The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი

პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი
Date of birth:17 October, 1838
Date of death:25 May, 1904  (at 65 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Ethnologist, Linguist, Explorer, Writer, Educator, Publicist, Folklorist

Biography

    პეტრე უმიკაშვილი დაიბადა 1838 წლის 5 ოქტომბერს (ძვ. სტ.) თბილისელი კათოლიკეების ოჯახში. ხუთი წლისას მამა გარდაეცვალა და  პატარა პეტრეს აღზრდა მთლიანად დედას დააწვა ტვირთად.

    პეტრემ პირველდაწყებითი განათლება კათოლიკეთა ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო. ამის შემდეგ სწავლობდა კომერციულ გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1854 წელს პირველ გიმნაზიაში ჩაირიცხა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტრეს გადაწყვეტილი ჰქონდა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, მაგრამ ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის გამო პირველ ხანებში ეს განზრახვა ვერ განახორციელა. პეტრე იძულებული იყო მუშაობა დაეწყო და ვინმე აკოფოვის პანსიონში მეთვალყურე მასწავლებლად მოეწყო. ცოტა ხანში სამსახურს თავი დაანება, მაგრამ მალევე იმავე პანსიონში ქართული ენის მასწავლებლად მიიწვიეს.

    ამ პერიოდში დაიწყო პეტრემ მწერლობა. მისი პირველი ნაშრომი (თარგმანი) "მწერალს რა ეჭირვება" 1860 წელს "ცისკარში" დაიბეჭდა. 1864 წელს მან შეადგინა და დაბეჭდა "ქართული ანბანი", რომელიც რამდენჯერმე გამოიცა. მოგვიანებით დაიბეჭდა მისი წიგნი "ძველი ხალხების ცხოვრება. ინდოელები და ეგვიპტელები". 

    1864 წელს პეტრე ნასესხები ფულით პეტერბურგს გაემგზავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა გამოცდები, სადაც 1867 წლის შემოდგომამდე სწავლობდა. თბილისში დაბრუნებულმა ქართული ენის შტატის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა პირველ გიმნაზიაში. ნამდვილი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა პეტრემ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო. წერდა ორიგინალურ პიესებს, პუბლიცისტურ წერილებს, გამოკვლევებს, აგროვებდა და ბეჭდავდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სცემდა ქართველ კლასიკოსთა თხზულებებს, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას და სხვა. 1874–1880 წლებში რედაქტორობდა "სასოფლო გაზეთს".

     თავის წერილებში, შენიშვნებში და წიგნებში პეტრე უმიკაშვილი ეხებოდა ქართული კულტურისათვის თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქართული ენის მდგომარეობას, სკოლებს და საერთოდ სახალხო განათლების საკითხებს. 1900 წელს ჟურნალ "მოამბის" პირველ ნომერში გამოაქვეყნა წერილი "ქართული თეატრი და ლიტერატურა". 

    1879 წლიდან პეტრე უმიკაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. მას ერთიანად გადაუხდია 100 მანეთი საწევრო ფული. განსაკუთრებულია ის დიდი მზრუნველობა, რომელსაც პეტრე უმიკაშვილი იჩენდა ამ საზოგადოების მიმართ.

    გიმნაზიაში პეტრე უმიკაშვილი 25 წლის განმავლობაში ასწავლიდა. ქართული ენის გაკვეთილები ჰქონდა ქალთა ინსტიტუტშიც და ცოდნასა და ენერგიას არ იშურებდა, რათა საგნის სწავლება სათანადო დონეზე ყოფილიყო დაყენებული.

    1893 წლიდან პეტრემ მასწავლებლობას თავი დაანება და მუშაობა დაიწყო ნიკოლოზ ღოღობერიძესთან, რომელიც მარგანეცის დამუშავებას აწარმოებდა. 1897 წელს ისევ თბილიში დაბრუნდა და მეტად გახარებული კერძო წერილში წერდა: "რა ჰაერია ტფილისში! ვეღარ გავმძღარვარ სუნთქვით და ჭამით. ვხედავ გზაზე ჩემს ნამოწაფრებს პირველ გიმნაზიისას. პატარები დავტოვე, ახლა დავაჟკაცებულან ამ 4 წელს და სიყვარულით, პატივისცემით მეხვევიან გარს. ეს დიდი საჩუქარია ჩემთვის." სიცოცხლის ბოლო წლებში იგი თბილისის სათავადაზნაურო ბანკში მსახურობდა.

    პეტრე უმკაშვილი გარდაიცვალა 1904 წლის 25 მაისს და 28 მაისს კუკიის კათოლიკეთა სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო მოგვიანებით გადაასვენეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

Bibliography


Share: