyer, Educator, Politician, Repressed

Biography

    კირილე ნინიძე დაიბადა 1878 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და  სწავლა განაგრძო ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ამ პერიოდიდან იგი რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კირილე აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. იყო რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის ორგანიზაციების ხელმძღვანელი.

     1901 წლის 5 მაისს ქუთაისის თეატრში რუსეთიდან ჩამოსულმა დასმა დადგა ანტისემიტური სპექტაკლი "შვილნი ისრაელისა", რასაც ახალგაზრდობის პროტესტი მოჰყვა და სპექტაკლი ჩაიშალა. პოლიციამ დააკავა არეულობის მოთავეები, მათ შორის იყო კირილე ნინიძეც. 1905 წლიდან მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1903 და 1908 წლებში დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით და გადაასახლეს  სარატოვის მხარის ქალაქ ვოლსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.  

    1917 წელს კირილე ნინიძე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი და 1918 წლის განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. იყო აგრარული კომისიის თავმჯდომარე. 1921 წლის იანვარში იმ თერთმეტ წევრშია, რომლებიც გამოეყვნენ მმართველ უმრავლესობას, დააარსეს გაზეთი „ახალი სხივი” და ამიტომ „სხიველები” ეწოდათ.

    1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ "სხიველები" საქართველოში დარჩნენ და გააგრძელეს გაზეთის გამოცემა. 1921 წლის ივნისში ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ "სხიველები" კირილე ნინიძე, ნიკიფორე იმნაიშვილი და მუხრან ხოჭოლავა მათი კრიტიკული პოზიციის გამო მცირე ხნით დააკავა. 1922 წლის 15 თებერვალს ხაშურში საქართველოს ოკუპაციის წლისთავზე საპროტესტო დემონსტრაციის პრევენციისთვის მეორედ დააპატიმრეს და პატიმრობიდან 1 მაისს გაანთავისუფლეს . 1922 წლის ბოლოდან კირილე საქართველოს დამოუკიდებელ კომიტეტში "სხივის" წარმომადგენელი იყო და დამცველთა კომისიაში მუშაობდა. 1924 წლის მარტში სამღვდელო პირთა ჯგუფს და პატრიარქ ამბროსი ხელაიას იცავდა, რომელთაც საბჭოთა რეჟიმი ანტისაბჭოთა პროპაგანდასა და საეკლესიო განძეულობის გადამალვაში სდებდა ბრალს.

    1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს კირილე ნინიძე საქართველოს დამოუკიდებელ კომიტეტთან არსებული ცენტრალური სამხედრო კომისიის წევრი იყო. 1924 წელს იგი დააპატიმრეს, 1925 წლის ზაფხულში სასამართლომ გაამართლა და გაათავისუფლეს. 1928 წელს კვლავ დააპატიმრეს, ხოლო 1937 წლის 15 აპრილს თბილისში, „მენშევიკური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააკავეს.

    1937 წლის 13 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ კირილე ნინიძეს დახვრეტა მიუსაჯა და განაჩენი მეორე დღესვე, 14 სექტემბერს სისრულეში იქნა მოყვანილი.

       კირილე ნინიძე სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ რეაბილიტირებულია 1960 წლის 29 სექტემბერს.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხაშურის განყოფილების გამგეობის მდივანი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-1922)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის მდივანი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Share: