The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თევდორე (თედო) პავლეს ძე რაზიკაშვილი

თევდორე (თედო) პავლეს ძე რაზიკაშვილი
Date of birth:13 November, 1869
Date of death:19 January, 1922  (at 52 years)
Category:Agronomist, Writer, Educator, Publicist

Biography

    თედო რაზიკაშვილი დაიბადა 1869 წელს სოფელ ჩარგალში. ფშავის იმ საამაყო ოჯახში, რომელმაც აღზარდა ბუმბერაზი ვაჟა–ფშაველა და ცნობილი პოეტი ბაჩანა. თედო ოჯახში მეხუთე ვაჟი იყო. პავლე რაზიკაშვილის ოჯახი უკიდურეს სიღარიბესა და გაჭირვებას განიცდიდა. თავად თედო, იგონებს რა თავის ბავშვობას, აღნიშნავს: “ამ ხანებში საშინლად ღარიბად ვცხოვრობდით, ტანზე ბევრი არა მეცვა რა. აბა ქალამნებს კი ვინ მაღირსებდა. ზაფხულში კი შიშველი ფეხით დავდიოდი ცხვარსა და ძროხებში”. მიუხედავად გაჭირვებისა და ხელმოკლეობისა, პავლე რაზიკაშვილი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ შვილები სწორ გზაზე დაეყენებინა და მათთვის ჯეროვანი სასკოლო განათლება მიეცა. ქართულ ანბანსა და წერა–კითხვაში კარგად გაწაფული ექვსი წლის თედო მამამ ჩარგალის დაწყებითი სკოლის პირველ განყოფილებაში მიაბარა, სადაც მისი მასწავლებელი უფროსი ძმა ნიკო (ბაჩანა) იყო. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ თედო გორის სამასწავლებლო სემინარიის მოსამზადებელ განყოფილებაში მიაბარეს. გორის საოსტატო სემინარიაში სწავლის დროს თედო აქტიურად ჩაება საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხულში. ამ დროს გორი წარმოადგენდა ხალხოსნური მოძრაობის ცენტრს, ამასთან აქ გაშლილი იყო ლიტერატურულ-თეატრალური საქმიანობა. თედო დაუმეგობრდა შემდგომში გამოჩენილ საბავშვო პოეტ შიო მღვიმელს (ქუჩუკაშვილს), აგრეთვე თავისსაყვარელ მასწავლებელს, ცნობილ ხალხოსან მწერალს ნიკო ლომოურს და მათი გავლენით თვითონაც ამ მოძრაობის ერთ–ერთი აქტიური წარმომადგენელი გახდა. 1889 წელს მან აღნიშნული სემინარიის სრული კურსი დაამთავრა და სოფლის სახალხო მასწავლებლის წოდება მიიღო.

    1890 წელს პროგრესული იდეებით გატაცებულ ახალგაზრდა მასწავლებელს "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" მასწავლებლად ნიშნავს სოფელ ხელთუბანში, სადაც იმ ხანებში დაწყებითი სკოლა გაიხსნა. თედოც დიდი მონდომებითა და საქმის სიყვარულით ჩაება პედაგოგიურ მუშაობაში.

      დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ ძმები დაიქსაქსნენ: გიორგი თიანეთში დასახლდა და იქ ვექილობდა, ბაჩანა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში მასწავლებლობდა, ალექსანდრე თბილისში მსახურობდა, ჩარგალში მარტო ვაჟა დარჩა. ვაჟამ მოინდომა სოფელ ჩარგალში მამის ადგილას თედოს მღვდლად დანიშვნა, მაგრამ თედო არ დათანხმდა და  1891 წელს საბოლოოდ დასახლდა სოფელ ხელთუბანში და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ამ სკოლას და ამ სოფელს არ მოსცილებია. იქორწინა ღარიბი გლეხის, იშხანაშვილის ქალზე და  მასწავლებლობასთან ერთად საზოგადოებრივ საქმიანობასა და სოფლის მეურნეობასაც ეწეოდა სოფელ ხელთუბანში. ხალხის სამსახური და 1905 წლის რევოლუციაში აქტიური ჩაბმა არც ისე იაფად დაუჯდა თედო რაზიკაშვილს. ბიუროკრატიულმა მთავრობამ 1905 წელს ხელთუბნის სკოლა დახურა და მის მასწავლებელს რევოლუციური მოღვაწეობისთვის რუსეთის შორეულ გუბერნიაში 13 წლით გადასახლება მიუსაჯა, მაგრამ 1906 წელს ცარიზმის გადასარჩენად გამოსულმა მანიფესტმა ციმბირისაკენ მიმავალი თედო გზიდან დააბრუნა. გარკვეული პერიოდი იგი ფშავში იმალებოდა. პატიმრობიდან განთავისუფლებულმა კვლავ თავის სოფელსა და სკოლას მიაშურა. ანასტასია თუმანიშვილი–წერეთელის დახმარებით იგი კვლავ ხელთუბნის სკოლის მზრუნველი და მოამაგე ხდება.

     თედო რაზიკაშვილი სამწერლო ასპარეზზე ლექსებით გამოჩნდა. მისი პირველი ლექსი "გუთნისდედის სიმღერა" ჟურნალ "ჯეჯილში" დაიბეჭდა. ამას მოჰყვა მთელი ციკლი ლექსებისა და საბავშვო მოთხრობათა სერია. თედომ მალევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ნიკო ლომოური და აკაკი წერეთელი ყოველნაირად ხელს უწყობდნენ და ახალისებდნენ თედო რაზიკაშვილს. მათი შთაგონებითა და მხარდაჭერით თედომ მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა საბავშვო მწერალმა. მის ნაწარმოებებში ჩაქსოვილია სამოციანელთა პროგრამული იდეები. რაზიკაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია: პატრიოტიზმი, ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება. მისი მხატვრულად გამართული შესანიშნავი მოთხრობები, ლექსები, ხალხური არაკები და ლეგენდები თითქმის ყველა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში იბეჭდებოდა. ყველაზე მეტი პოპულარობა და საყვარელი მწერლის სახელი თედოს საბავშვო მოთხრობებმა მოუტანა და იგი გახდა უახლოესი თანამშრომელი იმდროინდელი საბავშვო ჟურნალების "ჯეჯილისა" და "ნაკადულის". დიდი დამსახურება მიუძღვის თედო რაზიკაშვილს ქართული ფოლკლორისტიკის გამდიდრების საქმეში. მის მიერ შეკრებილია უამრავი ხალხური ლექსი, ზღაპარი, ანდაზა, გამოცანა, ლეგენდა და ისტორიული თხზულებანი. იგი ზედმიწევნით იცნობდა თავისი ხალხის ყოფა–ცხოვრებასა და ადათ–ჩვეულებებს.

      1910 წლის 31 იანვარს თედო რაზიკაშვილის მოწვევით მის სახლში გაიმართა წინასწარი კრება 30 კაცის მონაწილეობით, სადაც დაადგინეს, რომ გორში გახსნილიყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ადგილობრივი განყოფილება და თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნიკოლოზ ალექსის ძე თუმანიშვილი.

     1922 წლის 19 იანვარს ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ 53 წლის თედო რაზიკაშვილს, დანით 56 ჭრილობა მიაყენეს და ვერაგულად მოკლეს. მართლმსაჯულებამ ყველა მკვლელი ამხილა და კუთვნილი სასჯელიც მიუზღო მათ.

      თედო რაზიკაშვილი სიკვდილიდან ერთი თვის თავზე გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-1913)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-1915)

Bibliography


Share: