The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე ალექსის ძე ბუქურაული

ივანე ალექსის ძე ბუქურაული
Date of birth:16 April, 1869
Date of death:23 March, 1943  (at 73 years)
Burial location:ზემო ალვანი
Category:Writer, Educator

Biography

    ივანე ბუქურაული დაიბადა 1869 წელს ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში. დაწყებითი განათლება საცხენისის სკოლაში მიიღო, შემდეგ თელავის საქალაქო სასწავლებელში და თბილისის ე.წ. ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში, რომლის კურსის დასრულების შემდეგ 1886 წელს სწავლა განაგრძო თბილისის საფერშლო სკოლაში. 1885 წელს, როგორც ფერშალმა თბილისში მიხეილის სახელობის საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. ორი წლის მუშაობის შემდეგ ვანო მიხვდა, რომ ის მედიცინის მუშაკად არ იყო დაბადებული. მისი გული სხვა ასპარეზისკენ მიიწევდა. ამისთვის კი უფრო ფართო და ზოგადი განათლება იყო საჭირო და იგი თბილისის ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში აგრძელებს სწავლას.

    1894 წელს ივანე ამთავრებს აღნიშნულ ინსტიტუტს და თბილისის ერთ–ერთ სკოლაში იწყებს მასწავლებლობას. საბჭოთა პერიოდში იგი წლების განმავლობაში 43–ე სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად.

    ნახევარი საუკუნე ემსახურა ივანე ბუქურაული მომავალი თაობის აღზრდის საქმეს. სიცოცხლის ბოლომდე არ დაუნებებია თავი საყვარელი საქმიანობისთვის, მაგრამ მისი უანგარო შრომა და ღვაწლი მშობლიური ხალხის წინაშე მარტო მასწავლებლობით არ ამოწურულა. მისი სახელი ქართულ ლიტერატურაში საკმაოდ ცნობილია როგორც ეთნოგრაფი მწერლის, მკვლევარისა და ბელეტრისტის. მისი სამწერლო მოღვაწეობა მე–19 საუკუნის დამლევსა და და მე–20 საუკუნის პირველ წლებს ემთხვევა, როცა ქართველი ხალხის მოწინავე საზოგადო მოღვაწენი და მწერლები გააფთრებით ებრძოდნენ ცარიზმს, მის პოლიტიკას და ცდილობდნენ ხალხში ეროვნული შეგნების შენარჩუნებას, მის განმტკიცებასა და გაღვივებას.

    ივანე ბუქურაული მე–19 საუკუნის 90–იანი წლებიდან თანამშრომლობას იწყებს "ივერიაში", "ცნობის ფურცელში", "მოამბეში", "კვალში", "აკაკის კრებულში", შემდეგ "ჯეჯილში", "ნაკადულში" და სხვა პერიოდულ გამოცემებში. ამ გამოცემებში სისტემატურად ათავსებდა პატარ–პატარა, მაგრამ მეტად საინტერესო თემებზე აწყობილ მოთხრობებს, ისტორიული ხასიათის ნარკვევებს, ფოლკლორულ მასალას და ზეპირგადმოცემებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მისი "ლაშარის ჯვარი და თამარ დედოფალი", რომელიც ხალხურ თქმულებებზეა აგებული და გაშლილია ხალხური პოეზიის საფუძველზე. ასევე  მგზავრის შენიშვნების სახით დაწერილი ნარკვევი "ტბათანიდან წოვათამდინ" და "ხევსურეთი და მისი აწინდელი მდგომარეობა".

    განსაკუთრებით აღსანიშნავია ივანეს დაუღალავი შრომა თუშური ფოლკლორის შეკრების საქმეში. ის სისტემატურად მოგზაურობდა თავის მშობლიურ კუთხეში და ჰკრეფდა თუშურ ლექსებს.

    ივანე ბუქურაული, როგორც ჟურნალისტი და ქართული პერიოდული პრესის თანამშრომელი, დაახლოებული იყო გამოჩენილ ქართველ მწერლებთან. ამის შედეგად მან ქართულ მემუარულ ლიტერატურაშიც შეიტანა თავისი წვლილი. ლიტერატურული ღირებულებისა და მნიშვნელობის მატარებელია მისი მშვენიერი ქართულით დაწერილი მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, ვაჟა–ფშაველაზე, შიო მღვიმელზე და ცნობილ კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილზე. განსაკუთრებით დიდი მეგობრობა აკავშირებდა ვაჟა–ფშაველასთან, რაც თვით ვაჟას პოეზიაშიც არის ასახული (ვაჟას ლექსი "ფშაური მუხამბაზი").

   ივანე ბუქურაულს საკმაოდ მდიდარი არქივი დარჩა, სადაც დაცულია მრავალი დაუბეჭდავი ხელნაწერი და თვით მწერლის მიერ შედგენილი ბიბლიოგრაფია თავისი დაბეჭდილი თუ დაუბეჭდავი ნაწერებისა. მან თავისი მოღვაწეობის 50 წლის მანძილზე, როგორც პედაგოგმა და მწერალმა გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურის საგანძურში.

   ივანე ბუქურაული გარდაიცვალა 1943 წლის 23 მარტს და დაკრძალულია თავის მშობლიურ სოფელში ზემო ალვანში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Bibliography


Share: