The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია ზაქარიას ძე ოდიშელიძე

ილია ზაქარიას ძე ოდიშელიძე
Legal name:ილია ზაალის ძე ოდიშელიძე
Date of birth:25 March, 1868
Date of death:1925  (at 56 years)
Category:Military Person

Biography

    ილია ოდიშელიძე დაიბადა 1865 წლის 25 მარტს საქართველოში.

    1885 წელს დაამთავრა კადეტთა კორპუსი და სწავლა მოსკოვში, ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელში გააგრძელა.

    1888 წელს 1-ლი ხარისხით დაამთავრა სასწავლებელი და პოდპორუჩიკის წოდებით 39-ე საარტილერიო ბრიგადაში გაიგზავნა. მალევე პორუჩიკის წოდება მიიღო.

    1891-1894 წლებში გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემიაში სწავლობდა, რომელიც 1-ლი თანრიგით დაამთავრა და კავკასიის სამხედრო ოლქში იქნა გამწესებული.

   1894 წელს ოდიშელიძეს შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა და ერთი წლის შემდეგ კავკასიის კაზაკთა მე-2 დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად დაინიშნა. 1896 წელს კაპიტნის წოდება მიენიჭა და იმავე წელს კავკასიის მსროლელთა მე-2 ბატალიონში ასმეთაური გახდა.

   1897 წელს ილია ოდიშელიძე ბალტიისპირეთში გადაიყვანეს. სხვადასხვა დროს ოდიშელიძე სხვადასხვა რეგიონებში მსახურობდა და მისი კარიერული ზრდაც შესაბამისად წინ მიდიოდა.

    1902 წელს ოდიშელიძე შორეულ აღმოსავლეთში გადაიყვანეს და  1904 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დაწყებისთანავე იგი აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-6 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამავე წელს წარჩინებული ბრძოლებისთვის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და მრავალი ორდენით დაჯილდოვდა.

   1909 წელს ილია ოდიშელიძე შუა აზიაში გდაიყვანეს,  თურქესტანის სამხედრო ოლქის სარდლის დავალებათა გენერლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ამ ოლქში მსახურობდა.

   1910 წელს ოდიშელიძეს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა და ავტომატურად ოლქის სარდლის დავალებათა გენერალი გახდა.

   1911 წელს სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორად ინიშნება.

   1914 წელს ოდიშელიძე თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი გახდა. ამავე წელს გენერალ-ლეიტენატის წოდება მიენიჭა და პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე გაიგზავნა  ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის შტაბის უფროსად, სადაც იგი 1917 წლამდე მსახურობდა.

   1917 წელს გენერალი ოდიშელიძე კავკასიის არმიის სარდლად დაინიშნა. ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ილია ოდიშელიძეს კავკასიის არმიის სარდლობა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნელ-ნელა რუსეთის იმპერიის არმიის დეზორგანიზაცია, დემორალიზაცია და დაშლა დაიწყო. ოდიშელიძე ცდილობდა კავკასიის არმიის დაშლა შეეჩერებინა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. კავკასიის ფრონტი იშლებოდა და ამას ვერაფერი შეაჩერებდა. ილია ოდიშელიძის მცდელობა, რომ ოსმალეთის არმიისათვის წინააღმდეგობა გაეწია და მისი წინსვლა შეეჩერებინა უშედეგო აღმოჩნდა. 1918 წლის ზამთარში კავკასიის არმიამ ფაქობრივად არსებობა შეწყვიტა. ამ დროისათვის ილია ოდიშელიძე ამიერკავკასიის კომისარიატის სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო.

   საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გენერალი ოდიშელიძე რესპუბლიკის სამსახურში ჩადგა და სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის სამხედრო ცხოვრებაში. მისი პირველი პოსტი სამხედრო მინისტრის მოადგილეობა იყო.  ამ პოსტზე მას დიდხანს არ უმუშავია, რადგან იმავე წელს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ცოტა ხანში ის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე გახდა და მალევე ინფანტერიის გენერალი ოდიშელიძე სამხედრო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

   გენერალი ოდიშელიძე, როგორც საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი, გაგზავნილი იქნა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე.

   1919 წელს, ივანე ჯავახიშვილთან ერთად წარადგინა დოკუმენტი, რომელშიც ისტორიული, ეთნოგრაფიული და სამხედრო-სტრატეგიული არგუმენტების გათვალისწინებით დადგენილი იყო საქართველოს ისტორიული საზღვრები. იმავე წელს, სხვებთან ერთად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებულ სამხედრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

   1919 წლის სექტემბერში, ვერის დაღმართზე მას საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა პირებთან ერთად ტერორისტული თავდასხმა მოუწყვეს, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა.

   1920 წელს ნოე ჟორდანიამ სამხედრო მინისტრის მოადგილედ დანიშნა და მალევე, ამავე წლის დეკემბერში, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა.

   1921 წლის თებერვალში ლორეს ნეიტრალურ ზონაში განთავსებულ საქართველოს ჯარს საბჭოთა რუსეთისა და სომხეთის შეიარაღებული ძალები დაესხა თავს. დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. ომის პირველ ეტაპზე ოდიშელიძემ რამდენიმე მძიმე შეცდომა დაუშვა. შედეგად, იგი გადაყენებულ იქნა და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა, ხოლო ოდიშელიძე მთავრობის თავმჯდომარის სამხედრო მრჩევლად დაინიშნა. გენერალი ოდიშელიძე იყო ერთადერთი, ვინც თბილისის ბრძოლის შემდეგ ქალაქის დატოვების შესახებ მთავარსარდლის გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა.

   1921 წლის მარტში ოდიშელიძემ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც 1925 წელს გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1899-)

Awards and Honors

  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი ხმლებით
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ხმლებით
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი ხმლებით
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბანტით
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბანტით
  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი.

Share: