The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი გრიგოლის ძე უთურგაული

გიორგი გრიგოლის ძე უთურგაული
Date of birth:10 March, 1851
Date of death:12 October, 1897  (at 46 years)
Burial location:სიღნაღი
Category:Educator, Public Figure

Biography

     გიორგი უთურგაული დაიბადა 1851 წელს ხევსურეთის სოფელ ახიელში. მშობლებმა სწავლა–განათლების მისაღებად პატარა გიორგი თიანეთის პირველ დაწყებით სკოლაში მიაბარეს, რომელიც 1863 წელს დაამთავრა. 1864 წლიდან იგი სწავლას აგრძელებს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1867 წელს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ თომა ტურიაშვილი, გიორგი იოსელიანი და ნიკოლოზ ცხვედაძე. სემინარიაში სწავლის პერიოდში მოსწავლეებმა ხელნაწერი ჟურნალი "შრომა" გამოსცეს და გიორგი უთურგაული ამ ჟურნალის რედაქტორი იყო. ჟურნალში თანამშრომლობდნენ შემდეგში ცნობილი მოღვაწეები: სოფრომ მგალობლიშვილი, ნიკო ლომოური, იოსებ ბაქრაძე და სხვები.

    გიორგი უთურგაულს სასულიერო სემინარია არ დაუმთავრებია. მეოთხე კლასში მას შელაპარაკება მოსვლია ერთ–ერთ მასწავლებელთან და ამ ინციდენტის გამო 1871 წელს სემინარიიდან გარიცხეს. იმავე წელს უთურგაულს თბილისის სამასწავლებლო სკოლაში ჩააბარა მისაღები გამოცდები, რომლის დამთავრების შემდეგ, პედაგოგ ნიკოლოზ ცისკარიშვილის დახმარებით, სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩაირიცხა.

    1875 წელს გიორგი უთურგაულმა მოზდოკის საქალაქო სასწავლებელში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა და ამავე დროს აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ მუშაობაში, რის გამოც მოზდოკში ყველას პატივისცემა დაიმსახურა. 1878 წელს უთურგაული დააპატიმრეს. მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოში მყოფ ხალხოსნებთან და მისი მეშვეობით ისინი დაკავშირებულნი იყვნენ ჩრდილო კავკასიაში მომუშავე რევოლუციონერებთან. როგორც ჩანს, გიორგი ცოტა ხნით ყოფილა დაპატიმრებული, მაგრამ მასწავლებლობიდან მაინც გაანთავისუფლეს. უთურგაული თბილისში დაბრუნდა და 1878–79 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა ნიკო ნიკოლაძის "ობზორში" და გაზეთ "დროებაში. იგი უმთავრესად სწავლა–განათლების საკითხებს აშუქებდა. საინტერესოა მისი წერილი "К вопросу о семинарских историях", რომელიც "ობზორში" დაიბეჭდა და მიმართული იყო შავრაზმელ კერსკის წინააღმდეგ.

    1879 წელს გიორგი უთურგაული "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავტცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრობის კანდიდატად აირჩიეს, ხოლო 1880 წლის 20 იანვარს გამგეობის წევრად დაამტკიცეს.

    1881 წელს უთურგაული ნახიჭევანის სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა, ხოლო 1884 წლის სექტემბრიდან ხონის საოსტატო სემინარიაში გადავიდა, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

      1897 წელს გულით დაავადებული გიორგი უთურგაული იძულებული გახდა ხონში მასწავლებლობისთვის თავი დაენებებინა და თელავში გადასულიყო საცხოვრებლად. მაგრამ მას დიდხანს აღარ უცოცხლია და იმავე წელს 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

      გიორგი უთურგაული დაკრძალულია სიღნაღში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

Bibliography

Contacts Information

  • Business
    Address:ხონის საოსტატო სემინარია

Share: