The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ ზურაბის ძე ორბელიანი

გრიგოლ ზურაბის ძე ორბელიანი
Legal name:გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანი
Date of birth:14 October, 1804
Date of death:21 March, 1883  (at 78 years)
Burial location:ქაშვეთის ტაძარი, თბილისი
Category:Writer, Poet, Military Person

Biography

    გრიგოლ ორბელიანი დაიბადა 1804 წლის 14 ოქტომბერს. გრიგოლ ორბელიანისათვის წერა-კითხვა ანჩისხატის დეკანოზ დიმიტრი ალექსი-მესხიშვილს უსწავლებია, რომელიც თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი იყო. შემდეგ პატარა გრიგოლი მშობლებს მიუყვანიათ ახალი მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებამდე გრ. ორბელიანი გადასულა ახლად გახსნილ საარტილერიო სკოლაში. 1816 წელს მომავალი ოფიცერი 21-ე საარტილერიო ბრიგადაში იუნკრად ირიცხება, სადაც 1820 წლამდე დაჰყო. 1821 წელს ორბელიანმა პრაპორშჩიკის ჩინი მიიღო.

    1822 წელს ორბელიანმა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, 1826 წელს კიშამქორსა და განჯაში სპარსელებს ებრძოდა. 1826-29 წლებში ჩაბმული იყო რუსეთ-ირანის, შემდეგ კი რუსეთ-ოსმალეთის ომებში. 1829 წელს გრ. ორბელიანი ალექსანდრე ჭავჭავაძეს ახლდა კახეთში, რომელიც სამხედრო საზღვრების უფროსად იყო დანიშნული. მეორე წელს იგი მონაწილეობას იღებს გრაფ პასკევიჩის ექსპედიციაში და ჭარ-ბელაქნის ლეკებს აშოშმინებს. იმავე წელს მონაწილეობს გენერალ სტრეკალოვის მიერ ზაქათალის აღებაში. 

    1831 წელს გრიგოლ ორბელიანი რუსეთში მიემგზავრება, კერძოდ მოსკოვსა და პეტერბურგში. ამის შემდეგ იგი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ნოვგოროდში.

     1833 წლის მარტში გრ. ორბელიანი დააპატიმრეს და სასწრაფოდ თბილისში გააგზავნეს. პოეტს ბრალდებოდა კავშირი თავად-აზნაურთა იმ შეთქმულებასთან, რომელიც 1829 წლიდან მზადდებოდა საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების და, საერთოდ, ცარიზმის წინააღმდეგ. გრ. ორბელიანს აშკარა დანაშაული არ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს საქმის საბოლოო გამოძიების დამთავრებისთანავე. ავლაბრის ყაზარმებში სამი თვის პატიმრობის შემდეგ იგი, როგორც მეშვიდე კატეგორიის „მცირე“ დამნაშავე, „კავკასიის ხაზზე“ მოქმედ ჯარში იქნა გაგზავნილი. იქიდან გრ. ორბელიანი 1833 წლის მიწურულს გაამწესეს ნევის საზღვაო პოლკში, რომელიც დაბანაკებული იყო ბალტიისპირეთში, კერძოდ ვილნოში. დიდი ვაი-ვაგლახითა და გზაზე სხვადასხვა ხიფათის გამოვლით გრიგოლ ორბელიანმა როგორც იქნა პოლკს თავი დააღწია. 

    პოეტი მეტად განიცდიდა სამშობლოსთან განშორებას. სამშობლოში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1837 წელს მისცეს. 1838 წლის აგვისტოში ის შტაბს კაპიტნის ჩინით ხელმეორედ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში, რომელიც გორში იყო დაბანაკებული. ამიერიდან მომავალი გენერალი ფრთხილი და გარეგნულ პირობებს შეგუებული ოფიცერია.. 1841 წელს მონაწილეობა მიიღო პოლკოვნიკ არღუთინსკის მიერ გურიის გლეხთა აჯანყების ჩახშობაში.

    1842 წელს ორბელიანი დაღესტანში იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. მალე ის დააწინაურეს და ავარიის მმართველად დანიშნეს. 15 წელი იმსახურა ორბელიანმა დაღესტანში. ჯერ როგორც სხვადასხვა ოლქის მმართველმა და პოლკის უფროსმა, შემდეგ კი როგორც დაღესტნის ჯარის სარდალმა.  შამილი ორბელიანს თავის ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევდა.

    1857 წელს, გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, რუსეთმა მოახერხა შამილის რაზმების წინააღმდეგობის გატეხვა.  

1858 წელს მრავალი ორდენით დაჯილდოებული გრიგოლ ორბელიანი თბილისში კავკასიის მთავარმმართველ ბარიატინსკისთან გადმოჰყავთ და ერთი წლის შემდეგ მთავარმართებლის საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება. ამ პერიოდში იგი ცოტა ხნით პეტერბურგსაც ეწვია, სადაც თავის დაუძინებელ მტერს შამილს შეხვდა, რომელიც უკვე დატყვევებული იყო.

     ცხოვრების უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ორბელიანი თბილისში ცხოვრობდა. ამ პერიოდში იგი განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჩამოყალიბებაში, პოლიტექნიკური სკოლის დაარსებაში, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში. 70-იან წლებში ე.წ. „თაობათა ბრძოლაში“  ჩაება.

    1871 წელს მეფის ხელისუფლებამ  გრიგოლ ორბელიანის სამხედრო მოღვაწეობის  50 წლის იუბილე აღნიშნა. პოეტი ხელისუფლებამ რუსეთის იმპერიის ყველაზე დიდი ჯილდოთი, წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა. ის პოეტს პირადად იმპერატორმა გადასცა.

    გრიგოლ ორბელიანი გარდაიცვალა 1883 წლის 21 მარტს. მის დასაფლავებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა.

პოეტის ნეშტი ზარბაზნების გრიალში მიაბარეს მიწას, ქაშუეთის ტაძარში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1883)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ალექსანდრეს ბაღის წინ

Share: