The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე

ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღაბერიძე
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1838
გარდაცვ. თარიღი:27 მარტი, 1911  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:გეოგრაფი, ისტორიკოსი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

     ნიკო ღოღობერიძე დაიბადა 1838 წელს ქუთაისში. დაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო და შემდეგ გადაიყვანეს თბილისის გიმნაზიაში, რომელიც 1857 წელს დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის საისტორიო–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა და რომელიც 1861 წელს წარჩინებით დაამთავრა.  სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებულ პატრიოტულ წრეში, მეგობრობდა ცნობილ რუს მოღვაწეებთან: ნ. დობროლუბოვთან, ნ. პანტელეევთან, დ. ხოროშევსკისთან და სხვებთან. ნიკოს შესთავაზეს უნივერსიტეტში პრივატ–დოცენტად დარჩენა, მაგრამ მან სამშობლოში დაბრუნება არჩია და თბილისის პირველ გიმნაზიაში ლათინურის, გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

      პედაგოგიური საქმიანობის გარდა ნიკო ღოღობერიძე ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად დაინიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად. ეს ორი მოღვაწე სტეფანე მელიქიშვილსა და ვახტანგ თულაშვილთან ერთად თბილისში აარსებენ ქართულ სტამბას, შეადგინეს ახალი მრგვალი შრიფტი, რომელიც შეუკვეთეს ვენაში და რომელიც "ვენური შრიფტის" სახელითაა ცნობილი. სტამბაში იბეჭდებოდა ქართული წიგნები და ჟურნალ–გაზეთები. მათივე თაოსნობით დაარსდა "დროება", სადაც ნიკო ღოღობერიძე თავადაც აქვეყნებდა სტატიებს. 

    თბილისის გიმნაზიის დირექტორ ჟელიხოვსკისთან უთანხმოების გამო ნიკო ღოღობერიძემ დატოვა გიმნაზია და ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად მთელი ენერგიით შეუდგა სასოფლო სკოლების მოწყობას და მათი დამსახურებით ბევრ სოფლებში გაჩაღდა განათლების ახალი კერები. ყველანაირად ეხმარებოდნენ სოფლის მასწავლებლებს და ამარაგებდნენ მათ წიგნებითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით.

   1868 ნიკო ღოღობერიძემ ასპარეზი გამოიცვალა და მუშაობას იწყებს სასამართლო სისტემაში ჯერ თბილისში, ხოლო  შემდეგ ქუთაისში. აქვე აირჩიეს საადგილმამულო ბანკის მმართველად. ორი საარჩევნო ვადის შემდეგ ნიკომ დატოვა ბანკი და ჩაება მარგანეცის მოპოვება-დამუშავების საქმეში. თერთმეტი წლის მანძილზე დააგროვა დიდძალი თანხა, რასაც უანგაროდ ახმარდა ქართველი ერის სამსახურს. 

   1879 წლიდან ნიკო ღოღობერიძე იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. მან 66 ათასი მანეთი ანდერძად დაუტოვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებებს.

    სიცოცხლის ბოლო წლები ნიკომ ევროპაში გაატარა, მხოლოდ ზაფხულობით ორიოდე თვით ჩამოდიოდა სამშობლოში.

    ნიკო ღოღობერიძე გარდაიცვალა 1911 წელს და დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქუთაისი

გააზიარე: