The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე

ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე
Date of birth:1872
Date of death:1951  (at 79 years)
Category:Medical Doctor, Publicist

Biography

     ქართველი ექიმი, თერაპევტი, პედიატრი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პარიზის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე. მისი მამა, დეკანოზი დავით ღამბაშიძე ჟურნალ „მწყემსის" გამომცემელ-რედაქტორი იყო. სწავლობდა ქუთაისის, შემდეგ თბილისის გიმნაზიაში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, შემდეგ ორი წლით სწავლობდა პარიზში. აქვე შეირთო მეუღლე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა საექიმო პრაქტიკას შორაპნის მაზრაში. პირველი რესპუბლიკის ხანაში ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას (მისი მეუღლე-ვანდა ივ.ჯავახიშვილის მოწვევით ინგლისური ენის პროფესორი იყო). 1904 წელს ბორჯომის ხეობაში დააფუძნა სანატორიუმი „პატარა ცემი". ქართულ ენაზე პირველი სამედიცინო ჟურნალის "ქართული სამკურნალო ფურცელი" (1908) რედაქტორ-გამომცემელი. მეგობრობდა აკაკი წერეთელთან, გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, ცნობილია ილია ჭავჭავაძის და სხვა საზოგადო მოღვაწეთა მის მიერ გადაღებული ფოტოები. გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაშია ოჯახთან ერთად. 1921 წლის ნოემბრიდან კონსტანტინოპოლშია და მეუღლესთან ერთად "წითელ ჯვარში" მსახურობს, ეხმარება ქართველ ლტოლვილებს. 1924 წლიდან პარიზშია. 19 წლის მანძილზე, სამჯერ ზედიზედ, იყო არჩეული საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ (ამ პოსტზე გიორგი ჟურული შეცვალა). მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა სამხედრო ტყვეების დასაცავად შექმნილ ორგანიზაციას -„ქართულ ეროვნულ კომიტეტს". ვახტანგ ღამბაშიძე იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი და მისი დაკრძალვის მთავარი ორგანიზატორი. იყო ქართულ კულტურის და ენის მოამაგე. დაარსა ქართული ბიბლიოთეკა და ჟურნალი "მერანი", ეხმარებოდა სიძეს, შოთა ნიკოლაძეს, ქართული სასწავლებელის - "კერას", და სპორტული ასოციაციის - "შევარდენის" შექმნაში. თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში („ბედი ქართლისა", და სხვ), მეგობრობდა მიხაკო წერეთელთან, გრიგოლ რობაქიძესთან.

   ვახტანგ ღამბაშიძე გარდაიცვალა 1951 წელს, შოტლანდიაში


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1898-)

Contacts Information

  • Home
    Address:შოტლანდია

Share: