The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სიმონ ალექსის ძე ქვარიანი

სიმონ ალექსის ძე ქვარიანი
Date of birth:13 April, 1868
Date of death:14 January, 1946  (at 77 years)
Burial location:თბილისი
Category:Historian, Writer, Educator, Publicist

Biography

     სიმონ ქვარიანი დაიბადა 1868 წელს ქუთაისში. საშუალო განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო და სწავლა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა, მაგრამ ხელმოკლეობის გამო კურსი ვერ დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.

    საქართველოში დაბრუნებული სიმონ ქვარიანი მუშაობას იწყებს წინანდლის საუფლისწულო მამულში, სადაც საფუძვლიანად გაეცნო მევენახეობა–მებაღეობის დარგს, სწავლობდა ფრანგულ ენას და დიდ დროს ანდომებდა ზოგად განვითარებას. მან 1887 წელს პირველმა აღმოაჩინა საქართველოსა და ამიერკავკასიაში ვაზის გამანადგურებელი ფილოქსერა. დასავლეთ საქართველოში ამერიკულ ვაზზე დამყნილი სანერგეები გააშენა და ნაყოფიერი ბრძოლა გასწია ვენახის გამანადგურებელი ავადმყოფობის აღმოსაფხვრელად.

   1894–1896 წლებში სიმონ ქვარიანი ა/კ რკინიგზის სამმართველოში მუშაობს და უმაღლესი აგრონომიული განათლების მისაღებად საფრანგეთში წასასვლელად ემზადება. 1897 წელს იგი მიემგზავრება საფრანგეთში. პირველად სწავლას იწყებს ქალაქ ლიონში, შემდეგ გადადის მონპელიეში და საბოლოოდ სწავლის გასაგრძელებლად ირჩევს პარიზს. საფრანგეთში იგი დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა. ფრანგულ ჟურნალ–გაზეთებში ათავსებდა წერილებს და ატარებდა რუსული ენის გაკვეთილებს.

   1899 წელს სიმონ ქვარიანი მონპელიეში უმაღლეს აგრონომიულ სასწავლებელს ამთავრებს, ამავე დროს ჩააბარა გამოცდები და დაამთავრა უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტი. საფრანგეთში ყოფნისას სიმონი ხშირი სტუმარი იყო  პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკისა, სადაც მან საქართველოსთვის ფრიად საჭირო და საინტერესო მასალები აღმოაჩინა, რომლის გამოყენებით დაწერა: "ქართველი ერის უძველესი კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში". მის კალამს ეკუთვნის მეტად საყურადღებო ნაშრომი: "შოთა რუსთაველი და მისი პოემა", რომელიც 1903 წელს ჟურნალ "მოამბეში" დაიბეჭდა, ხოლო 1914 წელს ცალკე წიგნად გამოიცა.

    1899 წელს სიმონ ქვარიანი საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისში ამხანაგობა "ზვარი" დააარსა. ამავე დროს მან დააარსა ფარული წრე, სადაც სხვებთან ერთად მოსწავლე ახალგაზრდობას საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე ლექციებს უკითხავდა.

    1900–1903 წლებში გამოიცა სიმონ ქვარიანის ლექსთა კრებული "სუმბული", წიგნი "ევროპის მეაბრეშუმეობაზე", "შავი ქვის საქმე", "სამი გმირი", "ვიზიტი", პარალელურად რეგულარულად ათავსებდა პუბლიცისტური ხასიათის წერილებს ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში.

    1907 წელს სიმონ ქვარიანი ცნობილმა პედაგოგმა იოსებ ოცხელმა ფრანგული ენის, ქართული ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში მიიწვია, სადაც მან მოსწავლე ახალგაზრდობაში დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა, როგორც პედაგოგმა და მხურვალე პატრიოტმა.

   1908 წელს სიმონმა სკოლებისთვის სახელმძღვანელოდ შეადგინა "საქართველოს ისტორიის ეპიზოდური კურსი", რომელიც იმ დროისთვის დიდი მოვლენა იყო. წიგნი არნახული სისწრაფით გაიყიდა. 1910 წელს  სიმონ ქვარიანმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით დაწერა ისტორიული მონოგრაფია დიდი მოურავი გიორგი სააკაძის ეპოქის შესახებ სათაურით "ქართველი ერის ტრაგედია მე–17 საუკუნეში". ეს წიგნი დაიბეჭდა 1911 წელს. სიმონ ქვარიანი გიორგი სააკაძის ცხოვრება–მოღვაწეობის შესახებ ხშირად გამოდიოდა სისტემატური ლექციებითაც.

   1912 წლის ბოლოს სიმონ ქვარიანი ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა მასწავლებლობისთვის თავი დაენებებინა და მან ინტენსიურად მიჰყო ხელი მწერლობასა და საზოგადოებრივ საქმიანობას.

    1915–1916 წლებში სიმონმა შეადგინა "ქართველი ერის ისტორია", რომელიც 1919 წელს გამოიცა. 1916 წლიდან იგი ქუთაისიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოდის, სადაც როგორც გამოცდილ მუშაკს კოოპერაცია "შრომას" გამგეობის თავმჯდომარედ ირჩევენ. 1918 წლიდან საცხოვრებლად გადადის სოხუმში და არჩეული იქნა ქალაქის საბჭოს წევრად. 1920 წლიდან სიმონ ქვარიანი ოჯახით ბათუმში ცხოვრობს და საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში იწყებს მუშაობას. ამავე დროს სამხედრო–საზღვაო სასწავლებელში ქართული და ფრანგული ენების ლექტორად იწვევენ და პარალელურად ბათუმის ქართულ და რუსულ ჟურნალ გაზეთებშიც თანამშრომლობს. 

    1923 წლიდნ სიმონ ქვარიანი საბოლოოდ ბრუნდება თბილისში და მუშაობას იწყებს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. დიდი წარმატება ხვდა წილად სიმონ ქვარიანის ისტორიულ რომანს "დიდი მოურავი", რომელიც 1937 წელს ცალკე წიგნად გამოსცა "ფედერაციამ".

    ნახევარი საუკუნის მანძილზე სიმონ ქვარიანი მრავალმხრივ ლიტერატურულ, პუბლიცისტურ, პედაგოგიურ და პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი გარდაიცვალა 1946 წლის 14 იანვარს 78 წლის ასაკში და დაკრძალულია თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი

Awards and Honors

  • 1930 - შრომის გმირი

Bibliography


Share: