The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



არაქელ გრიგოლის ძე ოქუაშვილი

არაქელ გრიგოლის ძე ოქუაშვილი
Legal name:არაქელ გრიგოლის ძე აკოევი
Other name:ა. დღიურაშვილი  (Pseudonym)
"პაპაშა"  (Changed name)
"სტალინის მასწავლებელი"  (Changed name)
ოსმანი  (Changed name)
Date of birth:1865
Date of death:27 June, 1937  (at 72 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Public official, Worker, Politician, Political Leader, Repressed

Biography

   არაქელ ოქუაშვილი დაიბადა 1865 წელს დუშეთი მაზრის  სოფელ მუხრანში, მეჭურჭლე გრიფოლ ოქუაშვილის ოჯახში. მისი წინაპრები სპარსეთიდან გამოქცეული, წარმოშობით სომები, ძირითად მეჭურჭლეები ყოფილა.

    არაქელ ოქუაშვილმა დაწყწბითი განათლება სოფლის მღვდლის კერძო სკოლაში მიიღო. ხელზე მოსამსახურედ მუშაობდა დუშეთში, ანანურსა და თბილისში.

   1880-იან წლებში თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში დაიწყო მუშაობა, სადაც აქტიურ მუშებს დაუახლოვდა და მათთან ერთად თვითგანვითარების წრე შეადგინა, რომელიც დაუკავშირდა "ნაროდნიკულ" (ხალხოსნურ) ორგანიზაციას. მონაწილეობდა მუშათა ხელნაწერი არალეგალური ჟურნალის გამოცემაში. წერდა ლექსებს. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში.

    1890-იან წლებში თანამოაზრეებთან ერთად პირველი სოციალ-დემოკრატიული მარქსისტული წრეების აქტიური წევრი გახდა და მალევე იქცა ერთ-ერთ ავტორიტეტულ ლიდერად მუშათა მოძრაობაში, მონაწილეობდა მუშათა საგაფიცვო მოძრაობაში.

   1901 წელს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი გახდა და მალევე თბილისის კომიტეტის გადაწყვეტილებით მუშათა საერთაშორისო სოლიდარობის დღის აღსანიშნავად პირველი ღია დემონსტრაცია მოაწყო, სადაც არაქელა ოქუაშვილმა პირველად აღმართა საჯაროდ წითელი დროშა. დემონსტრაცია პოლიციამ და ჟანდარმერიამ დაარბია და მოთავეები დააპატიმრა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ განაგრძო რევოლუციური საქმიანობა.

   1902 წელს ზაქარია ჩოდრიშვილის ბინაში დააპატიმრეს და 3 წლის ვადით გადაასახლეს ხარკოვის გუბერნიის ქალაქ ვალკაში.

  1904 წელს კვლავ გადაასახლეს.  გარკვეული პერიოდი მოსკოვში, ბუტირკის ციხეში იჯდა, შემდეგ კი ვოლოგდაში გადაიყვანეს, საიდანაც  1905 წელს დაბრუნდა თბილისში და ისევ რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ ბოლშევიკთა ფრაქციას მიემხრო და შეიარაღებული რაზმის წევრი, რომელიც თბილისში "სომეხ-თათართა შეტაკებების" განმუხტვას ცდილობდა. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, როდესაც ორგანიზაციები ისევ იატაკქვეშეთს დაუბრუნდნენ, ბოლშევიკური ორგანიზაციის დავალებით "ნადიროვკაში" (დღევანდელი ჩუღურეთის ნაწილი) მოაწყო იარაღის საიდუმლო საწყობი.  1908 წელს საიდუმლო საწყობის ადგილმდებარეობა ჟანდარმერიას შეატყობინეს და იგი, როგორც სახლის მესაკუთრე დააპატიმრეს. ტფილისის საოლქო სასამართლომ 8 წლით საკატორღო ციხეში პატიმრობა მიუსაჯა.

   1917 წელს სხვა პოლიტგადასახლებულებთან ერთად თბილისში დაბრუნდა და კვლავ  ბოლშევიკური პარტიის მუშაობაში ჩაება.

   1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბოლშევიკური იატაკქვეშეთის წევრობის გამო საქართველოს სპეცსამსახურებმა რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე თავდასხმისა და ომის განმავლობაში, სხვა ასობით ბოლშევიკთან ერთად დაპატიმრებული იყო თბილისის ციხეში, საიდანაც გადაიყვანეს ქუთაისის, ბოლოს კი ბათუმის ციხეში, ხოლო 16-17 მარტს, საქართველოს რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანმხების შემდეგ, როდესაც რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში გაემგზავრა, ოქუაშვილი სხვა პატიმარ ბოლშევიკებთან ერთად ბათუმის ციხიდან გაათავისუფლეს. და "ბათომის რევკომის" განკარგულებით ბათუმიდან ქემალისტური თურქეთის შეიარაღებული ძალების განდევნის პროცესებში მონაწილეობდა. 

   1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ სრული ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისის რკინიგზის დეპოში. 

    1926 წლიდან, საკავშირო კომპარტიაში დაწყებული განხეთქილების და "ოპოზიციური ბრძოლისას" არაქელა ოქუაშვილი თბილისში არსებული ტროცკისტული ორგნიზაციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამ პერიოდში იგი დააპატიმრეს, კომპარტიიდან გარიცხეს და რუსეთში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნებული ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, გზატკეცილების სამმართველოს ინსპექტორად. 

   1937 წლის 11 იანვარს შინსახკომმა არაქელა ოქუაშვილი დააპატიმრა. 1937 წლის 26 ივნისს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ "კონტრრევოლუციური საქმიანობის" ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა, რომელიც 27 ივნისს სისრულეში იქნა მოყვანილი.

Member of Organizations

  • პოლიტკატორღელთა და პოლიტგადასახლებულთა საკავშირო საზოგადოების საქართველოს სსრ ორგანიზაცია, გამგეობის წევრი
  • საქართველოს კომპარტიის საკონტროლო კომისია, წევრი
  • საქართველოს სსრ უმაღლესის სასამართლოს კოლეგია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:დიღომბარის ქუჩა, N7

Share: