The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ეპისკოპოსი ტარასი

ეპისკოპოსი ტარასი
Legal name:იაკობ გიორგის ძე კანდელაკი
Date of birth:1871
Date of death:12 December, 1951  (at 80 years)
Burial location:მცხეთა, სვეტიცხოვლის ეზო
Category:Religious leader

Biography

     იაკობ კანდელაკი დაიბადა 1871 წელს გორის მაზრის სოფელ კოხტისხევში. მისი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. 

   მშობლებმა სწავლა-განათლების მისაღებად თბილისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში შეიყვანეს, რომელიც მან 1890 წელს დაამთავრა და შემდეგ ქვათახევის სამონასტრო სკოლაში სწავლობდა. ამის შემდეგ მისი ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა ეკლესიას. ბერად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა და ნიჭიერი ყმაწვილი ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიიყვანა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1891 წელს ამავე მონასტერში მორჩილად განამწესეს, ხოლო 1899 წელს მორჩილი იაკობი საინგილოში, ზაქათალის ოლქში, სოფელ ქოთუქ-ჭალის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს, სადაც იგი ინგილოთა დიდი პატივისცემით სარგებლობდა.

     1900 წელს იაკობი ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის საძმოში მიიღეს და მეორე დღესვე, ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად ტარასი უწოდა. აქედან მოყოლებული მამა ტარასი მუდმივად და განუშორებლად იმყოფებოდა მეუფე კირიონთან და მათი ესეთი მჭიდრო ურთიერთობა 1918 წლამდე არ შეწყვეტილა. 

    1900 წელს ეპისკოპოსმა კირიონმა ბერ-მონაზონი ტარასი დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი, შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის საძმოში დაადგინა და მონასტრის ხაზინადრად დანიშნა.

    1901 წელს მამა ტარასი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა, 1902 წელს ალავერდისა და თეთრი გიორგის მონასტრების ხაზინადრად გადაიყვანეს, ხოლო ამავე წელს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში განამწესეს.

    1903 წელს მამა ტარასი ხირსის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. ამავე წელს რუსეთში მყოფმა ეპისკოპოსმა კირიონმა მამა ტარასი თავისთან იხმო. მეუფე იმჟამად ხერსონისა და ოდესის ეპარქიას მართავდა. მამა ტარასი, როგორც გამოცდილი ბერი და მასთან დაახლოებული პირი სამღვდელმთავრო სახლის ხაზინადრობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა, ხოლო 1904 წელს ოფიციალურად დამტკიცდა ხაზინადრად. 

    1904 წელს ეპისკოპოსი კირიონი ორიოლის ეპარქიაში გადაიყვანეს. მამა ტარასი აქაც მის გვერდითა, სამღვდელმთავრო სახლის ხაზინადრად დანიშნა და მალე ეკონომოსობაც მას ჩააბარა. ამასთანავე დაევალა საეკლესიო-არქეოლოგიური მუზეუმის ზედამხედველობაც.

     1904 წელს რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის ბრძანებით ქუთაისში გაუქმდა სასულიერო სემინარია. სწავლა-განათლებას მოწყურებული ქართველი სტუდენტობა რუსეთის სემინარიებს მიაწყდა, რადგან თბილისის სემინარიამ ყველა მათგანის მიღება ვერ შეძლო. მეუფე კირიონის მიწვევით მრავალი მათგანი ორიოლის ეპარქიაში ჩავიდა, სადაც მეუფის აქტიური ჩარევის შედეგად ადგილობრივ სემინარიასთან დაარსდა მეორე პარალელური კლასი, რომელიც ძირითადად ქართველი სტუდენტებისგან დაკომპლექტა. მღვდელ-მონაზონი ტარასი თავისი მხრიდან დიდ ყურადღებას იჩენდა მათ მიმართ და თავის მამობრივ მზრუნველობას ერთნაირად უნაწილებდა ყველა მოწაფეს. ეხმარებოდა როგორც მატერიალურად, ისე სულიერად და ამხნევებდა. მეუფის ლოცვა-კურთხევით მამა ტარასიმ იმოგზაურა მოსკოვში, მოილოცა რუსეთის წმინდა ადგილები და ეკლესია-მონასტრები. გაეცნო იქაურ სამონასტრო ცხოვრებას და ფრიად კმაყოფილი დარჩა იქ მოღვაწე სასულიერო პირებითა და მათი სიმრავლით. თუმცა, ამასთანავე უნდა ითქვას, რომ იგი დიდად სწუხდა საქართველოში ბერ-მონაზვნების შემცირებაზე და სამონასტრო ცხოვრების დაუძლურებაზე. შემდგომში მამა ტარასი ამ მოგზაურობის შესახებ გაზეთ "ივერიაში" წერდა: "მოსკოვი იგივეა რუსეთისათვის, რაც მცხეთა იყო ქართველებისათვის, სანამ ახალ სატახტო ქალაქს დააარსებდა იმპერატორი პეტრე დიდი. მოსკოვს ამ ორასი წლის მანძილზე არ დაუკარგნია თვისი მნიშვნელობა და იგი დღესაც გულია რუსეთისა. ჩვენს მეფეების მისვლა-მოსვლა და ელჩების გზავნა რუსეთში იმ დროს ძირითადად მოსკოვში ხდებოდა. ქართული საეკლესიო წიგნების ბეჭდვაც, ჩვენის ბატონიშვილების წყალობით, მოსკოვის ახლოს დაიწყო. მთელი ახალშენი იყო აქ ქართველებისა. "ქართველების მოედანზე" თავისი ეკლესიაც ჰქონდათ ქართველებს, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც გაუგებარ მიზეზების გამო, დღეს იგი სომხების ხელშია. სასიამოვნოდ უნდა ჩაითვალოს ამას წინად გაზეთებში დაბეჭდილი ცნობა, რომ პეტერბურგის ქართველებს განუზრახავთ საკუთარ ეკლესიის აშენება ქართულ წირვა-ლოცვითაო. მოსკოვშიც ბევრია ქართველობა და დიდად საჭიროა აქაც ქართული ეკლესია. განსვენებული ჩვენი თანამემამულე (გობრონი) მიხეილ საბინინი, რომელმაც დიდი ამაგი დასდო ჩვენს სამშობლო ეკლესიას, ამ სასარგებლო და დიდ მნიშვნელოვან საქმეს ადვილად დააგვირგვინებდა, ცოტა კიდევ რომ ეცოცხლა. საბინინის უპატრონოდ და ობლად დარჩენილი საფლავი ვნახე და ტირილი მომივიდა. ერთი უბრალო ხის ჯვარი ადგია. ქართველობა მოვალეა ამ საქმეში, საწყალს ანდერძად ჰქონდა ნათქვამი რუსეთში ნუ დამტოვებთო, თუმცა ფული და ნივთეულობა საკმარისი დარჩა, მაგრამ მემკვიდრეებმა ქონება ჩაიბარეს და ეს უკანასკნელი მისი თხოვნა კი არ შეიწყნარეს. აღსრულდა გულთამხილავ შოთას სიტყვები: "ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი". მას დიდი ამაგი და ღვაწლი მიუძღვის, როგორც ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის წინაშე, აგრეთვე დავით გარეჯის უდაბნოს წინაშეცა. გარეჯის ლავრას ბევრი რამ შესძინა: კანკელი, მარმარილოს ტრაპეზი, ჯვრები, ბარძიმ-ფეშხუმები, ხატები, მრავალი შესამოსელი და ყოველივე სამკაული ეკლესიისა. მან ბრძანა: ეს რა არისო, პატარა დამაცადეთ, ეს მონასტერი უნდა ავაყვავო და ჩემი ძვლებიც აქ უნდა ჩავყაროო. მაგრამ ულმობელმა სიკვდილმა არ აცალა, ადრე მოუსპო სიცოცხლე. ძველად ათასობით ბერი იყო ამ მრავალმთის უდაბნოში და ვაი ჩვენს დაუძლურებას და ვაი ჩვენს დაკნინებას, რომ დღეს ერთი ბერიც აღარ არის იქ, რომ ოლარი დაიკიდოს და ილოცოს. სულ სხვა მნიშვნელობა აქვს უდაბნოში წირვა-ლოცვას, როგორც თვით უფალი ბრძანებს დავით წინასწარმეტყველის პირით: "ესრეთ წმიდასა შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა შინა გეჩვენო შენ".    

    1906 წლის დასაწყისში ეპისკოპოსი კირიონი სოხუმის ეპარქიაში განამწესეს, რომელმაც მამა ტარასი თავისთან გადაიყვანა და სამღვდელმთავრო სახლის ეკონომოსად დაადგინა. ამავე წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და საკურთხევლად მომზადებულ მღვდელთა, დიაკონთა და მედავითნეთა გამოსაცდელი კომისიის და სოხუმის ეპარქიის მზრუნველობა მოკლებულ სასულიერო პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებელ კომისიის წევრად დაინიშნა. 1907 წელს გათავისუფლდა ეკონომოსის თანამდებობიდან.

   1907 წლიდან მამა ტარასი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

     1908 წელს მამა ტარასი თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში ბერ-დიაკვნის შტატში, ხოლო 1911 წელს მღვდელ-მონაზვნის შტატში დაადგინეს. 1912-1913 წლებში ამავე მონასტრის ხაზინადარი იყო.

    1914 წელს, საკუთარი თხოვნის საფუძველზე, რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზზე სამხედრო საავადმყოფოს ეკლესიის მოძღვრად განამწესეს, სადაც გამოჩენილი მამაცობისათვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

    1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) აღდგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება. საქართველოში დაბრუნებული მღვდელ-მონაზონი ტარასი კრების მონაწილეა და აქტიურად უჭერს მხარს ეპისკოპოს კირიონს, რომელიც ხმების უმრავლესობით კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. უწმინდესმა და უნეტარესმა კირიონმა, დედა-ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის, მღვდელ-მონაზონი ტარასი გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.

    1917 წელს არქიმანდრიტი ტარასი ნათლისმცემლის უდაბნოში ჩავიდა და ხაზინადარ მღვდელ-მონაზონ კვიპრიანესაგან (სუმბაძე) ჩაიბარა მონასტრის ქონება. მონასტრის ზოგიერთი ნივთი, რომელიც ერთ დიდ ტყავგადაკრულ ყუთში იყო დალუქული ბეჭდით, მიბარებული იყო თბილისის ფერისცვალების მონასტერში. ამ ყუთის დალუქვას დაესწრნენ მღვდელ-მონაზონი მირიანი (ბექაური) და მონასტრის მწირბერნი: მიხეილი, ერმოლაოზი და ოქროპირი, ასევე სართიჭალაში მდგარი ქართული პოლკის შვიდი ჯარისკაცი.

    1918 წელს არქიმანდრიტი ტარასი თან ახლდა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონს, როდესაც იგი მუხანათურად იქნა მოკლული. იგი დაუყონებლივ გამოემგზავრა თბილისში და ყოველივე შეატყობინა საკათალიკოსო საბჭოს.

    1925 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ დახურა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი და არქიმანდრიტი ტარასი უადგილოდ დარჩა. იმავე წელს ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) იგი კახეთში, სოფელ საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და სიღნაღის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. ამავე წელს ალავერდის ეპარქია ორად გაიყო და არქიმანდრიტი ტარასი ბოდბის ეპარქიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. მალე ბოდბელ ეპისკოპოს სტეფანესა (კარბელაშვილი) და არქიმანდრიტ ტარასის შორის ურთიერთობა გამწვავდა. კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) იგი ჯერ თბილისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად, შემდეგ კი, 1931 წელსწ ვლადიკავკაზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.

     ვლადიკავკაზში ჩასული არქიმანდრიტი ტარასი ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას, მაგრამ წინააღმდეგობები კიდევ უფრო გაძლიერდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. 1933 წელს სწორედ მან მონათლა ვლადიკავკაზის ქართულ ეკლესიაში ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი, საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ნათლია სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია ზოილე დვალიშვილი იყო.

    1938 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვლადიკავკაზის ქართული ეკლესია დახურა და მამა ტარასიც სამშობლოში დაბრუნდა, სადაც უწმინდესისა და უნეტარესის კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა.

    1939 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ, ურბნელი მიტროპოლიტ მელქისედეკისა (ფხალაძე) და ნინოწმიდელი ეპისკოპოსის იეროთეოზ (აივაზაშვილი) თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წილკნის ეპარქია ჩააბარა. ეპარქიაში ახლად დანიშნულ მღვდელმთავარს მეტად მძიმე სიტუაცია დახვდა.

    1939 წელს ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების დაბეგვრის არსებულ წესში შეტანილი იქნა ცვლილება, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებდა მოქმედი ეკლესიების მდგომარეობას. უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე კანდიდ ჩარკვიანისადმი გაგზავნილ წერილში პირდაპირ აცხადებდა: "ფინანსთა სახკომის ინსპექტორის ასეთი შეუზღუდავი თავისუფლება რამდენიმე დღეში ბოლოს მოუღებს ათასექვსასწლოვანს საქართველოს ეკლესიას, მღვდლები იძულებულნი იქნებიან თავი გაანებონ სამსახურს... სანამ საბჭოთა კონსტიტუციიდან არ არის ამოშლილი 124-ე მუხლი, ნუ იქნება ხელოვნურად მიჩქმალული და ადმინისტრაციული წესით განადგურებული საქართველოს ეკლესია, მით აღგვილი პირისგან ქვეყნისა ქართველი ერის უძველესი კულტურის ცოცხალი ნაშთი".

    1941 წელს განმეორებით წერილში კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე კანდიდ ჩარკვიანს წერდა: "გადასახადების გადაუხდელობის გამო დახურულ ეკლესიათა შორის არის მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესია". გამოიძახეს მისი წინამძღვარი ეპისკოპოსი ტარასი და უბრძანეს 48 საათის განმავლობაში ტაძრის დაცლა. უწმინდესი კალისტრატე მოითხოვდა: 1) ჩაითვალოს სვეტიცხოვლის კრებულის შრომა და ღვაწლი ტაძრის მოვლა-პატრონობისათვის მასზე შეწირული გადასახადის ანგარიშში; 2) დაუყოვნებლივ გახსნილ იქნას სვეტიცხოველი; 3) ჩამოეწეროს ტაძრის წინამძღვარს გადასახადები.  

    მე–20 საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს ეპისკოპოს ტარასის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად შეირყა, იგი ხშირად ავადმყოფობდა.

   წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი გარდაიცვალა 1951 წლის 12 დეკემბერს, 80 წლის ასაკში და დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძრის გალავანში.

   ეპისკოპოსი ტარასი იყო ხალხური სიტყვიერების, ფოლკლორის შემკრები, მას ჰქონდა ლამაზი კალიგრაფია, შემორჩენილია მის მიერ შესრულებული ანბანი. ეპისკოპოსი ტარასი საქართველოს ეკლესიის ცოცხალი მატიანე იყო. მან ბევრი რამ იცოდა და ბევრი საიდუმლოც თან გაიყოლა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1907-)

Awards and Honors

  • 1914 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
    გამოჩენილი მამაცობისათვის
  • 1906 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Bibliography


Share: