The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სტეფანე კარბელაშვილი (ეპისკოპოსი )

სტეფანე კარბელაშვილი
Legal name:ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილი
Date of birth:3 January, 1853
Date of death:8 April, 1936  (at 83 years)
Burial location:თბილისი, ნავთლუღის წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანი
Category:Musician, Educator, Public Figure, Religious leader

Biography

    სტეფანე (ერისკაცობაში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილი) დაიბადა 1853 წლის 1 იანვარს (ძვ.სტ.) გორის მაზრის სოფელ ქვემოჭალაში მღვდლის ოჯახში. მამა ქართული საეკლესიო გალობის ჩინებული მცოდნე და შემსრულებელი ყოფილა.  ვასილმა და მისმა ძმებმა ბავშობიდანვე ოჯახში შეისწავლეს ქართული სასულიერო გალობის ქართლ-კახური კილო. ექვსი წლის ასაკში დედამ „დავითნის“ კითხვა დააწყებინა. საოჯახო განათლების მიღების შემდეგ ვასილი სწავლის გასაგრძელებლად გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს.

    1864 წელს ვასილი ძმებთან - ანდროსა და პოლიევქტოსთან ერთად პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე ხალხური სიმღერების რეპერტუარით და დიდი მოწონება დაიმსახურა. 1867წელს ვასილი ძმებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა.  პარალელურად, 1879 წლიდან თბილისის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა.

    1881 წელს ვასილმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და იმავე წელს თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში ქართულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

   1882 წელს მოსკოვის კონსერვატორიაში ჩააბარა. 1883 წელს თბილისის წმინდა ბარბარეს ეკლესიის მღვდლად აკურთხეს და ამავე დროს თბილისის I სამხედრო ჰოსპიტალში მღვდლის მოვალეობას ასრულებდა. მალევე, თავისივე თხოვნით, ნუხის 3 კლასიან საქალაქო სასწავლებელში გადაიყვანეს და ამავე პერიოდიდან ნუხის სამწმიდათა ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ.

   1888-1890 წლებში, ეგზარქოს პალადის განკარგულებით, თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ეკლესიაში გადმოიყვანეს , სადაც მოსასვენებელი სახლი დააარსა შორიდან მოსულ მლოცველთათვის. წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან გახსნილი ჰქონდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა ორმოცი ბავშვისათვის, რომელთათვისაც გამოყოფილი ჰქონდა ორი ოთახი საკუთარი ბინიდან და მათ საკუთარი ხარჯით ინახავდა.

   1893-1899 წლებში მასწავლებელთა საზოგადოების სკოლის სჯულის მასწავლებელი იყო და ამავე დროს სახალხო სასწავლებელთა დირექციის წევრი.

   1899 წელს საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს.

   1903 წლიდან ქალაქ შემახიის ეკლესიაში გადიყვანეს, ხოლო 1904 წელს გორის ტაძრის მეორე მღვდლად განამწესეს. ამავე დროს ასრულებდა სანთლის ქარხნის მმართველის მოვალეობას.

   1904-1906 წლებში საეკლესიო ნივთების მაღაზიას განაგებდა. 1905 წელს,  თავისივე თხოვნით, ეგზარქოსმა ალექსიმ თბილისის სამების ტაძრის წინამძღვრად დანიშნა, ტაძრის სამრევლო სკოლაში ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულსა და რუსულ-ქართულ გალობას.

   ვასილ კარბელაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის I, II, III და IV საეკლესიო კრებების მუშაობაში.

   1919 წელს დეკანოზის ხარისხში აიყვანეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს ვასილ კარბელაშვილი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას და ყველაფერს აკეთებდა მასთან საერთო ენის გამოსანახავად.

   1922 წელს კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში გადაიყვანეს.

    1925 წელს ბერად აღიკვეცა სტეფანეს სახელით და იმავე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით, ბოდბის ეპისკოპოსად აკურთხეს.

   1928 წელს ბოდბის ეპისკოპოსობიდან გაათავისუფლეს და ალავერდში გადაიყვანეს. 1929 წელს აქედანაც გაათავისუფლეს და 1930 წლის 1 იანვარს დროებით დაინიშნა კარის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდლად.

    1934 წელს, პირადი თხოვნის საფუძველზე, ავადმყოფობის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა კალისტრატემ გაათავისუფლა კარის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრობიდან.

   სტეფანე კარბელაშვილი გარდაიცვალა 1936 წლის 8 აპრილს და დაკრძალულია წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანში.

   2011 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს ეკლესიის წინაშე უამრავი დამსახურებისათვის,  წმიდა სინოდის განჩინებით, ეპისკოპოსი სტეფანე წმინდანად შეირაცხა.

Member of Organizations

  • საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოება, წევრ-კორესპონდენტი (-1899)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

Share: