The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა

სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა
Other name:Секретарь  (Pseudonym)
არჩ.-იანი  (Pseudonym)
კალამი  (Pseudonym)
კალე  (Pseudonym)
სან-ვინი  (Pseudonym)
სანფარი  (Pseudonym)
სიტყვა  (Pseudonym)
ტოროლა  (Pseudonym)
Date of birth:3 January, 1872
Date of death:26 July, 1952  (at 80 years)
Burial location:უცნობია
Category:Lawyer, Founding member, Lawyer, Writer, Politician, Publicist

Biography

    სამსონ ფირცხალავა დაიბადა 1872 წელს სოფელ მათხოჯში. ფირცხალავების ოჯახში დიდი ყურადღება ექცეოდა განათლებას, ამიტომაც ანბანი პატარა სამსონს უფროსმა ძმებმა შეასწავლეს, შემდეგ კი სოფლის დიაკვანს მიაბარეს. მოგვიანებით იგი ხონის ორკლასიან სასწავლებელში შეიყვანეს, შემდეგ ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, რომელიც 1893 წელს დაამთავრა და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პეტერბურგში სწავლის დროს იგი დაუმეგობრდა შემდგომში ცნობილ პიროვნებებს: ივანე ჯავახიშვილს, ზურაბ ავალიშვილს, გრიგოლ რცხილაძეს, იოსებ ბარათაშვილს, არჩილ ჯორჯაძეს, ილია ნაკაშიძესა და ლუარსაბ ანდრონიკაშვილს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ორი თვე მსახურობდა ქუთაისის სახაზინო პალატაში. ამდენივე ხანს იმუშავა ჭიათურაში მანგანუმის მრეწველთა ერთ-ერთ კანტორაში, სადაც წვრილი მრეწველების ინტერესების დასაცავად აქტიურობის გამო იძულებული გახდა, სამუშაო დაეტოვებინა. 

    1901 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და გაზეთ „ივერიის“ კორექტორად დაიწყო მუშაობა. სამსონ ფირცხალავამ სამწერლო მოღვაწეობა 1893 წლიდან დაიწყო. 1901-1902 წლებში მუშაობდა გაზეთ „ივერიაში“. იგი ძირითადად პუბლიცისტურ წერილებსა და ფელეტონებს აქვეყნებდა.

    1902 წლის 14 აპრილს სამუშაოდ გადავიდა „ცნობის ფურცელის“ რედაქციაში და შეუერთდა რედაქციის ირგვლივ თავმოყრილ ჯგუფს, რომელიც შემდგომ საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის დამფუძნებლად იქცა. სამსონ ფირცხალავა იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ლიდერი.

    სამსონ ფირცხალავა ავტორია მრავალი ისტორიული თხზულებისა. 1907 წელს მისი თანაავტორობით გამოვიდა კრებული „ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“.

    1902-1910 წლებში სამსონ ფირცხალავა იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“  გამგეობის წევრი და გამგეობის მდივანი.

    1905 წლის თებერვალში სამსონ ფირცხალავა, როგორც „ცნობის ფურცელის“ კორესპონდენტი, თან ახლდა სულთან კრიმ-გირეის მისიას გურიაში. 1906 წლის იანვრის პირველ რიცხვებში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს და ხელახალი დაპატიმრებისთვის თავიდან აცილების მიზნით პეტერბურგში გაემგზავრა, საიდანაც 1906 წლის მეორე ნახევარში დაბრუნდა და დახურული „ცნობის ფურცლის“ მემკვიდრე გაზეთ „შრომაში“განაგრძო მუშაობა.

    1906-1907 წლებში მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალები „გლეხი“ და „მიწა“, 1908-1909 წლებში კი სალიტერატურო გაზეთები „მზე“ და „ფასკუნჯი“. გამოცემების დახურვის შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლოს ნაფიც ვექილად მუშაობდა.

    1910 წელს სამსონ ფირცხალავა ჟანდარმერიამ კვლავ დააპატიმრა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრობის გამო და ამავე წლის დეკემბერში რუსეთში გადაასახლეს, ქალაქ ტვერში, საიდანაც საქართველოში 1913 წელს დაბრუნდა და დაბრუნების შემდეგ განაგრძობდა პარტიაში მუშაობას.

      1908 წელს სამსონ ფირცხალავა აკაკი წერეთლის საიუბილეო კომიტეტის მდივნად აირჩიეს.

      1917-1921 წლებში იგი გაზეთ „სახალხო საქმეს“ ხელმძღვანელობდა, ხოლო 1922 წელს მისი რედაქტორობით ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემა გამოიცა.

    1917 წლის ნოემბერში სამსონ ფირცხალავა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს, ხოლო 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და 1918 წლის განმავლობაში გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 

    1919 წლის 12 მარტს სამსონ ფირცხალავა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით და მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობის, საპროპაგანდო, სარედაქციო და ხელოვნების კომისიებში.

     1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა  და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. იგი მუშაობდა „ახლო აღმოსავლეთის დახმარების ამერიკულ კომიტეტში“ ( „ARA“) და იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

    1922 წლის 10 თებერვლის ღამით პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად, სამსონი დააპატიმრეს საქართველოს ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებულ საპროტესტო მანიფესტაციების თავიდან არიდების მიზნით და ექვსი თვით იზოლაციის წესით მოთავსებული იყო მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“.

    1922 წლის 15 სექტებერს საქართველოს მწერალთა კავშირმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სსრ „ჩეკას“, რათა სამსონ ფირცხალავა პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ და თავდებადაც დაუდგა. იმავე წლის 26 სექტემბერს საქართველოს სსრ ჩეკას პრეზიდიუმმა დაადგინა, სამსონ ფირცხალავა საპატიმროდან გაეთავისუფლებინათ და ათი დღის ვადა მიეცათ საქართველოს დასატოვებლად. მართლაც სამსონ ფირცხალავა წავიდა ემიგრაციაში და ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზთან ახლოს ლევილის ქართველთა მამულში.

     პოლიტიკური ემიგრანტი სამსონ ფირცხალავა საფრანგეთში აქტიურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა, ჩაბმული იყო ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, მუდმივად თანამშრომლობდა ქართული პოლიტიკური პარტიების „ერთიანი ფრონტის“ გაზეთ „დამოუკიდებელ საქართველოში“ და სოციალისტ-ფედერალისტთა საზღვარგარეთის ორგანიზაციის ჟურნალ „სოციალისტ-ფედერალისტში“. იყო საფრანგეთის ქართველ ჟურნალისტთა კავშირის წევრი. წლების მანძილზე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ქართველი ემიგრანტების შვილებს.

     მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ქართული ემიგრაციის ლიდერები სამშობლოში დაბრუნებაზე, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. სამსონ ფირცხალავამ გადაწყვიტა დათანხმებოდა ამ წინადადებას და 1947 წლის ოქტომბერში მან საქართველოში დაბრუნების ნებართვა მიიღო. 1948 წლის 19 იანვარს სამსონ ფირცხალავა პარიზიდან მოსკოვის გავლით სამშობლოში გამოემგზავრა. დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, ძმისშვილის ოჯახში და მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკის გამგედ.

      1951 წლის 24 დეკემბერს საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა სამსონ ფირცხალავა სამსახურში ყოფნისას დააპატიმრა. მისი ოთახის ჩხრეკისას და შემდგომ დღეებში დაიკარგა სამსონ ფირცხალავას პირადი ბიბლიოთეკის იშვიათი გამოცემები, ხოლო ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი გადაეცა საჯარო ბიბლიოთეკას.

1952 წლის 7 იანვარს სამსონ ფირცხალავას ანტისაბჭოთა საქმიანობაში წარუდგინეს ბრალი და იმავე წლის 5 ივლისს, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ჯარების სამხედრო ტრიბუნალმა მას შრომა-გასწორების კოლონიაში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

   სამსონ ფირცხალავა 1952 წლის 15 ივლისს გადაიყვანეს თბილისის ციხის საავადმყოფოში, სადაც 26 ივლისს, სამის ნახევარზე გარდაიცვალა გამოფიტვის, მწვავე დიზენტერიის და არტერიოკარდიოსკლეროზის დიაგნოზით.

   სამსონ ფირცხალავას საფლავი უცნობია. სავარაუდოდ, დაკრძალულია ციხის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, ერთ–ერთი დამფუძნებელი და ლიდერი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1904-1910)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1916)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის მდივანი (1902-1910)

Share: