The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი

ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი
Other name:"რაჭველი"
Date of birth:1894
Date of death:1937  (at 43 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Historian, Writer, Publicist, Philologist

Biography

   ქრისტეფორე რაჭველიშვილი დაიბადა 1894 წელს სოფელ სხვავაში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).

   პირველდაწყებითი განათლება ჯერ ქუთაისის, ხოლო შემდეგ თბილისის გიმნაზიაში მიიღო. ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი იმ დროს იყო ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იოსებ ოცხელი, ხოლო ქრისტეფორე რაჭველიშვილის თანაკლასელი ქართული ლიტერატურის კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ.

   1913 წელს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მან სწავლა ხარკოვის უნივერსიტეტში ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ სტუდენტთა მანიფესტაციაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და დააპატიმრეს. შემდეგ გაგზავნეს თავისუფალ გადასახლებაში. 1914 წლიდან რაჭველიშვილი ოდესის უნივერსიტეტის იგივე ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც 1917 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა.

   1914 წლიდან ქრისტეფორე რაჭველიშვილი იყო „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“  წევრი.

   ქრისტეფორე რაჭველიშვილს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ემიგრაციაში მოქმედი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“–ს ლიდერებთან გიორგი მაჩაბელთან და მიხაკო წერეთელთან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1917 წელს იგი სოციალ–ფედერალისტთა პარტიაში შევიდა და მისი აქტიური წევრი გახდა. ამ წლებში რაჭველიშვილი ლიტერატურულ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა. ქრისტეფორე რაჭველიშვილისა და სხვა ცნობილ მოღვაწეთა მონაწილეობით 1917 წელს დაფუძნდა და აქტიურ საქმიანობას ეწეოდა სამხედრო–პატრიოტული ორგანიზაცია „ქართველ სამხედროთა კავშირი“.

   1917–1919 წლებში ქრისტეფორე რაჭველიშვილი იყო  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. მისი ხელმოწერა ამშვენებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იყო ბოლშევიკური რეჟიმის ოპოზიციაში, მემარჯვენე ფედერალისტთა იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი. 1923-1924 წლებში დაპატიმრებული იყო. ამის შემდეგ იგი პოლიტიკას ჩამოშორდა და ეწეოდა სამეცნიერო-პუბლიცისტურ მოღვაწეობას.

   აღსანიშნავია, რომ 15 წლის ქისტეფორე რაჭველიშვილმა 1909 წლის ოქტომბერში, პირველ ქართულ მოწაფეთა ალმანახში – "ქართული ნაბიჯი" გამოაქვეყნა თავისი პირველი პუბლიცისტური წერილი "მწარე ფიქრები", ხოლო ამავე ალმანახში დეკემბრის თვეში დაბეჭდა წერილი – "ნიკოლოზ ბარათაშვილი".

   ქრისტეფორე რაჭველიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელგამში, ჟურნალ „ლიტერატურული მემკვიდრეობაში“, „ქართული სიტყვიერების საუნჯის“ კოლეგიის წევრად, ენობრივი ნორმების დამდგენ სახელმწიფო კომისიაში. იგი “რაჭველის” ფსევდონიმით სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს გაზეთებში: “ცნობის ფურცელი” და “სახალხო საქმე”. ქრისტეფორე რაჭველიშვილი ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა: „საქართველოს ფეოდალიზმის ისტორია“, „ქართული სტამბის წიგნი“, „ილია ჭავჭავაძე“ და სხვ. ქრისტეფორე რაჭველიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 

   ქრისტეფორე რაჭველიშვილი საბჭოთა რეპრესიების დროს 1937 წელს დახვრიტეს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1927)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-1916)

Share: