შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ივანე ნიკოლოზის ძე ყაზბეგი![]()
ბიოგრაფიაივანე ყაზბეგი დაიბადა 1860 წლის 11 ივნისს სტეფანწმინდაში პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი და ხევის გამგებელი გაბრიელ ყაზბეგი. იგი გახლდათ გენერალ გიორგი ყაზბეგის ძმა. ივანემ დაამთავრა სანქტ–პეტერბურგის პირველი სამხედრო გიმნაზია, კონსტანტინეს მე–2 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. 1878 წლიდან მე–20 საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა. 1880 წელს პრაპორშჩიკი გახდა, 1882 წელს - პოდპორუჩიკი და 1985 წელს პორუჩიკი. 1892 წელს ივანე ყაზბეგმა შტაბს-კაპიტნის, ხოლო 1896 წელს კაპიტნის წოდება მიიღო. 1904 წლიდან პოდპოლკოვნიკის წოდებას ატარებდა. 1900 წლიდან ივანე ყაზბეგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი. 1904-1905 წლებში რუსეთ-იაპონიის ომში იღებდა მონაწილეობას. 1904–1912 წლებში ივანე ყაზბეგი კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადას მეთაურობდა. 1912 წელს წარჩინებული სამსახურისთვის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და ოფიცერთა საარტილერიო სკოლას ხელმძღვანელობდა. 1913 წელს კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის მეთაურის მოადგილედ მსახურობდა. 1912–1916 წლებში მეთაურობდა პირველ დივიზიონს, ხოლო 1916 წლიდან მთლიანად ბრიგადას. 1916 წელს ივანე ყაზბეგს გენერალ-მაიორის წოდება ებოძა. 1914–1918 წლებში პირველ მსოფლიო ომში იღებდა მონაწილეობას. 1918–1921 წლებში ივანე ყაზბეგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში მსახურობდა სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა ჯერ სტამბოლში, ხოლო 1922 წელს პოლონეთში, რის შემდეგაც ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად პოლონეთის ჯარში შევიდა, სადაც კონტრაქტით მსახურობდა. 1923 წელს ქალაქ რემბერტუვის კადრების მომზადების სასწავლო ცენტრში, მსმენელის რანგში, საპოლკო მეთაურთა მეოთხე კურსზე გაიარა გადამზადება, ამავე წელს, ქალაქ ტორუნში, გადამზადება გაიარა საარტილეირო კურსებზე, ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში. აუცილებელი პრაქტიკის დამთავრების შემდეგ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად მიიწვიეს, სადაც, სავარაუდოდ, 1926 წლამდე მსახურობდა. 1928 წელს ივანე ყაზბეგი რემბერტუვის სასწავლო ცენტრის შტატში ირიცხებოდა, სადაც მოგვიანებით ლექტორად მსახურობდა ქვეითთა მომზადების ხაზით. ივანე ყაზბეგმა პოლონეთის არმიაში ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიიღო. 1931 წელს, კონტრაქტის დასრულების გამო, არმიიდან დაითხოვეს. ივანე ყაზბეგი, კირილე ქუთათელაძე და ზაქარია ბაქრაძე ერთადერთნი არიან საქართველოდან, ვინც სამი სახელმწიფოს გენერალი გახდა: რუსეთის, საქართველოს და პოლონეთის. ივანე ყაზბეგი გარდაიცვალა 1943 წლის 2 დეკემბერს ვარშავაში და დაკრძალულია პოვონზკის სამხედრო სასაფლაოზე. ივანე ყაზბეგს მეუღლე, ეკატერინე ჩიჩუა ემიგრაციაში არ გაჰყოლია. იგი სამშობლოში დარჩა უმცროს შვილთან, ნიკასთან ერთად. ნიკა ყაზბეგი 1908 წლის 26 დეკემბერს დაიბადა. 1926 წელს მოეწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა 1930 წელს, როგორც ემიგრანტისა და ხალხის მტრის შვილი, იძულებული გახდა დაეტოვებინა აკადემია. 1930 წლიდან ინტენსიურად მუშაობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან თეატრში. 1951 წელს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1959 წლიდან დამდგმელ მხატვრად მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში, სადაც გააფორმა 17-მდე ფილმი, მათ შორის: „ნინო“, „ჯარისკაცის მამა“, „შეხვედრა წარსულთან“, „სამკაულები ჩემი სატრფოსათვის“, „ჩარირამა“ და სხვა. გარდაიცვალა 1983 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |