The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძე

გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძე
Date of birth:20 August, 1884
Date of death:September, 1939  (at 55 years)
Burial location:უცნობია
Category:Historian, Educator, Religious leader

Biography

   გიორგი ბოჭორიძე დაიბადა 1884 წელს თიანეთის მაზრის სოფელ ნაციხვარში სასულიერო პირის თადეოზ ბოჭორიძისა და თამარ ქააძის ოჯახში. მამა გახლდათ რაჭის სოფელ ჯვარისას მკვიდრი, რომელიც მღვდლად იყო გამწესებული თუშეთში.

   1901-1905 წლებში გიორგი ბოჭორიძე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სემინარიაში სწავლის დროს იგი გაწევრიანდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება, რის გამოც სემინარიიდან გარიცხეს. ამან ვერ შეაჩერა ახალგაზრდა, თავისუფლებას მოწყურებული სტუდენტი. კახეთში სოფელ-სოფელ დადიოდა და არალეგარულ ლიტერატურას ავრცელებდა, ფარულ კრებებსა და მიტინგებს აწყობდა.

   1906-1907 წლებში მეფის არმიაში მსახურობდა, ხოლო 1907 წელს თუშეთში, ალვანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. იმავე წელს მატანის სკოლაში გადაიყვანეს, ხოლო 1908 წელს ბაქოს საოლქო სასამართლოში კანცელარიის მეორე განყოფილების თანამშრომლად დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ თბილისის სასწავლო საოლქო კომიტეტმა ჯერ საგარეჯოს სახალხო სკოლაში და შემდეგ საგარეჯოს ორკლასიან სახალხო სკოლაში მასწავლებლად განამწესა. ამ პერიოდში გიორგი ბოჭორიძე  დაქორწინდა სოფელ ჩაილურის მკვიდრზე, ანა ევგენის ასულ ქევხიშვილზე.

   1911 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მალევე  ბაქოს ეპისკოპოსმა პიმენმა (პეგოვი) მღვდლად დაასხა ხელი და ჯავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ამის შემდეგ  ჭვარების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და მალევე კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს.

   1914 წელს გიორგი ბოჭორიძე საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1916 წელს სკუფია უბოძეს. 1917 წელს  მამა გიორგი კაკაბეთის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. ახალგაზრდა მღვდელი აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი თაოსნობით ორ სოფელში გაიხსნა დაწყებითი სკოლა, მრევლის ძალა და ენერგია მან სოფლისთვის სასიკეთო საქმეებისთვის წარმართა. მისი ხელმძღვანელობით სოფლის ახალგაზრდები უვლიდნენ გზებს, აშენებდნენ საზოგადოებრივ შენობებს, ეხმარებოდნენ ქვრივ-ობლებს. ბოჭორიძის ინიციატივით კაჭრეთში შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო კოოპერატივი, ხოლო ნანიანში ჩამოყალიბდა საკრედიტო ამხანაგობა. იმდენი ეცადა, ბაზრობაც დააწესებინა და სოფლის ბოლოს რკინიგზის ბაქანი გაამართვინა. 

   1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს მამა გიორგის მახლობელი სოფლებიდან 5000-მდე კაცი შეუყრია და საბრძოლო ყიჟინა დაუცია: "ქრისტიანობის მთავარი პრინციპი სიყვარული და დათმობაა, მაგრამ როცა სამშობლოს ბედი წყდება, ჭეშმარიტ მართლმადიდებელს უფლება არა აქვს, ლოცვის ამარა დარჩეს. საქართველოს თავისუფლებისთვის ჩვენი მღვდელმთავრები ლაშქარს ჯვრით, ხმლითა და დროშით მიუძღოდნენ. დაე, მონობის უღლის დასამხობად დღესაც ასეთი შემართებით გავისარჯოთო".

  მამა გიორგი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წელს გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე. 

  1918 წელს თბილისის უნივერსიტეტი გაიხსნა და გიორგი ბოჭორიძემ  სწავლის გაგრძელების მიზნით მღვდლობას თავი დაანება და უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 1918-1922 წლებში იგი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ისტორიის განხრით სწავლობდა.  ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან  მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ არქივში ინსპექტორად და არქივარიუსად, ხოლო 1927 წლიდან ძველი საბუთების განყოფილების გამგედ.

   1934-1937 წლებში ბოჭორიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. მან არქივსა და მუზეუმში მუშაობის დროს უდიდესი მუშაობა გასწია რევოლუციების დროს და შედეგად აწეწილი საარქივო ფონდების დასალაგებლად, რუსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებული მასალის დასაბინავებლად.

   მე-19 საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც საქართველოს ეროვნულ საგანძურს დაღუპვის რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ბოჭორიძემ საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოიარა, მათ შორის საინგილო და შეაგროვა და აღწერა უნიკალური ისტორიული მასალა. 1923-1934 წლებში 900 არქიტექტურული ძეგლი აღწერა, გამოავლინა და შეაგროვა 2260 ისტორიული ღირებულების ნივთი, 540 ხელნაწერი, 200 ძველი დასტამბული წიგნი, 3550 სიგელ-გუჯარი, 3 ნუმიზმატიკური კოლექცია, 28 ეპიგრაფიკული ძეგლი და სხვ. გიორგი ბოჭორიძემ სამეცნიერო ბრუნვაში დღეს არსებული ბევრი მასალა (ძეგლთა აღწერილობა, წარწერები) დაღუპვისგან იხსნა და შემორჩენილია მისი დაუღალავი მოღვაწეობის წყალობით.

   1923-1926 წლებში ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის შედეგია მისი მონოგრაფიები "მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში", "თუშეთი" , "რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები". 1995 წელს გამოიცა გიორგი ბოჭორიძის “იმერეთის ისტორიული ძეგლები”, რომლის არსებობა არ იყო ცნობილი და რომელიც გამოავლინა ხელოვნებათმცოდნე ციცინო  ჩაჩხუნაშვილმა (ავტოგრაფი დაცული იყო საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სარესტავრაციო სახელოსნოს არქივში).

   ბოჭორიძეს, მცირე გამონაკლისის გარდა, თავისი მეცნიერული ნაშრომების გამოცემა სიცოცხლეში არ დასცალდა. მის ნაშრომებში მოცემულია მის მიერ მოვლილი საქართველოს კუთხეების დეტალური აღწერა სოფლების მიხედვით, შეკრებილი და ფიქსირებული აქვს მოსახლეობაში შემორჩენილი, ისტორიულ  ძეგლებთან დაკავშირებული გადმოცემები და თქმულებები. თავისი მოღვაწეობის დროს მან მიაკვლია უამრავ მნიშვნელოვან სიძველეს, რომელთა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა სოფელ  ჯვარისას (მისი მშობლიური სოფელი რაჭაში) ეპიგრაფიკული ძეგლი და თაბორის ოთხთავი (XI ს.).

   გიორგი ბოჭორიძის  ნაშრომთა დიდი ნაწილი დღემდე გამოუცემელია. იგი მე-20 საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წელს დააპატიმრეს, ხოლო 1939 წელს გადაასახლეს, მაგრამ გადასახლების ადგილამდე ვერ მიაღწია. გზად ბოროტმოქმედებმა, გაძარცვის მიზნით, მატარებლის ვაგონში სიცოცხლეს გამოასალმეს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

Share: