The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე (ვანო) პეტრეს ძე სარაჯიშვილი

ივანე (ვანო) პეტრეს ძე სარაჯიშვილი
Date of birth:1 May, 1879
Date of death:11 November, 1924  (at 45 years)
Burial location:თბილისი, ოპერის თეატრის ბაღი
Category:Singer, Musician

Biography

   ვანო სარაჯიშვილი დაიბადა 1879 წლის 1 მაისს სიღნაღში, პედაგოგის პეტრე სარაჯიშვილის მრავალშვილიან ოჯახში. მათი ოჯახი ცნობილ მუსიკალურ ოჯახად იყო ცნობილი.

   1887 წელს ვანო სარაჯიშვილმა ჩააბარა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც ვანოსა და მისი ძმის მუსიკალური ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ იმდროინდელ კარგ პედაგოგებს და  გიმნაზიის მოსწავლე ამავე გიმნაზიის გუნდის ლოტბარმა ზაქარია ჩიკვაიძემ თავის თანაშემწედ აიყვანა.

   1898 წელს თბილისის სამუსიკო სასწავლებელში ჩააბარა ჩელოს განხრით. ამავე დროს გახლდათ ქართული ხალხური გუნდის მომღერალი-სოლისტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სანდრო კავსაძე.

   1903 წლიდან სარაჯიშვილი სიმღერას პეტერბურგში სწავლობდა ჯერ ი. პრიაშნიკოვთან, შემდეგ ა. პანაევა-კარცევასთან. ვანოს პროფესიული ვოკალური განათლების საკითხი ილია ჭავჭავაძეს გადაუწყვეტია. ილიას სთხოვეს, ვანოსთვის მოესმინა. ილიას ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა და მოკლედ მოუჭრია: „უსათუოდ უნდა გაიგზავნოს სასწავლებელში, დახმარება დაენიშნება". ასე გამწესდა ვანო სარაჯიშვილი პეტერბურგში, სადაც 1907 წელს  შედგა კიდეც მისი საოპერო დებიუტი ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატაში". პეტერბურგის პრესამ მშვენიერი რეცენზიები გამოაქვეყნა: „როგორც ჩანს, ბატონ სარაჯიშვილს გაუვლია ბელკანტოს დიდებული სკოლა, ის აღჭურვილია ვრცელი სუნთქვისა და შესანიშნავი ფრაზირების უნარით, მომღერალს მოალერსე ტემბრის ტენორი აქვს".

   პეტერბურგის პარალელურად, 1906-1908 წლებში, სარაჯიშვილი იტალიაში კასტეანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას და კონცერტებს მართავდა იტალიის სხვადასხვა საოპერო თეატრებში. იტალიაში მაესტრო კასტელანოსა და თავისი ნიჭის წყალობით, საუკეთესო ბელკანტოდ აღიარეს და „სარაჯინი" უწოდეს. იქვე შეხვდა საქვეყნოდ ცნობილ მომღერლებსა და მუსიკოსებს - ფიოდორ შალიაპინს, ჯირალდინის, ტიტო რუფოსა და სხვებს.

   1908 წელს პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მუშაობა განაგრძი იტალიურ დასში და გამოდიოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. მოუთმენლად ელოდნენ ვანოს ჩამოსვლას თბილისში. ჩამოვიდა, მაგრამ სამშობლოში ხმის ამოღება გაცილებით ძნელი აღმოჩნდა. „აქაურ მკვიდრს არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჩვენს სცენაზე; გარდა ამისა, რუსეთში ბევრი უმუშევარი არტისტიაო" - ამბობდა თეატრის დირექცია. საჭირო გახდა მეფისნაცვლის კარზე მომუშავე გავლენიანი ადამიანების ჩარევა, რათა პეტერბურგის სცენაზე ბრწყინვალე გამარჯვებების შემდეგ, ვანო სარაჯიშვილისთვის თბილისის სახაზინო თეატრში დებიუტის საშუალება მიეცათ. ქართველი საზოგადოება სიხარულით შეეგება საყვარელ მომღერალს.

   1910-1920 წლები ვანო სარაჯიშვილის შემოქმედების ხანაა. 1916-1917 წლებში ბაქოში ცხოვრობდა, სადაც აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ სარაჯიშვილი მონაწილეობას იღებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, ასრულებს აბესალომის („აბესალომ და ეთერი“) და მალხაზის („დაისი“) პარტიებს. ცნობილია, რომ მალხაზის არია „თავო ჩემო“ ზაქარია ფალიაშვილმა ოპერაში შეიტანა ვანო სარაჯიშვილის თხოვნით.

   ვანო სარაჯიშვილი გახლავთ ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მრავალფეროვანი იყო მისი რეპერტუარი, იგი თანაბარი წარმატებით ასრულებდა როგორც ლირიკულ, ისე დრამატულ პარტიებს. ვანო ის უნიკალური მომღერალია და ისეთი ნიჭის პატრონი, როგორსაც მხოლოდ ღმერთი ჩუქნის ხოლმე ადამიანებს. სარაჯიშვილს ყველა ჟანრში სიმღერა შეეძლო - იყო ეს გუნდი, ხალხური სიმღერა (დღემდე ითვლება „ოროველას" საუკეთესო შემსრულებლად), საეკლესიო მრავალხმიანი გალობა, რომანსები თუ ოპერა. ქართულმა საზოგადოებამ მას „საქართველოს ბულბული“ უწოდა.

   ვანო სარაჯიშვილმა ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერში" აბესალომის გამორჩეული სახე შექმნა. ალბათ, სასწაული ზუსტად ისეთ ამბავს ჰქვია, როგორიც თბილისის ოპერის თეატრში გასული საუკუნის ოციანი წლების ერთ მშვენიერ საღამოს მოხდა: მაყურებლის წინაშე ორი ბუმბერაზი ადამიანი იდგა - ზაქარია ფალიაშვილი, რომელიც თავად დირიჟორობდა „აბესალომ და ეთერის" და ვანო სარაჯიშვილი, აბესალომის პარტიით. თბილისი ამ წარმოდგენას  სუნთქვაშეკრული უსმენდა.

   ვანო სარაჯიშვილის ხმა აღბეჭდილი იყო რამდენიმე ტექნიკურად არასრულყოფილ გრამფირფიტაზე, რომლის რესტავრირებაც განხორციელდა 1999 წელს. კერძოდ, ანზორ ერქომაიშვილის მიერ ლონდონში აღმოჩენილი დედნების საფუძველზე, ნოდარ ანდღულაძემ კი პირველადი სრულყოფილი ხმოვანება აღადგინა. გამოვიდა ამ ჩანაწერების კომპაქტდისკი.

   ვანო სარაჯიშვილი 1924 წლის 11 ნოემბერს საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა თავისი კარიერის ზენიტში და დაკრძალულია თბილისის ოპერის ბაღში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

Share: