შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
დურმიშხან შალვას ძე ჟურული![]()
ბიოგრაფიადურმიშხან ჟურული დაიბადა 1830 წლის 11 ივნისს ქართლში, სოფელ არბოში. 1880-იან წლებში ჟურული გახლდათ ბათუმის პოლიციის უფროსი. იგი ძლიერ ხელს უწყობდა ახლად შემოერთებულ ქართველ მუსლიმანთა დედასამშობლოსთან გაერთიანებას. ბათუმში მისი ოჯახი ეროვნულ მისწრაფებათა გაღვივების კერად იყო გადაქცეული. ჟურულების ოჯახის სტუმართმოყვარეობაზე დავით კლდიაშვილი თავის მოგონებებში წერდა: "დიდ დახმარებას უწევდა სკოლას ბათუმის პოლიცმეისტერის, დურმიშხან ჟურულის მეუღლე ქეთევანი. ეს უკანასკნელი არა თუ ამ სკოლას უწყობდა ხელს, იგი იყო ბათუმის ქართველი საზოგადოების თავმომყრელი და სულისჩამდგმელი. მისი ოჯახი იყო, სადაც თავს იყრიდნენ ქართველები. მას დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული ქართველობაშიც და გარეშე მხრივაც. ბათუმში ჩამოსული ყოველი ინტელიგენტი ქართველი თავს მოვალედ რაცხდა ამ ოჯახში მისულიყო. ქართველ არტისტებს აქ დიდი ყურადღება ექცეოდათ და დიდად ხელი ეწყობოდათ. ქართული სკოლა ამ ოჯახის მზრუნველობით არსებობდა." დურმიშხანი განათლებული და თავისი ქვეყნის პატრიოტი ადამიანი ყოფილა. დედაქალაქში ჩამოსული ხშირად სტუმრობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის ნამდვილი წევრი გახლდათ 1881 წლიდან. დურმიშხან ჟურული ქველმოქმედი და ქართული კულტურული საქმიანობის დიდი მეცენატი იყო. 1879 წელს, ბათუმში ჩასულ პირველი ქართული თეატრის სამუდამო დასს, თავის მეუღლე ქეთევანთან ერთად, აღფრთოვანებით შეეგება, ყოველმხრივ ხელი შეუწყო ქართული წარმოდგენების მართვას, ქართველ მსახიობთა მასპინძლობასა და მით ახლად შემოერთებულ ქართველ მუსლიმანთა შორის ქართული თეატრისა და, საერთოდ. ქართული იდეის თესლის გაღვივებას. ამ დროს მისი ოჯახი ქართული სამუდამო დასის უფასო სასტუმრო იყო. აქვსენტი ცაგარელი, რომელიც თავის დასსთან ერთად ბათუმში საგასტროლოდ იყო ჩასული, წერდა: "ქართველ ოჯახებში მაშინ ბათუმში მეთაურობდა პატივცემულ დურმიშხან ჟურულის ოჯახი… დურმიშხანი ბათუმის პოლიციის უფროსი ბრძანდებოდა და, მაშასადამე, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შორის გავლენიანი პირი იყო… ბათუმში ეს პატიოსანი ოჯახი აღმოგვაჩნდა მუქთა სასტუმროდ. სადილ-ვახშამი ამ ოჯახში ჩვენთვის ყოველთვის მზად იყო, და რაც შეეხებოდა ჩვენი სცენის საჭიროებას, დარბაისელი ქეთევან ჟურულისა არაფერს ჰზოგავდა დასახმარებლად." დურმიშხან ჟურულისა და ქეთევან ნამორაძის შვილი გახლდათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი – ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი გიორგი ჟურული, რომელიც ემიგრაციაში გარდაიცვალა და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. დურმიშხან ჟურული გარდაიცვალა 1901 წლის 1 მაქრტს და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ არბოს წმინდა გიორგის ეკლესიაში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |