The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ ივანეს ძე ოცხელი

იოსებ ივანეს ძე ოცხელი
Date of birth:28 September, 1865
Date of death:9 April, 1919  (at 53 years)
Burial location:ქუთაისი, "მწვანეყვავილას" პანთეონი
Category:Educator, Public Figure

Biography

      იოსებ ოცხელი დაიბადა 1865 წელს ქუთაისში. დაწყებითი განათლება ქუთაისის კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, ხოლო საშუალო განათლება ვაჟთა გიმნაზიაში, რომლის კურსი 1885 წელს დაასრულა. იმავე წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1889 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და სამოღვაწეოდ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. მიუხედავად პედაგოგიური მოწოდებისა, იგი იძულებული იყო სხვა დარგში ემუშავნა, რადგან "არაკეთილსაიმედობის გამო" კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა მას ამ მხრივ ყველა გზა დაუხშო. იგი იყო ქუთაისის გუბერნიის კანცელარიის მმართველი და თბილისის სახელმწიფო ბანკის თანამშრომელი, მაგრამ ვერცერთ ამ ჩინოვნიკურ თანამდებობას ვერ შეეგუა. სახელმწიფო სასწავლებელში რომ ვერ ეღირსა მასწავლებლის თანამდებობას, იგი ახლა კერძო სასწავლებლის დაარსების გზით შეეცადა პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებას. იოსებ ოცხელმა 1892 წელს ქუთაისში პირველი ქართული საჩვენებელი საბავშვო ბაღი დააარსა მოსამზადებელი კლასით, რომელსაც დიდი გულმოდგინებით ხელმძღვანელობდა.

    1900 წელს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოების" გამგეობამ თანამდებობიდან გაანთავისუფლა ქუთაისის ქართული სკოლის ინსპექტორი, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილო იყო და ამ თანამდებობაზე უკვე საკმაო პედაგოგიური გამოცდილების მქონე იოსებ ოცხელი დაამტკიცა. აქედან დაიწყო ოცხელის პრაქტიკული პედაგოგიურ-შემოქმედებითი საქმიანობა. მან განიზრახა ქართული სკოლის კერძო გიმნაზიად გადაკეთება და 1905 წელს ეს სურვილი განახორციელა კიდეც. ეს იყო ისტორიულად პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი იმ პერიოდის დასავლეთ საქართველოში.

   იოსებ ოცხელმა ქართული გიმნაზიის ირგვლივ შემოიკრიბა პროგრესულად განწყობილი ყველა გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და მათგან ახალი ქართული სკოლის შექმნის მაღალი საბრძოლო იდეებით აღჭურვილი და დარაზმული ერთიანი პედაგოგიური კოლექტივი შექმნა. იოსებ ოცხელი ოცი წელი (1900-1919 წწ.) ედგა სათავეში ქართულ გიმნაზიას და ამ ხნის განმავლობაში უჩვეულო ენერგიით ეწეოდა ახალგაზრდობის ახალ პრინციპებზე აღზრდას. იგი გრძნობდა, რომ დიდი სახალხო მნიშვნელობის საქმე ებარა და ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის მოვალეობას. იოსებ ოცხელი ავტორი იყო სახელმძღვანელოებისა: "ქართული ანბანი", "მნათობი" (ანბანის შემდგომ საკითხავი წიგნი), "გუთანი" (ოჯახსა და სკოლაში  საკითხავი წიგნი), "ქართული ქრესტომათია" საშუალო სასწავლებლის პირველი, მეორე და მესამე კლასებისათვის. როგორც მათემატიკის სპეციალისტმა თავის ძმასთან ს. ოცხელთან ერთად ალგებრის, გეომეტრიისა და ფიზიკის სახელმძღვანელოებიც შეადგინა. "გუთანი"  იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარის" ანალოგიით იყო შექმნილი და მასში მდიდარი სასწავლო მასალა იყო მოთავსებული. იაკობ გოგებაშვილი 1909 წელს წერდა: "ბუნების კარი" ბოლო წლებამდე  მოწყენით გახლდათ, რადგან მარტოობას გრძნობდა, ეხლა კი ამხანაგები გაუჩნდნენ და მოილხინა."  იოსებ ოცხელის ხელმძღვანელობით ქუთაისი გადაიქცა ქართული სახელმძღვანელოების შედგენა-გამოცემის დიდ ცენტრად საქართველოში. ამავე მიზნით მან წიგნების გამომცემელი საზოგადოებანი "განათლება" და "სკოლა" დააარსა, რომლებმაც დიდად შუწყვეს ხელი ქართული სახელმძღვანელო ლიტერატურის გამოცემა-გავრცელებას და საფუძველი ჩაუყარეს საშუალო სკოლისათვის ქართული სახელმძღვანელოების შექმნის დიდ საქმეს.

    იოსებ ოცხელმა დააარსა ჟურნალი "სკოლა და ოჯახი", იგი იყო ქართული ტერმინოლოგიის დადგენის მოამაგე და აქტიურად უდგა მხარში ქართული პედაგოგიკის პატრიარქს იაკობ გოგებაშვილს.

    იოსებ ოცხელი ქართული ენის სიწმინდის დაცვასა და მის ღრმად დაუფლებასთან ერთად ქართულ სკოლაში რუსულ ენასაც უდიდეს ყურადღებას აქცევდა. "მნათობის" წინასიტყვაობაში იგი წერდა: "ჩვენი სკოლა, სადაც მარტო ქართველი ყმაწვილები სწავლობენ, მოკლებულია რუსული ენის პრაქტიკას და საჭიროა ვეცადოთ, რომ რამდენადაც შეიძლება, ეს ნაკლი შევამციროთ".

    იოსებ ოცხელის საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოღვაწეობა მრავალფეროვანი იყო. თავისი მოღვაწეობის ყველა უბანზე იგი არა  ტრაფარეტის მოყვარული და მიმდევარი, არამედ მუდამ ორიგინალური, მაძიებელი და შემოქმედი მოღვაწე გახლდათ.

    იოსებ ოცხელი გარდაიცვალა 1919 წლის 9 აპრილს და დაკრძალულია ქუთაისში, "მწვანეყვავილას" პანთეონში. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქუთაისის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი (1912-)

Bibliography


Share: