Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე![]()
Biographyგრიგოლ ბურჭულაძე დაიბადა 1861 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ ზედა გომში. 1873 წელს, სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლებმა გრიგოლი ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში შეიყვანეს, რომელიც 1879 წელს წარმატებით დაამთავრა, აიყვანა მოსამზადებლად მოწაფეები და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. იგი დაუახლოვდა ოზურგეთის მოწინავე ინტელიგენციას და მათი უშუალო დახმარებით საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება. 1881 წელს გრიგოლი ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის მოსამზადებელი განყოფილების ხელმძღვანელად მიიწვიეს. 1882 წელს გრიგოლმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა კიდეც. ამ პერიოდში იგი დაუახლოვდა რუსიფიკატორთა წინააღმდეგ მებრძოლ და ქართული ენის დამცველ პედაგოგ გიორგი იოსელიანს. სწორედ ამ შესანიშნავი პედაგოგისგან ისწავლა მან სამშობლოს სიყვარული და ხალხისადმი უანგარო სამსახური. 1886 წელს გრიგოლმა დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, მაგრამ დირექტორ კოლოვიჩის დევნის გამო სამსახურის შოვნა გაუჭირდა. 1887 წელს იგი დაინიშნა თელავის საქალაქო სასწავლებლის მოსამზადებელი განყოფილების მასწავლებლად. იგი ვერ ურიგდებოდა ცარიზმის მიერ სახალხო სკოლებში გამეფებულ რეჟიმს, რისთვისაც რუსი ბიუროკრატებისგან არა ერთხელ დაისაჯა სხვადასხვა ადგილებში გადაყვანით. გარკვეული პერიოდი მუშაობდა ზაქათალის, ხოლო 1891 წლიდან ახალციხის საქალაქო სასწავლებელში. იმავე წელს ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოებამ გრიგოლი მდივნად აირჩია, დაავალა ქალთა ქართული სკოლის ხელმძღვანელობა და ოფიციალური პასუხისმგებლობა მთავრობის წინაშე. გრიგოლის თაოსნობით სკოლა გაიზარდა და სწავლის პროგრამა დაუახლოვა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სკოლების პროგრამას. ამ საქმიანობაში მას გვერდში ედგნენ "საქველმოქმედო საზოგადოების" წევრები. გრიგოლ ბურჭულაძემ ახალციხის ქართველობას მდიდარი სამკითხველო–წიგნსაცავი დაუტოვა. სწორედ მისი მოხსენების საფუძველზე "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ" რაბათში გახსნა ბიბლიოთეკა–სამკითხველო, რომელსაც გრიგოლმა უამრავი ქართული წიგნი, ჟურნალ–გაზეთი შეუძინა და შეუდგინა სისტემატური კატალოგი. ათი წელი იმუშავა გრიგოლ ბურჭულაძემ ახალციხეში და თავისი უანგარო საქმიანობით საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1901 წლიდან გრიგოლი ერევნის საქალაქო სასწავლებელში გადავიდა სამუშაოდ, სადაც იგი დაუახლოვდა აქაურ ქართველ საზოგადოებას და მისთვის ჩვეული ენერგიით შეუდგა მოღვაწეობას. 1906 წელს გრიგოლ ბურჭულაძე გადავიდა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში მათემატიკის მასწავლებლად. იგი უსასყიდლოდ განაგებდა ხონში არსებულ სახალხო ბიბლიოთეკას, წიგნების მაღაზიას, ასწავლიდა ივანე შარაშიძის მიერ ღარიბ ქალთათვის დაარსებულ სკოლაში და საკვირაო სკოლაში. იგი იყო აქტიური წევრი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხონის განყოფილებისა. 1911 წელს გრიგოლ ბურჭულაძე ხონის სამასწავლებლო სემინარიიდან გაანთავისუფლეს და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობამ იგი საზოგადოების საქმეთა მწარმოებლისა და მდივნის თანამდებობაზე დანიშნა, ხოლო 1914 წლის იანვრიდან სკოლებისა და ბიბლიოთეკების ხელმძღვანელ–მეთვალყურეობა დაავალა. საზოგადოების ნდობის გამართლების, ერთგული და ნაყოფიერი მუშაობისთვის "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ" გრიგოლს მადლობა გამოუცხადა. 1925–1933 წლებში გრიგოლ ბურჭულაძე მუშაობდა თბილისის რკინიგზის მე–9 სკოლის გამგედ. 1933 წელს დაინიშნა ამ სკოლის ინტერნატში აღმზრდელ–მასწავლებლად. 1937 წლიდან ხანდაზმულმა პედაგოგმა თავი დაანება პრაქტიკულ პედაგოგიურ მოღვაწეობას. მეტად საინტერესოა 1896 წელს ბურჭულაძის გამოქვეყნებული წერილი "ზოგიერთი შენიშვნები "დედა ენის" შესახებ", რომელშიც მოითხოვდა, რომ იაკობ გოგებაშვილს სახელმძღვანელოდან ამოეღო არაქართული სიტყვები: კარანდაში, სტაქანი, შკაფი, კრესლო და სხვა. იაკობ გოგებაშვილმა სათანადო ყურადღება მიაქცია გრიგოლის "შენიშვნებს" და 1896 წელს ჟურნალ "მოამბეში" ვრცელი საპასუხო წერილიც გამოაქვეყნა სათაურით – "შენიშვნები შენიშვნებზე პასუხად ახალციხელ კრიტიკოსს". მართალია "დედა ენის" შემქმნელს ახალციხელი კრიტიკოსისგან ბევრი რამ არ მიუღია, მაგრამ როგორც მისი პასუხიდან ირკვევა "შენიშვნებს" მცირე სარგებლობა მაინც მოუტანია: "თუ მკითხველი ამ პასუხის წაკითხვის შემდეგ ახალციხელი ავტორის წერილს სრულიად უნაყოფოდ ჩათვლის, უსამართლოდ მოიქცევა, ყველაფერი როდია უსაფუძვლო და შეუწყნარებელი...". 1901 წლის ზაფხულში გრიგოლ ბურჭულაძემ პირადად გაიცნო იაკობ გოგებაშვილი და მათ შორის კეთილი განწყობილება და ახლო ურთიერთობა დამკვიდრდა. ღვაწლმოსილი პედაგოგი გრიგოლ ბურჭულაძე გარდაიცვალა 1941 წელს თბილისში. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |