The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით სამსონის ძე კლდიაშვილი

დავით სამსონის ძე კლდიაშვილი
Date of birth:29 August, 1862
Date of death:24 April, 1931  (at 68 years)
Burial location:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პათეონი
Category:Writer, Military Person

Biography

    დავით კლდიაშვილი 1862 წლის 29 აგვისტოს (ძვ.სტ.) თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში გაღარიბებული აზნაურის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა სიმონეთსა და სოფელ ხომულში (დედულეთში) გაატარა.  წერა-კითხვა დედამ კესარია ღოღობერიძემ შეასწავლა და 7 წლის დავითი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში ენის შესასწავლად მიაბარეს. მათ სიყვარულით მიიღეს პატარა მოსწავლე და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ სწავლა შეყვარებოდა. ამის შემდეგ მამამ პატარა დავითი გიმნაზიისთვის მოსამზადებლად სამრევლო სკოლაში მიიყვანა, ხოლო 1872 წელს  ხელმოკლე სამსონ კლდიაშვილმა  9 წლის დავითი სახელმწიფო ხარჯით კიევის სამხედრო გიმნაზიაში გააგზავნა, რომელიც 1889 წელს წარჩინებით დაამთავრა და მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. 1882 წელს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბათუმში სამხედრო სამსახურში თოფ-იარაღის შემკეთებელი სახელოსნოს უფროსად გაამწესეს.   

     ბათუმში ჩასვლისთანავე დავით კლდიაშვილი სათავეში ჩაუდგა ადგილობრივ საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას, დაიწყო თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. გრიგოლ ვოლსკისთან და ივანე მესხთან ერთად მონაწილეობდა ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.

    დავით კლდიაშვილს განათლება რუსულ ენაზე ჰქონდა მიღებული და ქართული კარგად არ იცოდა. ბათუმის ქართული სკოლის ერთ-ერთ წარმოდგენაზე კლდიაშვილს როლი ერგო და იმის გამო, რომ მან ქართული ცუდად იცოდა, პოლიცმეისტერის, დურმიშხან ჟურულის მეუღლე ქეთევანი დამატებით რეპეტიციებს უწყობდა. მოგვიანებით დავით კლდიაშვილი თავის მოგონებებში წერდა: "ჩამაჯენდა სავარძელში ქეთევანი და მათქმევინებდა როლს. ერთი ათჯერ, თხუთმეტჯერ უნდა გამემეორნა ჩემი მონოლოგი; გაწვალებული ვიყავი ასეთი სწავლით, მაგრამ არანაკლები გაწვალებული იყო ჩემი მასწავლებელი, რომელიც შემომაძახებდა ხანდახან მოთმინებადაკარგული: "არ შეიძლება ასე, ყმაწვილო, უნდა ისწავლოთ ქართული, ქართველი ხართ!" მეც ძალიან მოწადინებული ვიყავი მესწავლა ჩემი ენა, მაგრამ წარმატებაში ნელი ნაბიჯით შევდიოდი".

     დავით კლდიაშვილმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბათუმში გაატარა. 1882 წელს  სოფელ კაცხში პავლე მაჭავარიანი გაიცნო, მის ოჯახს დაუახლოვდა და გარკვეული დროის შემდეგ, პავლეს ქალიშვილი მარიამი ცოლად შეირთო. პავლე მაჭავარიან მდიდარი და ხელგაშლილი ოჯახი ჰქონდა.  იმერეთის რომელი კუთხიდან არ ნახავდით აქ საქეიფოდ მოსულ აზნაურებს! ამ ოჯახში მისვლა სანაქებოდ მიაჩნდათ… მთელი ის ქარავანი ტიპაჟებისა, რომელნიც ასე ცოცხლად გადმოგვცა კლდიაშვილმა თავის შემოქმედებაში, უმეტეს შემთხვევაში, პავლეს ოჯახში იყო დანახული. გასაცნობად იმ წრისა და შესათვისებლად იმ ენისა, რომლითაც დავითის გმირები ლაპარაკობდნენ, სიმამრის სახლი მდიდარ მასალას იძლეობდა. კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა იმერეთის გაღარიბებული, ე.წ. „შემოდგომის აზნაურების“ ცხოვრების მწუხრის ასახვა იყო.

    დავით კლდიაშვილი ჯერ კიდევ სრულიად პატარა იყო, როდესაც წერა დაიწყო. წერა რომ დაუწუნეს სხვის თარგმნას მიჰყო ხელი და ნიკო ლომოურის „ალი“ რუსულად გადათარგმნა. 1885 წელს ჟურნალ „თეატრში“ დავით კლდიაშვილის პირველი მხატვრული თარგმანები დაიბეჭდა, ხოლო 1893 წელს ჟურნალ „მოამბეში“ პირველი მოთხრობა „შერისხვა“ გამოჩნდა. ამას მოჰყვა „მსხვერპლი“, „სოლომონ მორბელაძე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, ქამუშაძის გაჭირვება“, „ბაკულას ღორები“, „ირინეს ბედნიერება“, „დარისპანის გასაჭირი“ და სხვა, სადაც კლდიაშვილმა გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილე გამოხატა. მისი შემოქმედების მთავარ პათოსს უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი აზნაურის ტრაგიკულ სულისკვეთებაა...  ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებები, რომელთა ცხოვრებასაც მწერალი დიდი ჰემანიზმით გამთბარი ინტონაციებითა და იუმორით წარმოგვიდგენს.

    1905—1907 რევოლუციის შემდეგ, დავით კლდიაშვილი, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს  სამხედრო სამსახურიდან გადამდგარიყო და 1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 წელს მობილიზაციით ოსმალეთის ფრონტზე გაიწვიეს. დავით კლდიაშვილმა ბრძოლით განვლო გზა ბათუმიდან ლაზისტანამდე, სადაც პირონიტის კომენდანტად დაინიშნა. იგი   ეწინააღმდეგებოდა უაზრო სალდაფონურ ხელმძღვანელობას და უნიჭო სარდლობის გადაწყვეტილებებს. აკრიტიკებდა უშედეგო სამხედრო ოპერაციებს, იცავდა ჯარისკაცებს უსამართლო, არაადამიანური დამოკიდებულებისაგან. დავით კლდიაშვილი ლაზისტანში დაუახლოვდა ადგილობრივ მოსახლეობას, ესაუბრებოდა მათ ისტორიაზე, საქართველოზე. მისივე ინიციატივით, თბილისიდან საქველმოქმედო საზოგადოებამ ლაზებში სამუშაოდ კონსტანტინე კობახიძე გააგზავნა. ამ საქვეყნო საქმეში ცნობილი ეროვნული მოღვაწე და მკვლევარი იოსებ ყიფშიძეც ჩაერთო და ამ სამმა მამულიშვილმა იქაური ლაზების გასათვითცნობიერებლად დიდი შრომა გასწია.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ უკვე ჯანგატეხილი კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა,

    1924-1926 წლებში დაიბეჭდა კლდიაშვილის ახალი მოთხრობები „შუა ცეცხლის პირას“ და „კიმოთე მეშველიძე“, ხოლო 1925 წელს  მოგონებები: „ჩემი ცხოვრების გზაზე“ გამოქვეყნდა.

    1930 წლის ზაფხულში კლდიაშვილს სამწერლო მოღვაწეობის 40 წლისთავი გადაუხადეს და რესპუბლიკის სახალხო მწერლის წოდება მიანიჭეს. მწერალს არ სურდა იუბილეზე დასწრება. ჯერ მეუღლე შეეცადა დაყოლიებას, მერე თბილისიდან მამასთან ამ თემაზე სასაუბროდ სპეციალურად  სერგოც ჩავიდა, მაგრამ დავითს იუბილეს ვერ უხსენებდი: „არაფერი საჭიროა! – ხმამაღლა იმეორებდა, – ვის რად აინტერესებს ჩემი იუბილე! არაფერი საჭიროა, არაფერი!“ საბოლოოდ მის გადაწყვეტილებაში, იუბილეზე გამოცხადებულიყო, დიდი წვლილი მიუძღვით მის სანახავად სიმონეთში ჩასულ მწერლებს: შალვა დადიანს, სანდრო შანშიაშვილსა და შალვა აფხაიძეს.

    …ხალხით გადაჭედილ ოპერის თეატრში ჭაღარა დავითი სავარძელში იჯდა. იუბილეს გახსნისთანავე მის შემოქმედებაზე ითქვა, რომ მწერალი დაუნდობლად ამათრახებდა და დასცინოდა ხელმოკლე აზნაურთა ყოფას. დავითს ეს სიტყვები არ ესიამოვნა და სავარძელში შეწრიალდა. ბოლოს, მილოცვები რომ დასრულდა და ჯერი იუბილარზე მიდგა, დავითს ბევრი არ ულაპარაკია – მადლობა გადაუხადა ყველა დამსწრეს და ბოლოს თქვა: “ჩემს სიცოცხლეში არავისთვის დამიცინია. მე მებრალებოდა ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ გააუბედურა და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა… რასაც ვწერდი, მხოლოდ ადამიანის სიყვარული მაწერინებდა”. კლდიაშვილის შემოქმედებითი სტილისათვის დამახასიათებელი სისადავე და უბრალოება ძნელად მისაღწევია და  ამ განწყობის შექმნა მხოლოდ დიდ მწერალს შეუძლია.

    სამწუხაროდ, ეს იყო მწერლის უკანასკნელი ზეიმი. 1931 წლის 24 აპრილს დავით კლდიაშვილი სოფელ სიმონეთში გარდაიცვალა. მისი ცხედრის ჩამოსასვენებლად თბილისიდან სიმონეთში ქართველ მწერალთა დელეგაცია გაიგზავნა, რომელმაც 27 აპრილს სპეციალური ვაგონით მწერალი თბილისში წამოასვენა.

    სერგო კლდიაშვილი: „გამოვიტირეთ მამა კიბის უკანასკნელ საფეხურზე და ჩვენი აღარ იყო იმ წუთიდან, როცა სოფლის ორღობეებით ხალხმა წაიღო მისი კუბო თბილისისაკენ მიმავალ მატარებელში მოსათავსებლად. ამიერიდან მისი ჭირისუფალი საქართველო იყო.“

    დავით კლდიაშვილი თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1883-1899)

Contacts Information

  • Home
    Address:ბათუმი

Share: