The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე (კოტე) იოსების ძე სეხნიაშვილი

კონსტანტინე (კოტე) იოსების ძე სეხნიაშვილი
Other name:კ.ალაზნისპირელი  (Pseudonym)
კოტე  (Pseudonym)
სოფლის ამხანაგი  (Pseudonym)
Date of birth:14 January, 1881
Date of death:1940  (at 58 years)
Burial location:უცნობია
Category:Educator, Publicist, Repressed, Public Figure

Biography

    კონსტანტინე სეხნიაშვილი დაიბადა 1881 წლის 14 იანვარს თელავის მაზრის სოფელ რუისპირში, შეძლებული გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება თავისივე სოფლის სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ პედაგოგიური განათლების მისაღებად თელავსა და გორში სწავლობდა. უმაღლესი განათლება ოდესაში მიიღო.

    1899-1907 წლებში კონსტანტინე სეხნიაშვილი თიანეთის მაზრაში მასწავლებლად მუშაობდა. 1903-1904 წლებში ეპარქიულ სასწავლებელში ქართულსა და რუსულ ენას, გეოგრაფიასა და ხატვას ასწავლიდა.

    1909 წლის 10 სექტემბერს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სასკოლო სექციამ გადაწყვეტილება მიიღო ბორჩალოს მაზრის სოფელ გომარეთში კოტე სეხნიაშვილი მასწავლებლად გაეგზავნა. დიდია სეხნიაშვილის ღვაწლი და დამსახურება გომარეთის სკოლის აღორძინების საქმეში. იგი განუწყვეტლივ ითხოვდა საზოგადოებისგან დახმარებას სკოლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არსებობს საზოგადოების არქივში დაცული მოხსენებები სასწავლებლისთვის უფასო წიგნების მიწოდებისა და მეორე მასწავლებლის დანიშვნის თაობაზე.

    1912 წლის 6 სექტემბერს კოტე სეხნიაშვილმა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სხდომაზე გომარეთის სკოლის მდგომარეობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

    1914 წლის 16 სექტემბერს წერა-კითხვის საზოგადოებამ სეხნიაშვილი დუშეთის მაზრის სოფელ საგურამოს სკოლაში მასწავლებლად გადაიყვანა. დანიშვნიდან სულ რაღაც ორ თვეში კონსტანტინემ საკითხი დააყენა სკოლის ძველი შენობიდან სოფელში გადატანის შესახებ. ეს საკითხი საზოგადოებამ გამგეობის 1914 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე განიხილა.

    1917 წელს მასწავლებელმა კონსტანტინე სეხნიაშვილმა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობას აცნობა, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო საგურამოში დარჩენას ვეღარ შეძლებდა და თანახმა იყო, თელავის ქართულ სასწავლებელში ნაკლებ ჯამაგირზე ემუშავა. მისი თხოვნა დაკმაყოფილებული იქნა და ამავე წლის 24 აგვისტოს საზოგადოების გამგეობამ თელავის განყოფილებას ქართულ სასწავლებელში კონსტანტინე სეხნიაშვილის მასწავლებლად მიღებაზე შეუამდგომლობა წარუდგინა.

   1917-1921 წლებში კოტე სეხნიაშვილი პედაგოგობასთან ერთად თელავის განათლების განყოფილებასაც ხელმძღვანელობდა. იგი იყო გულისხმიერი და ყურადღებიანი ხელმძღვანელი, პროგრესულად მოაზროვნე და კეთილსინდისიერი პედაგოგი. წერა-კითხვის საზოგადოებისგან მიღებული აქვს მრავალი მადლობა და ჯილდო. აქედან მხოლოდ ერთია შემონახული, ლუარსაბ ბოცვაძის ხელმოწერით, რომელიც დათარიღებულია 1911 წლის 6 მაისით.

   პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად კოტე სეხნიაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ქართულ პრესასთან. სხვადასხვა საკითხებზე მისი წერილები ქვეყნდებოდა: „განათლებაში“, „კვალში“, „სხივში“, „მოგზაურში“, „ჯეჯილში“ და „ნაკადულში“.

   1921-1924 წლებში ჩაბმული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და იყო დაპატიმრებული.

   1937 წლის ივლისში კოტე სეხნიშვილი სამშობლოს მოღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და გადაასახლეს შორეულ აღმოსავლეთში, საიდანაც არ დაბრუნებულია.

   კოტე სეხნიაშვილი 1940 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა და მისი დაკრძალვის ადგილი უცნობია. მოგვიანებით იგი რეაბილიტირებული იქნა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1907-1923)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1910-)

Share: