The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი

ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი
Other name:მოჩხუბარიძე  (Pseudonym)
მოხევე  (Pseudonym)
Date of birth:20 January, 1848
Date of death:22 December, 1893  (at 45 years)
Burial location:ხევი, სტეფანწმინდა
Category:Writer

Biography

   ალექსანდრე ყაზბეგი დაიბადა 1848 წლის 20 იანვარს (ძვ.სტ. 8 იანვარი) სტეფანწმინდაში ხევის მებატონის მიხეილ ჩოფიკაშვილისა და  ელისაბედ (კეკე) თარხნიშვილის ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი და ხევის გამგებელი გაბრიელ ყაზბეგი.

   ალექსანდრეს მშობლებმა საფუძვლიანი განათლებაც მისცეს. ალექსანდრეს დედა ელისაბედი, კულტურული, ქართული მწერლობის მოტრფიალე და ოჯახის მოსიყვარულე ქალი ყოფილა. მას შინაური მასწავლებლები ადრეულ ასაკში მიუჩინეს, რომლებიც ამეცადინებდნენ უცხო ენებში, ხელოვნებასა თუ სხვადასხვა საბუნებისმეტყველო საგნებში.  

   1850 წელს თბილისში ჰაკეს პანსიონში სწავლობდა, ხოლო 1862 წელს კანონიჩის პანსიონში.

   1863 წლიდან ალექსანდრე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა. 12 წლისა იყო, როცა მისი პირველი ლექსი ივანე კერესელიძემ „ცისკრის“ 1861 წლის დეკემბრის ნომერში დაბეჭდა.

   1865 წლიდან მშობლებმა ალექსანდრე სასწავლებელში აღარ გააგზავნეს. დიდთოვლობის გამო ოჯახმა ხევიდან თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. პატარა ალექსანდრე სწავლას მოწყდა, რასაც ძალიან განიცდიდა, მაგრამ იძულებული გახდა ბედს შერიგებოდა. ერთი წლის შემდეგ მშობლებმა გადაწყვიტეს სასწავლებელში აღედგინათ, მაგრამ, ჩანს, ეს შეუძლებელი გახდა.

   1866 წელს ალექსანდრე ყაზბეგს მამა გარდაეცვალა. ამ დროს ოჯახს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა: „უბედურება მოჰყვა უბედურებას და შუა ზაფხულში გარდაიცვალა მამა ჩემი! გარდაიცვალა იმ დროს, როდესაც შინ ერთი გროში არა გვქონდა, გარდა იმ ათის თუმნისა, რომელიც მე ჩავუტანე იმ უბედურს სიკვდილის წინა დღით და რომელიც იყო ნაყოფი პირველი ჩემის ოფლისა.“

   მამის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრე ყაზბეგის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. მან გლეხებს მიწები  უსასყიდლოდ დაურიგა, დარჩენილი ქონების დიდ ნაწილიც გასცა, რის შემდეგაც თავადაც თითქმის უარაფროდ დარჩა. მას დიდი წარმატება ელოდა სამხედრო სამსახურში, მაგრამ სამხედრო კარიერაზე უარი სთქვა. ოჯახს დიდი სურვილი ჰქონდა მისი დაოჯახებისა, მაგრამ 1867 წელს დედისაგან კურთხევა მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად 18 წლის ახალგაზრდა ყაზბეგი უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გაემგზავრა. მოსკოვში მწერალს მატერიალურად მეტად შეზღუდულ პირობებში უხდებოდა ცხოვრება. იგი სამეურნეო აკადემიის სტუდენტი გახდა. სწავლას მთელი მონდომებით შეუდგა: „ქვეყანაზედ აღარაფერზედ, ვფიქრობ, გარდა ჩემს სწავლაზედ“. მოსკოვმა მისი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და ამის გამო პეტერბურგს გაემგზავრა სხვა სასწავლებელში შესასვლელად, მაგრამ ვერ მოუხერხებია სურვილის განხორციელება და 1870 წელს სამშობლოში დაბრუნდა.

   სამშობლოში მობრუნებული ალექსანდრე ხალხის ყოველდღიური ყოფის ზედმიწევნით შესწავლის სურვილით მთაში მწყემსად წავიდა. მწერალმა ამ არჩევანით მამა-პაპის მიერ ნაცად გზასა და თანამდებობრივ კარიერაზე უარი სთქვა. ამ გზაზე მწერალმა მრავალი დაცინვა და დამცირება გადაიტანა, მაგრამ თავისი არჩევანით მან მიზანს მიაღწია, დააგროვა უამრავი მასალა მოთხრობებისათვის, პრინციპულობა და უკომპრომისობა გამოამჟღავნა. მთაში გატარებული შვიდი წელი მეტად ნაყოფიერი გამოდგა. მწერალს მთიელი ხალხი დაუახლოვდა, მათ შორის მეგობრობა და ურთიერთსიყვარული დამყარდა.

   ალექსანდრე ყაზბეგი პირად ცხოვრებაში უიღბლო გამოდგა. ბევრი გადმოცემა არსებობს მისი სასიყვარულო ისტორიებისა, რასაც დედისადმი მიწერილი წერილებიც ადასტურებს, თუმცა საბოლოოდ მას ოჯახი არ შეუქმნია.

   ყაზბეგი მწყემსობის შემდეგ თბილისში დასახლდა, მაგრამ არ ჰქონდა საკუთარი ბინა. ხან სასტუმროში იყო, ხან რომელიმე ორგანიზაციაში სამადლოდ გამოყოფილ ოთახში. იმ დროს თეატრის დასს აკაკი წერეთელი ხელმძღვანელობდა. მან გამოიტყუა სასტუმროს ნომერში გამოკეტილი ყაზბეგი გარეთ და ქართული თეატრის სცენაზე აიყვანა. როცა თეატრს საქმე ცუდად წაუვიდა, აკაკიმ „დროებაში“ გადაიყვანა და სერგეი მესხს მიაბარა, ბინაც რედაქციის შენობაში მიუჩინეს.

   1880 წელს ყაზბეგმა მოთხრობა „ციცკა“ გამოაქვეყნა. ერთ წლის შემდეგ „დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“. „ელგუჯას“ მოჰყვა „მამის მკვლელი“, „ელისო“, „ნამწყემსარის მოგონებანი“, „ციკო“, „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“ და სხვები. ყაზბეგი იყო ალბათ ერთადერთი მწერალი, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მოქცეული ქართველი ხალხის ტრაგიკული მდგომარეობა მოურიდებლად და პირდაპირ გამოხატა თავის ნაწარმოებებში. ეს ცენზურამაც შეამჩნია და 1884 წელს წიგნად გამოცემული „ელგუჯას“ მთელი ტირაჟი გაანადგურეს. ალექსანდრე ყაზბეგის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნაწარმოები „მოძღვარი“ 1885 წელს „ივერიაში“ დაიბეჭდა.

    ალექსანდრე ყაზბეგს საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ბავშვობიდან გამოყოლილ ახირებულ ხასიათს ფსიქიკური აშლილობაც დაერთო. ბიოგრაფთა ცნობით, მას ერთხელ საგვარეულო სახარება და დედის ქირმანის შალი 15 მანეთად გაუყიდია, ფული მოუგროვებია, ბათუმში წასულა და იქიდან მაიმუნი ჟაკო ჩამოუყვანია. ბოლოს მაინც ისეთ გაჭირვებაში ჩავარდნილა, რომ საყვარელი ჟაკო თუმნად გაუსხვისებია.

   1886 წელს ალექსანდრე ყაზბეგს ცხადად დაეწყო ფსიქიკის რღვევა. ყველასაგან გარიყული მხოლოდ მოთხრობების წერით ირთობდა თავს. დამბლით დაავადებული 42 წლის ყაზბეგი თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს და იქვე გარდაიცვალა.

    1893 წლის 19 დეკემბერს ალექსანდრე ყაზბეგის ცხედარი თბილისიდან ხევს წაასვენეს, ხოლო 22 დეკემბერს სოფელ სტეფანწმინდაში მიაბარეს მშობლიურ მიწას. „სიკვდილის შემდეგ კი შეინანა საზოგადოებამ, მის კუბოს მზე და მთვარეც დააყარეს, მაგრამ რაღა დროს?“ – სინანულით წერდა აკაკი წერეთელი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

Contacts Information

  • Business
    Address:თბილისი, თეატრი

Share: