The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ (გიგო) ზაქარიას ძე ქურდიანი

გრიგოლ (გიგო) ზაქარიას ძე ქურდიანი
Date of birth:5 March, 1873
Date of death:14 June, 1957  (at 84 years)
Category:Engineer, Educator, Public Figure

Biography

    გრიგოლ ქურდიანი დაიბადა 1873 წლის 5 მარტს საგარეჯოში სასულიერო პირის ოჯახში. დაწყებითი განათლება საგარეჯოს სკოლაში მიიღო, ხოლო საშუალო თბილისის რეალურ სასწავლებელში.

   1898 წელს ხარკოვის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა. სტუდენტობის დროს  სამხრეთ-აღმოსავლეთის რკინიგზათა სახელოსნოში მემანქანის თანაშემწედ მუშაობდა ვორონეჟში. 1895 წელს ორთქმავლის მემანქანეობის გამოცდები ჩააბარა და მატარებელი დამოუკიდებლად დაჰყავდა.

    1898 წელს, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, ახტალის მაღაროებში ფრანგების კომპანიაში ალავერდის სპილენძსადნობ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, რომლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაქო-ბალახანაში, ნობელის ნავთის სარეწაოებში გადავიდა სამუშაოდ.

    1900 წლიდან 1921 წლამდე თბილისის საქალაქო თვითმმართველობაში მსახურობდა წყალსადენის ქსელის გამგედ, შემდეგ დირექტორად და ბოლოს თბილისის თვითმმართველობის მთავარი ინჟინერის თანამდებობაზე.

     1901 წლიდან, თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტესად უწყლო ადგილებში, საძირკველი ჩაუყარა სასოფლო წყალსადენების და წყაროების გამოყვანას. სოფლის გაჯანსაღების მიზნით  წყაროები გამოიყვანა და წყალსადენები გამართა კახეთის, ქიზიყის, ქართლის, მანგლისის რაიონის და სხვა, თითქმის 140-მდე სოფელში. ქურდიანი განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდა იმას, რომ გლეხობას წყლის გამოყვანაში დიდი ხარჯი არ მოსვლოდა, ისეთ ადგილებიდან გამოჰყავდა, რომ წყალს ბუნებითი მდინარება ჰქონოდა და  საქაჩები არ დასჭირვებოდა. ხშირად ისეთ ადგილასაც აღმოაჩენდა წყალს, სადაც სხვა ფიქრადაც ვერ გაივლებდა გუნებაში. ნინოწმინდაში უწყლობით შეწუხებული ხალხისთვის წყლის გამოსაყვანად 3.000 მან. ხარჯთაღრიცხვა შეადგინა. მეფის მთავრობამ ეს გეგმა არ დაამტკიცა: სად გაგონილა ასე იაფად წყლის გამოყვანაო და გეგმა უკან დააბრუნა. თბილისის ქალაქის ბურჟუაზიული თვითმმართველობა სრულიად არ თანაუგრძნობდა სოფლად წყალსადენების მშენებლობას. სამაგიეროდ, თავად ქურდიანი ხალხში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. "ტყის ძმების" ბელადმა, იმ დროს ცნობილმა და მეფის მთავრობის თავზარდამცემმა პატარა ნიკამ (კასრაძემ) ქურდიანს "ფირმანიც" კი გამოუგზავნა – "დღე და ღამე საითაც გსურს, გაიარ-გამოიარე, შენი ხმის გამცემი არავის იქნებაო."
    საბჭოთა წყობილების დამყარებამდე საქართველოში სოფლებს არცთუ ისე უწყობდნენ ხელს წყლის გამოყვანის საქმეში, მხოლოდ ქურდიანმა მოახერხა პირადი გავლენით, უანგარო შრომითა და ნდობით ბევრ სოფელში ჯანსაღი, უფასო წყაროებისა და წყლების გაყვანა
    1902 წელს მიხა ჩოდრიშვილთან, ქარგალთა და ოსტატ-დამქირავებელთა "შემაწუხებელ" მუშებთან ერთად თბილისში, მადათოვის კუნძულზე შექმნა არტელი "შრომა", რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო, 5–6 წლის განმავლობაში მძაფრად ებრძოდა მწარმოებელთ და 100-მდე მშრომელი გაათავისუფლა სახელოსნოების ბატონ-პატრონთა ეკონომიური ჩაგვრისაგან.

      1908-1910 წლებში, თბილისის თვითმმართველობაში მუშაობის დროს საკუთარი გეგმით გარდაქმნა ქალაქის წყალსადენის ქსელი და წყლის გამოყვანის მიზნით  გამოიკვლია ბულაჩაურ-ნატახტარის წყაროები. თბილისის ქუჩები ქვაფენილით მოაპირკეთა და დაიწყო ქალაქის დაგეგმარება.

    1913 წელს გერმანიაში მივლინებით გააგზავნეს წყალმეურნეობის ყრილობაზე წყალსადენის საქმის გასაცნობად, ხოლო 1925 წელს თბილისის აღმასკომმა საზღვარგარეთ გაგზავნა ქალაქის კეთილმოწყობისა და კურორტთა მშენებლბის საქმიანობის გასაცნობად.

    1921 წელს, საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, გრიგოლ ქურდიანი სახალხო მეურნეობის უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფო ნაგებობათა კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

    1922 წელს ქვემო ქართლში, სოფელ ჩათახის თუჯსადნობი ქარხნის აღმადგენელ მთავარ ინჟინრად მიავლინეს.

    1924 წელს თბილსაბჭომ კვლავ მთავარ ინჟინრად მიიწვია, საიდანაც 1930 წელს სახალხო მეურნეობის მთავარ ინჟინრად გადაიყვანეს, ხოლო 1934 წელს სანიტარულ-ტექნიკური საგეგმო სახელოსნოს გამგედ დანიშნეს.

    გრიგოლ ქურდიანი გარდა სამსახურეობრივი საქმიანობისა, აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის  საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა საქმიანობაში და სცენისმოყვარეებს მთელი კვირაობით თვით ქურდიანის ოჯახი მასპინძლობდა ხოლმე. იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი, მხურვალე მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში, შექმნა საქართველოს ტექნიკური საზოგადოება, რომელსაც ხუთი წელი თავად თავმჯდომარეობდა, მუდმივი წევრი იყო საკავშირო სანიტარიული ბიუროსი, თანამშრომლობდა ჟურნალ "ტექნიკასა და შრომაში", თბილისის თვითმმართველობისა და თბილსაბჭოს ყველა დროგამოშვებით გამოცემაში და სხვა, ქვეყნისთვის სასარგებლო წამოწყებებში.
    გრიგოლ ქურდიანი ეწეოდა პედაგოგირ საქმიანობას. როგორც მეცნიერ-მუშაკი, ინდუსტრიულ ტექნიკუმში მასწავლებლად მუშაობდა, იყო უნივერსიტეტის ლექტორი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 15 წლის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა სანიტარული ტექნიკისა და ქალაქთა კეთილმოწყობის სხვადასხვა დისციპლინაში და აღზარდა ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა მთელი თაობა.

     გრიგოლ ქურდიანი გარდაიცვალა 1957 წლის 14 ივნისს თბილისში.

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-1911)

Awards and Honors

  • 1932 - შრომის გმირი

Share: