The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი

ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი
Other name:ბერიევი  (Pseudonym)
ისრამიშვილი  (Pseudonym)
სტარიკი  (Pseudonym)
მოხუცი  (Changed name)
Date of birth:7 June, 1859
Date of death:14 November, 1937  (at 78 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Politician, Publicist, Repressed

Biography

   ისიდორე რამიშვილი დაიბადა 1859 წლის 7 ივნისს (ძვ. სტ.) ოზურგეთის მაზრის სოფელ სურებში გლეხის ოჯახში. ოჯახს არ ჰქონდა საშუალება ისიდორესთვის განათლების მიცემისა და 10 წლამდე საკუთარი ოჯახის მეურნეობაში მუშაობდა. ნათესავმა მღვდელმა,  საკუთრი შვილის სტატუსით (კეკელიძის გვარით)  ოზურგეთის ორკლასიან სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, თუმცა მისი დამთავრება ვერ შეძლო, რადგან გამჟღავნდა, რომ ისიდორე მღვდლის შვილი არ იყო და სასწავლებლიდან გარიცხეს. ისიდორეს სწავლის იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, რომ გარიცხვიდან რამდენიმე ხნის შემდეგ სახლიდან ოზურგეთში გაიპარა და ფეხებში ჩაუვარდა სკოლის ზედამხედველ დეკანოზ ქიქოძეს, რათა სკოლაში დაებრუნებინათ, რაც შეუსრულეს კიდეც. სასწავლებელი საუკეთესო მოსწავლის სტატუსით დაამთავრა და 1878 წელს სწავლა განაგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1885 წელს დაასრულა.

   1886-1887 წლებში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. ისიდორე სემინარიაში სწავლის პერიოდიდან გატაცებული იყო ხალხოსნური იდეებით, რის გამოც სემინარიის დამთავრების შემდეგ სოფელში დაბრუნდა და გლეხთა განათლებაზე დაიწყო ზრუნვა. მისი ინიციატივით სურებში მოეწყო სკოლა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. იგი გახლდათ  გურიის სახალხო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დამაარსებელი და თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. მისი სემინარიელი მარქსისტი ამხანაგები ცდილობდნენ ისიდორე ნაროდნიკობიდან ჩამოეცილებინათ და თავიანთ მუშაობაში ჩაერთოთ, თუმცა უშედეგოდ. 1893  წელს სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მუშაობდა.

   ისიდორე რამიშვილი მუშათა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში 1897 წლიდან ჩაერთო, როცა იგი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“  სკოლის გამგედ დაინიშნა. მან სახალხო მასწავლებლად სხვადასხვა სკოლებში საერთო ჯამში 20 წელი იმუშავა.

   1905 წლის დეკემბერში აქტიურად მონაწილეობდა თბილისში რევოლუციურ მოძრაობაში. ისიდორე გახლდათ სოციალ-დემოკრატიული პარტიის „მენშევიკური“ ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ორატორი.

   1906 წელს ისიდორე რამიშვილი რსდმპ-ის სტოკჰოლმის ყრილობაზე დელეგატად გაიგზავნა, როგორც თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენელი. იმავე წელს იგი ქუთაისის გუბერნიიდან პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს და „დუმის“ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი იყო, ხოლო სათათბიროს დაშლის შემდეგ ხელი მოაწერა „ვიბორგის მოწოდებას“, რის გამოც დააპატიმრეს, გაასამართლეს სხვა ყოფილ დეპუტატებთან ერთად და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.  თუმცა მან მიმალვა მოახერხა და  მომდევნო პერიოდში ქალაქ ბაქოს პარტიულ ორგანიზაციებში მუშაობდა.

   1907 წელს ისიდორე რსდმპ-ის ლონდონის ყრილობის დელეგატად გაიგზავნა ბაქოს ორგანიზაციიდან. პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, თუმცა წინასწარი პატიმრობის ვადა მოხდილად ჩაუთვალეს და გაათავისუფლეს. ისიდორე დაბრუნდა გურიაში, მაგრამ მალევე თბილისში გადავიდა და მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მორიგი კონფერენციის ორგანიზებაში.

   1908 წელს ისიდორე  დააპატიმრეს და  ასტრახანის გუბერნიაში გადაასახლეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ გადასახლებაში მოუსწო და კავკასიაში სამუშაოდ მიავლინეს.  ბაქოში შრომის კომისრის მოვალეობას ასრულებდა.

   1917 წლის ნოემბერში ისიდორე რამიშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი.

   1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და 1918 წლის განმავლობაში გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ისიდორე რამიშვილი დანიშნული იყო რესპუბლიკის წარმომადგენლად აფხაზეთში.

   1919 წლის თებერვლიდან არჩეული იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, ხოლო ამავე წლის 12 მარტს  საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.

   1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ  საქართველოში დარჩა და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

   1921-1933 წლების განმავლობაში ისიდორე რამიშვილი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. 1934 წლის 11 მაისს "რუსეთის პოლიტიკური წითელი ჯვრის" შუამდგომლობის შედეგად ისიდორე რამიშვილს საშუალება მისცეს საქართველოში დაბრუნებულიყო, თუმცა საბჭოთა რეპრესიული ორგანოების მიერ დევნა-შევიწროების გამო  ჯერ ცხინვალში გადასახლდა, იქიდან კი მალევე  აიძულეს ვლადიკავკაზში გადასახლებულიყო.

   1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთოდებით, ზეწოლის გზით მოახერხა, რომ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიისა და სხვა მოწინააღმდეგე პარტიების ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან, მიეღო აღიარებითი ჩვენებები საბჭოთა სახელმწიფოს დამხობისა და შეიარაღებული გადატრიალების შესახებ და ისიდორე რამიშვილი „მენშევიკური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით ვლადიკავკაზში დააპატიმრეს. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) 1937 წლის 14 ნოემბერს ისიდორე რამიშვილს დახვრეტა მიუსაჯა და განაჩენი თბილისში იმავე ღამით სისრულეში იქნა მოყვანილი.

   ისიდორე რამიშვილი რეაბილიტირებულია 1989 წელს ასტრახანის მხარის სასამართლო ორგანოების მიერ.

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1917-)
  • რსდმპ-ის ლონდონის ყრილობა , დელეგატი (1907-)
  • რსდმპ-ის სტოკჰოლმის ყრილობა, წევრი (1906-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

Share: