The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი
Other name:ბაქარ ქართლელი  (Pseudonym)
თეიმურაზ ვაკელი  (Pseudonym)
თეიმურაზი  (Pseudonym)
მყვირალა (ქართლელი)  (Pseudonym)
Date of birth:26 April, 1814
Date of death:5 November, 1887  (at 73 years)
Burial location:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Interpreter, Publicist, Public Figure

Biography

   დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 აპრილს (ძვ. სტ.) გორის მაზრის სოფელ მერეთში ქოჩო (ივანე) ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრი ყიფიანმა წერა-კითხვა, ანგარიში და საღვთო სჯული ჯერ კიდევ მერეთში, ბავშვობის ასაკში შეისწავლა. ერთი წლის განმავლობაში დიმიტრი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, ხოლო შემდეგ კეთილშობილთა სასწავლებელში.

   1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და უკვე გიმნაზიად გადაკეთებულ სასწავლებელში პედაგოგიურმა საბჭომ, შესაბამისი გამოცდების შემდეგ, უმცროსი მასწავლებლის თანამდებობაზე მიიღო, სადაც იგი ასწავლიდა გეოგრაფიას, არითმეტიკას, ქართულ და რუსულ ენებს.

  1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864 წლამდე იყო მთავარმართებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე გახლდათ მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859–1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება–მამულის მეურვე.

   1879 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, დამაარსებელი, თავკაცი და სულის ჩამდგმელი, მისი წესდების ერთ–ერთი შემდგენელი და 1879–1882 წლებში  გამგეობის პირველი თავმჯდომარე. 

   იღწვოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის. იგი იყო "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" დაარსების ინიციატორი, მისი ხელშეწყობით დაარსდა ჟურნალი "ცისკარი".

  1864–1870 წლებში თბილისის და 1885–1886 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1876–1879 წლებში თბილისის ქალაქის თავი, სწორედ მისმა გავლენამ შეუწყო ხელი სათავადაზნაურო ბანკის და ქშწკგ საზოგადოების დაარსებას.

   ეროვნულ საკითხში დიმიტრი ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა ისტორიულ უფლებას, რომელსაც ქართველ ხალხს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი ანიჭებდა. 

  ლიტერატურული მოღვაწეობა ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", რომელიც 1896 წელსგამოქვეყნდა ჟირნალ „ცისკარში“. 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გიორგი ერისთავის „გაყრა“. დიმიტრი ყიფიანს თარგმნილი ჰქონდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვათა თხზულებები.

  1882 წელს სანქტ–პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“, რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.

  1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დასწყევლა. ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო იგი თანამდებობიდან გადააყენეს და  72 წლის მოხუცი სტავროპოლში გადაასახლეს. 

   1887 წლის 24 ოქტომბერს დიმიტრი ყიფიანი ღამით მძინარე მოკლეს. 30 ოქტომბერს, გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნდა დეპეშა მისი მკვლელობის შესახებ. გაიცა მისი საქართველოში ჩამოსვენების ნებართვა და 31 ოქტომბერს განსვენებულის ნეშტი სტავროპოლიდან თბილისში ჩამოასვენეს, რომელსაც თან მოჰყვებოდნენ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი და კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი. დაინიშნა პანაშვიდები ქაშუეთის, ანჩისხატის, მცხეთის, დუშეთის, გორისა და სტავროპოლის ეკლესიებში. შეიქმნა დამკრძალავი კომისია, რომლის ხელმძღვანელად არჩეული იქნა ვალერიან გუნია. დაკრძალვის პროცესიას უამრავი მოქალაქე დაესწრო. ცხედარს თბილიში, ვერაზე აღმართულ ჯვართან დახვდნენ. პროცესია დაიწყო აქედან, რომელსაც წინ მიუძღოდა ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე. პროცესიას განსაკუთრებულად მეთვალყურეობდა პოლიცია და მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, მიცვალებული გოლოვინის პროსპექტით წაიყვანეს და მეფისნაცვლის სასახლის წინ დემონსტრაციულად მიცვალებულის სახელზე ლოცვა გადაიხადეს, საიდანაც სოლოლაკის ქუჩით პროცესია მთაწმინდისკენ გაემართა, სადაც პირველი სიტყვა აკაკიმ წარმოსთქვა. ილია საჯარო სიტყვით არ გამოსულა. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს, მას რამდენიმე კაცისთვის უთქვამს: "რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო!"

  1914 წელს კოტე ყიფიანმა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" მამის არქივი გადასცა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე (1879-1882)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:გორის მაზრა, სოფელი ქვიშხეთი

Share: