The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი

ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი
Legal name:ნაუმ ბესარიონის ძე რამიშვილი
Other name:ბორცოვი  (Pseudonym)
სემიონოვი  (Pseudonym)
ტფილისელი პეტრე  (Pseudonym)
Date of birth:5 April, 1881
Date of death:7 December, 1930  (at 49 years)
Burial location:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
Category:Founding member, Public official, Lawyer, Political Leader, Publicist

Biography

    ნოე რამიშვილი დაიბადა 1881 წლის 5 აპრილს (ძვ. სტ.) ოზურგეთის მაზრის სოფელ ქვემო სურებში  გლეხის ოჯახში.

    1887 წელს სურების დაწყებით სასწავლებელში მიაბარეს, ხოლო 1890 წელს სწავლა განაგრძო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1894 წელს დაამთავრა და  სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სემინარიაში გადავიდა.

    1900 წელს ნოე რამიშვილი ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ 1901 წლის 3 მარტს დაწყებულ სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან დაითხოვეს, თუმცა 1902 წლის თებერვალში ისევ აღადგინეს. იმავე წელს სტუდენტური მოძრაობა კვლავ განახლდა, აქტიურობის გამო უნივერსიტეტიდან საბოლოოდ გარიცხეს და  სამშობლოში დააბრუნეს. დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა ბათუმში და ატარებდა კერძო გაკვეთილებს. პარალელურად  ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში ჩაერთო და  არჩეული იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის წევრად.

    1904 წელს ნოე რამიშვილმა  ჟანდარმერიასთან უთანხმოების გამო ბათუმი დატოვა და ყალბი პასპორტით თბილისში გადავიდა, მაგრამ მალევე დააპატიმრეს და ისევ ბათუმში დააბრუნეს, თუმცა ბადრაგს გაექცა და  რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში არალეგალურად ცხოვრობდა. ნოე რამიშვილი სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან უთანხმოების გამო „მენშევიკებს“ მიემხრო და 1905 წელს, თბილისში დაბრუნებული,  „მენშევიკთა“ ორგანიზაციების არალეგალურ ყრილობაზე ხელმძღვანელი ბიუროს წევრად აირჩიეს. ნოე რამიშვილი,  ნოე ჟორდანიასთან  ერთად,  „მენშევიკების“ არალეგალურ ჟურნალ „სოციალ-დემოკრატს“ ხელმძღვანელობდა და იგი გამოირჩეოდა  ორატორული ნიჭით.

   1905 წლის რევოლუციის დროს  ნოე თბილისში სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი ორგანიზატორი  გახლდათ და  „ოხრანკის“ მასალებში მოიხსენიებენ რევოლუციური „ტერორის მამად“. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, თუმცა ახერხებდა საპატიმროდან  თავის დახსნას და იატაკქვეშა მოძრაობაში დაბრუნებას.

    1908-1910 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში,  სადაც ეცნობოდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას ,სწავლობდა მარქსიზმს და თვითგანვითარებას ეწეოდა.  ამ პერიოდში მოამზადა ნაშრომი „ისტორიული მატერიალიზმი“.

    1910 წელს ნოე რამიშვილი  საქართველოში დაბრუნდა,  მაგრამ მალევე  დააპატიმრეს და კავკასიის საზღვრებიდან გაასახლეს. 1913 წელს იგი  არალეგალურად კვლავ დაბრუნდა  საქართველოში და ხელმძღვანელობდა არალეგალური პარტიული პრესის გამოცემას ჯერ ქუთაისში, ხოლო 1914 წლიდან  თბილისში. არჩეული იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ თბილისის მაზრის კომისრად დაინიშნა და გახლდათ თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. ამავე წელს რსდმპ-ს „მენშევიკური“ ფრაქციის სიით  რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად აირჩიეს, თუმცა პეტროგრადში გამგზავრებამდე ბოლშევიკურმა რეჟიმმა დამფუძნებელი კრება გარეკა და ნოე რამიშვილს მის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია.

    1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

    1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. ნოე რამიშვილი იყო ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი და  ბათუმის სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარე ოსმალეთთან მოლაპარაკებისას.

    1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და პარლამენტში  სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

   1918 წლის 26 მაისიდან ნოე რამიშვილი   გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, მთავრობის თავმჯდომარე და  პარალელურად  საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი.

   1919 წლის თებერვლიდან არჩეული იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად.

   1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და  მთავრობაში ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, ნოე რამიშვილმა  სამშობლო დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. ცხოვრობდა საფრანგეთში. ემიგრაციის პერიოდში აქტიურად მუშაობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად,  ევროპის პოლიტიკურ წრეებში მოკავშირეების შესაძენად და საქართველოში  ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის დასამხობად.

    1926 წლიდან პოლონეთის აქტიური მხარდაჭერით ჩამოყალიბდა კავშირი - საქართველოს, აზერბაიჯანის, მთიელთა და უკრაინის ემიგრანტულ მთავრობებსა და პარტიებს შორის და შეიქმნა „კავკასიის გათავისუფლების კომიტეტი,“ სადაც ქართული მხრიდან რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლად  ნოე რამიშვილი მუშაობდა.  მონაწილეობას ღებულობდა კომიტეტის ჟურნალ „პრომეთეს“ ფრანგულ ენაზე გამოცემაში.

    1930 წლის 7 დეკემბერს, სამის ნახევარზე პარიზში, პარტიულ კრებაზე მიმავალ  ნოე რამიშვილს იტალიის მოედანზე  ემიგრანტმა პარმენ ჭანუყვაძემ ესროლა და იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელმა მიმალვა სცადა, თუმცა დაჭერა მოასწრეს. ჭანუყვაძის სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა მკვლელობის რეალური მოტივის გამოვლენა.  მკვლელი თავის მოქმედებას  პირადი შურისძიებით ხსნიდა, თუმცა  არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მკვლელობა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.

    ნოე რამიშვილი დაკრძალეს 1930 წლის 14 დეკემბერს, პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე, ხოლო  მოგვიანებით ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ბათუმის კომიტეტის წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მთავრობის თავმჯდომარე (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1922)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1915-)

Share: