Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე![]()
Biographyშალვა ქარუმიძე დაიბადა 1887 წელს გორის მაზრის სოფელ თორტიზაში. საშუალო განათლება თბილისის ქართულ გიმნაზიაში მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა. 1912 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის ქართულ გიმნაზიასა და ქალთა საოსტატო სემინარიაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1913 წელს სახალხო უნივერსიტეტში ლექტორად მიიწვიეს, სადაც სამი წლის განმავლობაში კითხულობდა მსოფლიო ისტორიის კურსს. იმავე წელს აირჩიეს საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრად. 1914 წელს "ამიერკავკასიის მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის" პირველმა ყრილობამ აირჩია საბჭოს წევრად, სადაც პირველ პერიოდში ასრულებდა მდივნის მოვალეობას. პირველი მსოფლიო ომის წლებში შალვა ქარუმიძე "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" ადგილობრივი განყოფილების დამაარსებელი და აქტიური წევრი-მეკავშირე გახლდათ. მისი ფუნქცია იყო მეზობელ ერებთან კავშირის დამყარება. დაჯილდოვდა თამარ მეფის ორდენით, რომელიც ამჟამად ინახება სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში. შალვა ქარუმიძე მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. 1915 წელს საქველმოქმედო საზოგადოებამ რწმუნებულად დანიშნა ხევსურეთის საქმეებში. იყო მეცხვარეთა კოოპერატიული ამხანაგობის "მწყემსის" გამგეობის თავჯდომარე. 1917 წელს იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი. 1917 წლის ნოემბერში შალვა ქარუმიძე აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად და 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპულიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1918 წლის შემოდგომაზე, საქართველოს ეროვნლ-დემოკრატიული პარტიაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ გახდა "ეროვნული პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1920 წლის მაისში, დამატებითი არჩევნების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტიის სიით და მუშაობდა ტექნიკურ კომისიაში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ საქართველოში დარჩა და პოლიტიკას ჩამოშორდა. 1921 წლის ბოლოს შალვა ქარუმიძემ "მწყემსის" კუთვნილი მატყლის პარტია სარეალიზაციოდ საზღვარგარეთ გაიტანა და 1922 წლის ზაფხულში, სავაჭრო ოპერაციების დასრულების შემდეგ, აღარ დაბრუნდა საქართველოში და დარჩა სტამბოლში. ემიგრაციაში აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნის საკითხებზე პოლიტიკურ პარტიათა შორის მოლაპარაკებათა პროცესში. 1924 წლის მეორე ნახევრიდან საბჭოთა სპეცსამსახურები ცდილობდნენ შალვა ქარუმიძე ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. 1925 წლიდან შალვა ქარუმიძე სპირიდონ კედიას ჯგუფს შეუერთდა, რომელიც გამოეყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციას. შალვა ქარუმიძემ წამოაყენა წინადადება, რომ მოეჭრათ ყალბი საბჭოთა ფული და მისი გავრცელებით დაესუსტებინათ საბჭოთა ეკონომიკა. იდეა მოწონებულ იქნა და მან რამდენიმე პირთან ერთად დაიწყო კიდეც გერმანიაში ყალბი საბჭოთა "ჩერვონეცების" დაბეჭდვა და საბჭოთა კავშირში გავრცლება. ამის გამო იგი გერმანიაში პასუხისგებაში მისცეს. პროცესი 1930 წელს მიმდინარეობდა, თუმცა შალვა ქარუმიძე პროცესის დასრულებას აღარ დაელოდა და შვეიცარიაში გადავიდა. 1934 წელს შალვა ქარუმიძე ბერლინში დაბრუნდა და ქართულ და ჩრდილოკავკასიურ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად დააარსა ნაციონალისტური მიმართულების ორგანიზაცია „კავკაზი“. გამოსცემდა გაზეთ „კლდეს“. მცირე ხნის შემდეგ პოლიტიკური დევნის გამო კვლავ დატოვა გერმანია და შვეიცარიაში დაბრუნდა. შალვა ქარუმიძე გარდაიცვალა 1952 წლის 1 მარტს ბერნის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და დაკრძალულია შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |