The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ბეჟანის ძე სანაძე

ალექსანდრე ბეჟანის ძე სანაძე
Legal name:ალექსანდრე ბეჟანის ძე სანოძე
Date of birth:1870  (154 years)
Burial location:თბილისი
Category:Educator

Biography

     ალექსანდრე სანაძე დაიბადა 1870 წელს დაბა ხონში. ღარიბი გლეხის შვილმა წარმატებით დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია და შემდეგ სად არ გადაისროლა ცხოვრების ტალღამ. 1890 წელს, 20 წლის ჭაბუკი ცაგერში იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი თაოსნობით სოფელში ოთხკლასიანი სკოლა გაიხსნა. რასაკვირველია, ეს პროგრესული მოვლენა მაშინდელ ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა და ახალგაზრდა მასწავლებლის მიმართ ცილისმწამებლური ბრალდებები შეითითხნა. სასოფლო სკოლის "პატივცემული" დირექტორი გაძევებული იქნა აღნიშნული სკოლიდან და შემთხვევით გადაურჩა სისხლის სამართლის საქმეს. რეპრესიებისა და დევნის მიუხედავად დამწყები პედაგოგი ახალი შემართებით ებრძოდა უსამართლობას და ეროვნულ ჩაგვრაზე დამყარებულ წესწყობილებას. იგი იძულებული გახდა ცაგერი დაეტოვებინა. ამის შემდეგ ალექსანდრე სანაძე ხან ლანჩხუთში მასწავლებლობს, ხან სოფელ ნოსირში და ხანაც მარტვილში, მაგრამ ფეხს ვერსად იკიდებს. ერთ–ერთი მთავარი ბრალდება, რისთვისაც მას სდევნიდნენ იყო ის, რომ მასწავლებელი გაკვეთილებზე ბავშვებს ისეთ საკითხებზე ესაუბრებოდა, რომელსაც პროგრამა არ ითვალისწინებდა და ქართველ ბავშვებს ქართულ ენას საიდუმლოდ ასწავლიდა.

    1905 წლის რევოლუციის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა ალექსანდრე სანაძის მდგომარეობა და მან თავი სოხუმს შეაფარა. აქ მთელი ძალით გაიშალა მისი პედაგოგიური მოღვაწეობა. სოხუმში მას მეგობრული დახმარების ხელი გაუწოდეს გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწეებმა: დიმიტრი გულიამ, ძუკუ ლოლუამ, ალექსანდრე ჩიჩუამ, სერგეი ჭანბამ, ნიკო ჯანაშიამ და სხვა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებმა, რომლებიც თავგამოდებით იბრძოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის განათლებისათვის. ამ ადამიანების შემწეობით ალექსანდრე სოხუმის რეალურ სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა, მაგრამ როგორც გამოქცეული "არასაიმედოა" და სრულფასოვან მასწავლებლად არ ითვლება. ასეთ შეზღუდულ პირობებში მყოფს, ცხადია, არ შეეძლო ნორმალურად წარემართა სასწავლო პროცესი. არანაკლებ მნიშვნელოვანი სირთულე იყო ის, რომ ვისაც ქართული ენის შესწავლა სურდა, დამატებით ქირა უნდა გადაეხადა. ამის საშუალება ყველას არ ჰქონდა და იგი ღარიბი ოჯახის შვილებს მშობლიურ ენას უფასოდ ასწავლიდა. ალექსანდრე სანაძის გაკვეთილების ეფექტურობა იმით აიხსნებოდა, რომ იგი შესანიშნავად უხამებდა ერთმანეთს სწავლებისა და აღზრდის მიზნებს. იმდროინდელი სოხუმის მოწინავე ინტელიგენციის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა ის იყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებულიყო ქართული ენის ცოდნა. ამისთვის მარტო სკოლა არ კმაროდა. სოხუმში დაიწყეს ლიტერატურული საღამოების, წარმოდგენებისა და კონცერტების ჩატარება. სხვებთან ერთად ამ ეროვნულ საქმეს ალექსანდრე სანაძეც ედგა სათავეში. იგი აქტიურად მონაწილეობდა ყველა კულტურულ ღონისძიებაში. მასთან ერთად  ამ სასარგებლო საქმეში საკუთარი წვლილი შეჰქონდათ მისი ოჯახის წევრებსა და მოსწავლეებს. ყოველივე ეს ხელს უწყობდა სოხუმელ ქართველთა კულტურული დონის ამაღლებასა და ქართული ენის ცოდნის გავრცელებას.

     1909 წლიდან ალექსანდრე სანაძე იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სოხუმის განყოფილების ერთ–ერთი დამფუძნებელი წევრი და თვალსაჩინო მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების აფხაზეთის განყოფილების მუშაობაში. სხვადასხვა წლებში იგი იყო საზოგადოების მდივანი, ხაზინადარი და ორჯერ იქნა თავმჯდომარედ არჩეული.

    მენშევიკური მთავრობის ბატონობის წლებში სანაძე და მისი ოჯახი მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას ძველ რევოლუციონერებთან მეგობრობაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მენშევიკებმა პედაგოგ სანაძეს შესთავაზეს რეალურ სასწავლებელს ჩასდგომოდა სათავეში. ალესანდრემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა ყოფილი დირექტორის ავალოვის სასარგებლოდ, რომელიც ყოველმხრივ განათლებული კაცი იყო და ფლობდა რამდენიმე ევროპულ ენას. სანაძის უარმა მენშევიკური მთავრობის აღშფოთება გამოიწვია. ავალოვი მათთვის რუსული წარმოშობის გამო იყო მიუღებელი.      

   1922 წელს ალექსანდრე სანაძე სოხუმის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, ამავე დროს სხვადასხვა სკოლებში ქართული ენის მასწავლებლობა შესთავაზეს. ჯერ კიდევ რევოლუციამდელ პერიოდში უშუალოდ ალექსანდრე სანაძის ხელმძღვანელობითა და აქტიური მონაწილეობით სოხუმში ქართული სკოლის შენობა აიგო. ხოლო საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განათლების სხვა მოღვაწეებთან ერთად, ალექსანდრემ სკოლის გაფართოებას და კეთილმოწყობას მიაღწია.

   1926 წლის ოქტომბერში მადლიერმა სოხუმელებმა ალექსანდრე სანაძეს პედაგოგიური მოღვაწეობის 35 წლისთავის იუბილე გადაუხადეს. საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა მის უანგარო და თავდაუზოგავ საქმიანობას სახალხო განათლების საქმეში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის მდივანი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის წევრი (1912-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1901-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: